ხშირად მეცნიერები ისეთ ასტეროიდს ამჩნევენ, რომლის ტრაექტორიაც ცხადყოფს, რომ შეიძლება მალე იგი დედამიწასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდეს. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად ასტრონომები უკეთ ხვდებიან, თუ რამდენად მაღალია ასტეროიდთან შეჯახების ალბათობა.

ცვალებადი ალბათობა

მოდი, ერთი კონკრეტული ასტეროიდის, 2024 YR4-ის, მაგალითი განვიხილოთ. მისი დიამეტრი 60 მეტრია, რაც დაახლოებით 15-სართულიანი შენობის სიმაღლის ტოლია.

ის პირველად 2025 წლის იანვარში შენიშნეს. მაშინ დედამიწასთან მისი შეჯახების ალბათობად 1%-ზე ოდნავ მეტი სახელდებოდა. ეს თითქოს ძალიან დაბალი ციფრია, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად სავალალო იქნებოდა ეს შეჯახება, აღნიშნული ალბათობაც კი ყურადსაღებია.

2024 YR4-ის მზის გარშემო მოძრაობის ილუსტრაცია, რომელიც ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოებასაც აჩვენებს.

ფოტო: HORIZONS System, JPL, NASA via Wikimedia Commons

უფრო ხანგრძლივმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ 2024 YR4-ის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა თითქმის 0-ს უტოლდება.

უნდა აღინიშნოს, რომ 18 თებერვალს მეცნიერებმა შეჯახების ალბათობად 3,1% დაასახელეს, 19 თებერვალს კი — 1,5%. ამის შემდეგ მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა: 24 თებერვალს უკვე 0,004% გახდა, ხოლო 15 ივნისს ალბათობად 0,0000081%-ზე ნაკლები დასახელდა.

ასევე იხილეთ: 2032 წელს მთვარესთან ასტეროიდის შეჯახების შანსი გაიზარდა

საინტერესოა, რომ ამის პარალელურად, მისი მთვარესთან შეჯახების შანსი გაიზარდა. 24 თებერვალს ეს მაჩვენებელი 1,7% იყო, 2 აპრილს კი — 3,8%. თუ აღნიშნული ასტეროიდი მთვარეს შეეჯახება, გამოფრქვეული მატერია, შესაძლოა, დედამიწაზეც ჩამოცვივდეს. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი პლანეტის ატმოსფეროში შემოჭრისთანავე დაიწვება.

შეჯახების ალბათობის გამოთვლა

მოახლოებული სხეულის დედამიწასთან შეჯახების ალბათობას სპეციალური ტექნიკით — ასტრომეტრიით — ადგენენ. ამ გზით ისინი ასტეროიდის ორბიტას საზღვრავენ. თავისთავად, ამისთვის მეცნიერებს დიდხნიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემები სჭირდებათ.

ასტეროიდის ან სხვა სხეულის ორბიტის გამოვლენის შემდეგ მკვლევრები მას დედამიწის ტრაექტორიას ადარებენ. თუ ისინი ერთხელ მაინც გადაიკვეთება, სავარაუდოდ, ასტეროიდი პლანეტას შეეჯახება. სხეულის ორბიტის გამოთვლისას ნებისმიერი განუსაზღვრელობა პროგნოზში გარკვეულ ვარიაციებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ერთი ზუსტი ორბიტის ნაცვლად, მეცნიერები გამოთვლების შედეგად ხშირად შესაძლო ორბიტათა "ღრუბელს" იღებენ. ამ ადგილების შემომსაზღვრელ ელიფსურ სივრცეს "შეცდომათა ელიფსი" ეწოდება.

საკმარისი მონაცემების გარეშე ორბიტის განუსაზღვრელობა მაღალია, ამიტომ ელიფსი დიდია. ამ შემთხვევაში იზრდება იმის ალბათობა, რომ ამ ელიფსში დედამიწაც შედის. შესაბამისად, თუ საბოლოოდ ასტეროიდი დედამიწას არ შეეჯახება, მისი შეცდომათა ელიფსი დედამიწას შეიძლება მაინც მოიცავდეს — ამ დროისთვის ხომ მეცნიერებს ამის გასაგებად საკმარისი მონაცემები არ ჰქონიათ.

განუსაზღვრელობის შემცირებასთან ერთად ელიფსიც ვიწროვდება, საკმარისად შევიწროების შემთხვევაში კი მასში შეიძლება დედამიწა აღარ შედიოდეს. 2024 YR4-ის შემთხვევაშიც სწორედ ეს მოხდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.