არსებული ინფორმაციით, OpenAI აგვისტოში GPT-5 მოდელის გამოშვებას აპირებს — რა ვიცით
ფოტო: Nathan Laine / Bloomberg / Getty Images
მძლავრი AI მოდელის, GPT-5-ის, გამოსვლამდე შეიძლება სულ ცოტა დრო იყოს დარჩენილი. The Verge-ის უწყებით, OpenAI ენობრივ მოდელს აგვისტოში გამოუშვებს. ეს უკვე არაერთხელ გადაიდო, ChatGPT-ს აქტიური მომხმარებლები კი ამ მოვლენას დიდხანს ელოდნენ.
GPT-5-ის გამოშვებაზე OpenAI მინიშნებებს 2023 წლიდან იძლევა, თუმცა მისი შექმნა, პრობლემური აღმოჩნდა. უწყებების მიხედვით, პროცესი უაღრესად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, პარალელურად კი არაერთი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა.
გამოშვების დროზე სემ ალტმანი, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი, დეტალურად არ საუბრობს. აპრილში, როცა ეს კიდევ ერთხელ გადაიდო, ალტმანმა დაწერა, რომ მოდელს "რამდენიმე თვეში" გამოუშვებდნენ. გასულ კვირაში უკვე თქვა, რომ მოდელი "მალე" გამოვა.
როგორც ჩანს, "მალე" უკვე დგება. The Verge-ის ცნობით, ზოგიერთმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ GPT-5 უკვე იტესტება. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მოდელის გამოშვებამდე დეველოპერები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ.
ალტმანი ფიქრობს, რომ GPT-5 ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. AGI ისეთი სისტემაა, რომელიც ადამიანის ინტელექტს გაუტოლდება ან გადააჭარბებს და არაერთი ამოცანის შესრულებას შეძლებს. ამის მიღწევა ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ასევე იხილეთ: რა არის ხელოვნური ზოგადი ინტელექტი და რისი შეცვლა შეუძლია მას
GPT-5, ჩანაფიქრის მიხედვით, OpenAI-ს სხვადასხვა მოდელის უნარებსა და სპეციალიზაციებს გააერთიანებს. ამჟამად "აზროვნების" უნარის მქონე მოდელები (მაგ: o3) განცალკევებულია ზოგად ამოცანებზე გათვლილი მოდელებისგან (მაგ: GPT-4.1), რომელთაც მსგავსი შესაძლებლობები არა აქვს.
ცოტა ხნის წინ ალტმანმა განაცხადა, რომ კომპანიამ ექსპერიმენტული მოდელით "ოქროს მედლის დონის" შედეგს მიაღწია მათემატიკაში. მისი თქმით, ეს ზოგად მიზნებზე გათვლილი სააზროვნო სისტემით მოახერხეს. გაგვაფრთხილა იმაზეც, რომ მსგავს შესაძლებლობებს GPT-5-ისგან არ უნდა ველოდოთ.
ალტმანმა მოდელის მნიშვნელობას მკაფიოდ გაუსვა ხაზი:
"ეს ენობრივი მოდელია, რომელიც მათემატიკურ მოქმედებებს ასრულებს, და არა სპეციალური მათემატიკური სისტემა. ეს ჩვენი მთავარი მიზნის ნაწილია, რომ ზოგად ინტელექტამდე მივიდეთ" — დაწერა მან X-ზე.
კომენტარები