ასტრონომებმა პროტოვარსკვლავ V883 ორიონისის გარშემო 17 სხვადასხვა რთული ორგანული მოლეკულა აღმოაჩინეს. იქ მათ პირველად მიაგნეს ეთილენგლიკოლსა და გლიკონიტრილს, რომლებიც სიცოცხლის საშენი მასალის "წინამორბედებად" მიიჩნევა — მაგალითად, ამინომჟავების, ასევე დნმ-სა და რნმ-ში არსებული ადენინის (აზოტოვანი ფუძე).

რთული ორგანული მოლეკულები რამდენიმე განსხვავებულ კოსმოსურ გარემოშია მიკვლეული. ერთ-ერთია უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლები, რომლებშიც ახალი ვარსკვლავები ფორმირდება. ეს საკმაოდ ენერგიული პროცესია, ამიტომ მსჯელობის საგანია, რამდენად შეიძლება გადაურჩეს მას ასეთი ორგანული მატერია.

ამის გასაგებად მეცნიერები 66 ტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრით ALMA პროტოვარსკვლავს დააკვირდნენ. მათ მოლეკულები V883 ორიონისის გარშემო არსებულ მტვერ-აირის დისკოში აღმოაჩინეს, რომელშიც პლანეტების წარმოქმნაა შესაძლებელი. გუნდი გეგმავს, რომ უფრო მაღალი გარჩევადობის მონაცემები მოიპოვოს და სხვა რთული ორგანული მოლეკულებიც დააფიქსიროს.

"ასეთ გარემოში ამ მოლეკულების აღმოჩენა ამაღელვებელია, რადგან ეს ვარსკვლავი ფორმირების ბოლო ეტაპზეა, სანამ პლანეტების წარმოქმნა დაიწყება", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, უკანასკნელი მიგნება ნიშნავს, რომ, შესაძლებელია, ამგვარი ორგანული მატერია პლანეტებშიც ინტეგრირდეს და ისინი სიცოცხლისთვის საჭირო საშენი მასალით მოამარაგოს.

რაც შეეხება V883 ორიონისს, ის მხოლოდ 50 000 წლისაა და მზის მასის დაახლოებით 1/3 აქვს. მისი და სხვა მსგავსი ვარსკვლავების პროტოპლანეტური დისკოების შესწავლით შეგვიძლია, რომ სიცოცხლის საწყისების შესახებ მეტი გავიგოთ. არაა გამორიცხული, ამით პასუხი გავცეთ იმ კითხვასაც, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე.

სამი ახალი ნაშრომი გამოცემებში The Astrophysical Journal Letters, The Astronomical Journal და The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტე ქნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.