აღმოაჩინეს სუპერდედამიწა, რომელიც ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია
ფოტო: Benoit Gougeon, Université de Montréal
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 35 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში სუპერდედამიწა აღმოაჩინეს. ეს L 98-59-ად წოდებული წითელი ჯუჯის (მნათობის ტიპი) კომპაქტურ სისტემაში მიკვლეული მეხუტე კლდოვანი პლანეტაა.
ახალ ობიექტს L 98-59 f ეწოდება და ის დედამიწაზე მინიმუმ 2.8-ჯერ მასიურია. ის თითქმის იდეალურად წრიულ ორბიტაზე გადაადგილდება და ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას 23 დღეს ანდომებს. იგი მისგან იმდენივე ენერგიას იღებს, რამდენსაც ჩვენ — მზისგან. შესაბამისად, ეს ეგზოპლანეტა სიცოცხლისთვის თავსებად რეგიონშია, ანუ იქ, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობა შესაძლებელია.
მეცნიერებმა L 98-59 f ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ორი სპექტროგრაფით გააანალიზეს: HARP-ითა და ESPRESSO-თი. ის ჩვენი პერსპექტივიდან საკუთარი ვარსკვლავის დისკოს ფონზე არ მოძრაობს, ამიტომ წითელი ჯუჯის სინათლის ერთგვარ რხევაზე დაკვირვების გზით დააფიქსირეს (რაც მის გრავიტაციულ გავლენას უკავშირდება).
ეს მონაცემები TESS-ისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან შეაჯერეს. შედეგად, მათ ახალი სუპერდედამიწის ზომა, მასა და ხუთივე ეგზოპლანეტის მნიშვნელოვანი მახასიათებლები გამოავლინეს.
მაგალითად, დადგინდა, რომ ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარე L 98-59 b-ს დედამიწის ზომის მხოლოდ 84% და მისი მასის ნახევარი აქვს. ეს ამ ეგზოპლანეტას ერთ-ერთ ყველაზე პატარა მსგავს ობიექტად აქცევს. შესაძლებელია, რომ მასზე და მის მეზობელ L 98-59 c-ზე გრავიტაციული ძალები ვულკანურ აქტიურობას იწვევდეს. მესამე პლანეტა უჩვეულოდ დაბალი სიმკვრივისაა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის წყლით მდიდარი ციური სხეულია, რომლის მსგავსიც ჩვენს სისტემაში არაა.
ეს მრავალფეროვნება იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პლანეტარული სისტემების ფორმირება და ევოლუცია შევისწავლოთ. L 98-59 f ჩვენთან საკმაოდ ახლოსაა, ამიტომ ატმოსფერული დაკვირვებებისთვის ხელსაყრელია. თუ მას ასეთი აირადი გარსი მართლაც აქვს, იქ წყლის ორთქლი ან ნახშირორჟანგი შეგვიძლია დავაფიქსიროთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Earth and Planetary Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები