როგორ დავიწყეთ 2020
2020 წელი სულ 10 დღეა რაც დაიწყო, თუმცა საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოსთვის საახალწლო სუფრაზე მრავალგზის ნადღეგრძელები მშვიდობით — არა. პირიქით, სიტუაცია ყველგან იმაზე მეტად დაიძაბა, ვიდრე 2019 წელს იყო.
თუ საახალწლო ორომტრიალის გამო ყველაფერი გამოგრჩათ, იმისთვის, რომ მთელი წელი გაოგნებული არ იყოთ და მალევე გაიაზროთ რა გველოდება წინ, გთავაზობთ 2020 წლის პირველი 10 დღის 10 მთავარ მოვლენას.
არატრენდული ბატუტი შვილმოკლული მამის წინააღმდეგ
2019 წლის 31 დეკემბერს, გვიან ღამით თბილსერვის ჯგუფმა პარლამენტის წინ განლაგებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკის აშლა დაიწყო და ტერიტორია მორეცხა. ამის მიზეზი ქალაქის მერიის გადაწყვეტილება გახდა, სადაც მიაჩნდათ, რომ საახალწლოდ მორთულ ქალაქს შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი არ უხდება და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ ბატუტი და ატრაქციონები უფრო შესაფერისი იქნებოდა.
დაპირისპირებისა და აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, გვიან ღამით ზვიგენის ბატუტი გაიშალა, რომელსაც პოლიცია მიუჩინეს სპეციალურ დაცვად. მაგრამ, როგორც ჩანს, დღის შუქზე მერმა აღმოაჩინა, რომ პირღია ზვიგენი და საკანონმდებლო ორგანო ტრენდულად არ გამოიყურებოდა, ამიტომ ბატუტი ჩაფუშეს და მის ნაცვლად ატრაქციონები განათავსეს, რომელსაც ისევ პოლიცია მიუჩინეს დაცვად.
სანამ სამთავრობო გუნდში პროტესტს ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ არ მისცემდნენ უფლებას გრინჩივით მოეპარათ ბავშვებისთვის ახალი წელი, აქტივისტები და პოლიტიკოსები ახალი წლის ღამეს ქუჩაში გამოვიდნენ. იმის ნაცვლად, რომ რუსთველზე საახალწლო გარემო ყოფილიყო, ათეულობით პოლიციელი მწყობრში იდგა და რკინის ჯებირებით შემოსაზღვრულ სათამაშოებს იცავდა, სადაც ბავშვები არ მისულან. მაჩალიკაშვილი და მისი მხარდამჭერები კი, რომლებმაც მთელი წელი პროტესტში გაატარეს, 2020 წელსაც პარლამენტის წინ შეხვდნენ, ისევ პოლიციის კორდონს მიღმა.
შვილმოკლულმა მამამ მშობლებს სთხოვა, რომ საახალწლო დღეებში ბავშვები არ მიეყვანათ სათამაშოდ იქ, საიდანაც მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა. ორიოდე დღე ასეც იყო. სიტუაცია დაიძაბა, როცა 2 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე საშობაო სოფელში მყოფ გარემოვაჭრეებს მერიამ ტერიტორიის დატოვება და პარლამენტთან გადასვლა მოსთხოვა, მათ კი უარი თქვეს "ფული ეკეთებინათ იქ, სადაც შვილმკვდარი მამა ტირის".
წინააღმდეგობების მიუხედავად, მერიამ მაინც გაიმარჯვა. პარლამენტის წინ დახლებიც შეივსო და ატრაქციონებიც ამუშავდა. ადგილი, საიდანაც მთელი წელი ადამიანის უფლებების ხელყოფას აპროტესტებდნენ, ახლა გასართობ ცენტრად იქცა.
არც წყალი, არც სითბო, არც თოვლი — "ვაფშე რას ჩამოვდიოდი"
სანამ დედაქალაქში ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით "ახალ წელს იპარავდნენ", საახალწლო განწყობა გაუფუჭდათ საქართველოს ზამთრის კურორტის სტუმრებსაც. ოღონდ მიზეზი გასაბერი ზვიგენი კი არა უწყლობა, უშუქობა და უთოვლობა გახდა.
საახალწლო დღეებში ბაკურიანსა და გუდაურს წყალი შეზღუდვით მიეწოდებოდა. ბაკურიანში უწყლობამ გამოიწვია ისიც, რომ საოჯახო სასტუმროების დიდი ნაწილი, რომლებსაც ცენტრალური გათბობა ჰქონდათ დაყენებული გათბობის გარეშე დარჩნენ. დამსვენებლები დენის გამათბობელზე გადავიდნენ, ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო კი რამდენიმე ადგილას ახალი წლის საღამოს შუქიც გაითიშა.
