"სომხეთი წინ მიიწევს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ და აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში, სადაც სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხი განიხილება.
არ არის შემთხვევითი, რომ 2020 წლის ომის შემდეგ სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობების დალაგება დაიწყო. ომიდან ერთი წლის შემდეგ სომხეთისა და თურქეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 2023 წლის თებერვალში, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სომხეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მალევე სომხეთმა აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ღაზას საკითხზე დაიძაბა.
ფაშინიანი თურქეთში შეხვდა ერდოღანს. პარალელურად შიდა საზოგადოებრივ დონეზე ფაშინიანმა დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ სომხური საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს ისტორიული სომხეთის მითისგან. მან თავად თქვა, რომ არარატს სიმბოლურად უნდა ჩაენაცვლოს არაგაწის მთა, რომელიც დღეს სომხეთის ტერიტორიის ნაწილია.
ამ პერიოდში აზერბაიჯანის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობების ნეიტრალიზება თურქეთმა მოახერხა და ამით დასავლეთს აჩვენა, ამ კონფლიქტში საკუთარი როლი. მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის გარანტორად დარჩენა, და ამავდროულად დაინტერესებულია, სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით შექმნას სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც თურქეთს შუა აზიასთან დააკავშირებს.
ამ პროექტით დაინტერესებულია ევროკავშირიც, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა დერეფნის მოდელი, რომლის მართვაც სანდო საერთაშორისო კომპანიას ჩაბარდება. ანალოგიურად იმ შეთავაზებისა, რომელიც თავის დროზე საქართველოსთვის გააკეთეს და ჩვენ არ მივიღეთ.
საინტერესოა, რომ ამჟამად ამ იდეას აშშ იყენებს და ფასილიტაციის შეთავაზებას ცდილობს მხარეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს ჯერ კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, მხარეები მოლაპარაკებების პროგრესს აღიარებენ [მოლაპარაკების ძირითადი სირთულეები უკავშირდება სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებასა და ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხს].
ანუ ცხადად იკვეთება, რომ რეგიონში იზრდება თურქეთის როლი როგორც პოლიტიკური სტაბილიზაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესებში. ამავე დროს, რუსეთისა და ირანის გავლენა მკვეთრად მცირდება. ამერიკა და ევროპა თურქეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, აღიარებენ რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლად და ამ როლში მას უჭერენ მხარს.
ამ მსჯელობის გათვალისწინებით, ხომ ძალიან აშკარაა, რომ ქართული ოცნება მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავს [ამ წინადადებას როგორც წესი დადებითი კონოტაცია აქვს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში], დამარცხებულ ძალებს ირანს და რუსეთს უჭერს მხარს და საბოლოოდ, შეიძლება საკმაოდ დაზიანდეს ამ პროცესში [ალიევთან მეგობრობა მათ ან გადაარჩენს, ან არა].
რომ არაფერი ვთქვათ, ამერიკის პოლიტიკაში ანტირუსული ნაბიჯების გააქტიურებაზე, მეგობარი აქტის მიღების პროცესის დასრულების მაღალ შანსებზე უახლოეს პერიოდში და ბრიტანეთისა და სხვა ძლიერი დემოკრატიების მიერ ქართული ოცნების სანქცირების არნახულ მუქარებზე.
მოკლედ, ერთი შეხედვით საგარეო პოლიტიკური ფაქტორები იცვლება და ის ნამდვილად არ იცვლება ქართული ოცნების და მისი (გეო)პოლიტიკური კალკულაციების სასარგებლოდ.
დაველოდოთ მოვლენებს..."
კომენტარები