როცა მაღაზიებში წყალი ილეოდა, ტურისტები ბორჯომითა და ნაბეღლავით ან სახანძრო მანქანების მიერ მომარაგებული წყლით ბანაობდნენ. გაუმართავ ინფრასტრუქტურას უთოვლობაც დაემატა და იმედგაცრუებული სტუმრების დიდმა ნაწილმა კურორტი დატოვა.
სანამ ქვეყნის ორ მთავარ კურორტს დამსვენებლები აკლდებოდა, სამთავრობო გუნდი სიტუაციის ასახსნელად სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. ბორჯომის მერს მიაჩნდა, რომ წყლის დეფიციტი ტურისტების სიმრავლემ გამოიწვია, ინფრასტრუქტურის მინისტრი კი პრობლემას უნალექო შემოდგომაში ხედავდა. ბოლოს მთავრობას მოუწია ეღიარებინა, რომ ზამთრის სეზონს მოუმზადებელი შეხვდა და პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა.
მესამე მსოფლიო ომი არ იქნება
2020 წლის პირველ დღეებში სოციალურ ქსელებში საახალწლო თემები მესამე მსოფლიო ომის კონსპირაციულმა თეორიებმა დაჯაბნა მას შემდეგ, რაც ერაყში აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს, ორიოდ დღეში კი აშშ-მ სარაკეტო თავდასხმით გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკას სასტიკი შურისძიებით დაემუქრა და იმის შიშიც გაჩნდა, რომ მესამე მსოფლიო ომში ჩაგვითრევდნენ.
ფოტო: Iran Press
ფოტო: ABEDIN TAHERKENAREH / REX
საქართველოში გაჩენილ შიშებს არ აუტანია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც შურისძიების შემთხვევაში ირანს "ახალთახალი" და "ულამაზესი" ტექნიკით 52 ობიექტის დაბომბვით ემუქრებოდა.
ორმხრივი მუქარების ფონზე 7 იანვარს ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა დაიწყეს, თუმცა იმის გამო, რომ ჭყლეტაში 40 ადამიანი დაიღუპა, ვერ დაასრულეს და გადადეს. ამავე დღეს ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები და პენტაგონი ტერორისტებად გამოაცხადა, მეორე დღეს კი ერაყში განლაგებული ამერიკული ბაზები 22 ბალისტიკური რაკეტით დაბომბა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო და ოპერაციას "წმინდა სოლეიმანი" უწოდა". სწორედ ამის შემდეგ დაკრძალეს გენერალი.
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯორჯ მარტინის მიერ დაანონსებული "გრძელი ღამე" Game Of Thrones-ის პროდიუსერებმა ვერა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ნამდვილად კარგად დადგა. დაბობმვის შემდეგ მან დატვიტა, რომ მომხდარზე ინფორმირებული იყო და მის პასუხს დილას გავიგებდით. სანამ ამერიკაში თენდებოდა, საქართველოში იმ 52 ობიექტის სახელს განიხილავდნენ, რომელსაც აშშ დაარტყამდა.
თუმცა, დილას ტრამპმა გვამცნო, რომ ომი არ იქნება და ირანის "სასჯელად" გამკაცრებულ სანქციებს მიიღებს. მიმართვაში ამერიკის პრეზიდენტმა თავისთვის ქება და ირანისთვის გაფრთხილებები არ დაიშურა და მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდა ირანს უარი ათქმევინონ ბირთვულ იარაღზე.
ირანის პრეზიდენტმა ტრამპს პასუხად განუცხადა, რომ როგორც არ უნდა სცადოს მუქარა, "თუ დანაშაულს ჩაიდენენ, ისევ უპასუხებენ". მანვე მოუწოდა ამერიკას შეწყვიტოს ირანის დადანაშაულება მსოფლიოს პრობლემების გამო.
მორწმუნენო, მორწმუნენო
სანამ ერაყსა და ირანში დაძაბულობა იყო, როგორც ჩანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავის შეხენება მოუნდა და გადაწყვიტა მოულოდნელად მეზობელ ქვეყანას სირიას წვეოდა. ამ ვიზიტზე მანამდე არაფერი იყო ცნობილი.
სირიაში ჩასულმა პუტინმა რუსული ჯარები მოინახულა და ბაშარ ასადს შეხვდა, რომლისგანაც გულითადი მადლობები ისმინა მხარდაჭერისთვის. მოგვიანებით კი "მეგობრები" დამასკოში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ და სანთლები დაანთეს.
ავიაკატასტროფა ირანში
ირანის მიერ ამერიკული ბაზების დაბომბვა ორივე ქვეყნისთვის უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა იმავე საღამოს ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას 177 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავმა კატასტროფა დაბომბვიდან მოკლე დროში განიცადა, ამიტომ გაჩნდა არაერთი კითხვა ირანის ბრალეულობასა და ტერორისტულ აქტზე.
უკრაინული ავიახაზების ბოინგი 737, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, აფრენიდან 2 წუთში რადარებიდან გაქრა და როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ჩამოვარდნამდე გაუჩნდა ცეცხლი.
მომხდარიდან მალევე უკრაინის საელჩომ ირანში განაცხადა, რომ ავიაკატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო და თავდასხმას გამორიცხავდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ შემთხვევის ადგილას რუსული წარმოების რაკეტის ნარჩენები ნახეს.
ამას დაემატა ისიც, რომ ირანმა უარი თქვა უკრაინის ხელისუფლებისთვის ან ბოინგის მწარმოებელი ამერიკული კომპანიისთვის შავი ყუთის გადაცემაზე. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარის სხვადასხვა ვერსიის განხილვა დაიწყო, მათ შორის თვითმფრინავის ჩამოგდებისა და ბორტზე ტერაქტის.
მომხდარიდან ერთ კვირაში საერთაშორისო მედია სხვადსხვა წყაროებზე დაყრდნობით იმაზე ალაპარაკდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა შეცდომით ჩამოაგდო. მათი ინფორმაციით, აშშ-ის თანამგზავრებმა ორი სარაკეტო გასროლა დააფიქსირეს იმ დროს, როცა თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ეჭვები გაამტკიცა The New-York Times-ის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ. გამოცემა ირწმუნება, რომ ვიდეო გადაღებულია თეირანთან ახლოს, სადაც უკრაინულმა ავიალაინერმა ჩამოვარდნამდე სიგნალის მიწოდება შეწყვიტა. მათი თქმით, ამ კადრებში ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ თვითმფრინავს ირანული რაკეტა.
რა მოხდა სინამდვილეში ირანეულმა და ამერიკულმა საგამოძიებო უწყებებმა ერთად უნდა დაადგინონ. უკრაინამ თეირანში 12 საგამოძიებო უწყების 45 წარმომადგენელი გაგზავნა.
24 წლის კაცი მკვლელობა
2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე 24 წლის კაცი მოკლეს. ოჯახის განცხადებით, გარდაცვლილი ნაწამები, შიშველი იპოვეს ღია ცის ქვეშ.
პროკურატურის ვერსიით, სასაფლაოზე 4 პირი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ორმა სხვისი პირადი ავტომობილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება სცადა. უწყებაში ამბობენ, რომ ავტომობილის პატრონმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა განყოფილების უფროსი იყო და მისმა თანმხლებმა პირმა "შეჩერებისას" მათ სცემეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. ორივე მათგანი დაკავებულია და ბრალდებულია ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ოპოზიცია მომხდარს სისტემურ დანაშაულად აფასებს, არასამთავრობო სექტორი კი ფიქრობს, რომ ეს საქმე პროკურატურის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს. რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ არ შეიძლება ეს კონკრეტული დანაშაული სისტემურ ხარვეზად განიხილებოდეს. მანვე აღნიშნა, რომ უწყებები სტატისტიკას აწარმოებენ და "მადლობა ღმერთს მძიმე დანაშაულებები შემცირებულია".
პატიმრობაში "ხალხის გამო"
საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს
მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა თითქმის ოთხთვიანი მორატორიუმი დაასრულა და 5 პირი შეიწყალა. თუმცა, თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ გისოსებს მიღმა დარჩა, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვიტა საპატრიარქოს მიმართვის გათვალისწინების ნაცვლად, "ხალხის აზრისთვის ეცა პატივი". ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ასე "საზოგადოებაში რაიმე ახალი დაპირისპირების" დაწყება აირიდა. თუმცა, ვერც ის დამალა, რომ გადაწყვეტილება პატრიარქისადმი მის პირად გრძნობებს ეფუძნება.
პრეზიდენტმა, რომელიც არშეწყალების გადაწყვეტილების მიღებამდე წესით მამალაძის საქმეს უნდა გაცნობოდა, განაცხადა, რომ "პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას". ამ ფრაზით მან ირიბად დაადანაშაულა დეკანოზი ილია მეორის მკვლელობის მცდელობაში, მაშინ, როცა ოფიციალურად მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ უარის დასაბუთება "ამოვარდნილია" შეწყალების კონცეფციიდან და შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს. საპატრიარქო კი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ დეკანოზის გათავისუფლება ერჩივნათ მის პატიმრობას, რადგან ამით მათ წინააღდეგ დაწყებული პერფორმანსი დასრულდებოდა.
"რუსული პოლიტიკის გამო" ჩამოშორებული კონსორციუმი
რამდენიმეთვიანი დავისა და "ორკესტრირებულ შეტევაზე" ბრალდებების შემდეგ მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება მაინც გაწყვიტა. ამის მიზეზად კი ნაკისრი ვალდებულებების "კიდევ ერთხელ ვერშესრულება" დაასახელა. კონსორციუმის დირექტორმა განაცხადა, რომ მთავრობისგან "სულ მცირე დათმობები" სჭირდებოდათ, რაც ვერ მიიღეს და ახლა საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ დავას.
სანამ მთავრობა და კონსორციუმი ერთმანეთს აბრალებდნენ მომხდარს, ყურადღება მიიქცია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებამ. რომან კაკულიამ მთავრობის გადაწყეტილება "რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით" ახსნა, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. ევროპული საქართველოს ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ ლოგიკით მთავრობამ ნატოსთან ინტეგრაციაზეც უნდა თქვას უარი, რადგან რუსეთს არც ეს სურს.
რუსულ ინტერესებზე საუბრისას გაჩნდა კითხვა, არის თუ არა მომავალში პორტის მშენებლობის საკითხზე რუსულ კომპანიასთან პარტნიორობის შანსი. ამის პასუხად ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია დასავლური პარტნიორის ყოლა და ვინაიდან პორტს ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების განზომილებაც აქვს, გამორიცხულია ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან.
დე ფაქტო ჯანყი
ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის აღიარებით რუსული ინტერესებით იმართება, დე ფაქტო პრეზიდენტს დე ფაქტო ოპოზიციამ გამოუცხადა ბრძოლა. პროტესტის მიზეზიც, რა თქმა უნდა, დე ფაქტოა. კერძოდ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება.
დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ალხას კვიციანი ამტკიცებს, რომ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები გააყალბა და გამარჯვება მას ეკუთვნის. ამიტომ, მხარდამჭერებთან ერთად ის ქუჩაში გამოვიდა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაესხა თავს.
მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა ფანჯრები და ხაჯიმბას კაბინეტი დალეწეს და სავარაუდოდ, საცავიდან იარაღიც გაიტანეს, დე ფაქტო პარლამენტმა იმსჯელა და მიიღო დე ფაქტო დადგენილება, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
აფხაზეთში მიმდინარე დე ფაქტო ჯანყს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. რა თქმა უნდა, არც ოკუპანტი ქვეყანა ჩამორჩა მოვლენებს და განაცხადა, რომ თავის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები "ქვეყნის შიდა საქმეა". თავად დე ფაქტო მთავრობას კი ყველაზე მეტად ის ადარდებს, რომ მიმდინარე მოვლენები მათ არარსებულ "საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს".
მილიარდობით დაღუპული და ათასობით მოკლული ცხოველი
ბოლო რამდენიმე თვეა ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც მილიარდზე მეტი ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი სახეობები იმსხვერპლა და 6 მილიონი ჰექტარი გაანადგურა.
ამის მიუხედავად, ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10 000-მდე აქლემი მოკლან, რადგან გვალვით დაზიანებულ რეგიონში ისინი წყალს ეძებენ და მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქლემები ამტვრევენ ღობეებს, ცდილობენ სახლში შესვლას და წყალს კონდინციონერების წყლის მილებიდანაც სვამენ.
ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეების გარდა ჩართულია რამდენიმე ათასი მოხალისეც, ისევე, როგორც სამხედროები. დაზარალებული ჩანთოსანი ცხოველების დასახმარებლად მოხალისეები სპეციალურ ჩანთებს კერავენ, რომელშიც დაობლებულ პატარა კენგურუებსა და კოალებს ათავსებენ.
ხანძრები ძირითადად გვალვისა და ძლიერი სიცხის გამო იყო გამოწვეული, თუმცა ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენის გამო 2020 წელს პოლიციამ 24 პირს ბრალი წაუყენა. პოლიციის ინფორმაციით, მათმა ნაწილმა ცეცხლი ანთებული სიგარეტის ან ასანთის გადადგებით გააჩინა.
კომენტარები