პროტესტი "თავისუფლების მოთხოვნით" და ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა — რა ხდებოდა ამ კვირაში
10 მაისის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 4 155 288;
- გარდაცვლილი — 282 780;
- გამოჯანმრთელებული — 1 467 115.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 635;
- გამოჯანმრთელებული — 309;
- გარდაცვლილი — 10;
- კარანტინის რეჟიმში — 4896;
- სტაციონარში — 44;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
კვირის ფაქტი
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დაფიქსირებული — 1 356 179. ასევე, აშშ-შია ყველაზე მეტი გარდაცვლილიც — 80 397. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, აშშ-ს შემდეგ ესპანეთსა და იტალიას აქვს. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ამ ეტაპზე რუსეთშია, სადაც დღიურად 10-11 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
COVID-19-ით უკვე 280 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მილიონ 400 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
კვირის ფოტო: ბაბუა და შვილიშვილი იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების შედეგ
დომენიკა დი მასა 2 თვის განმავლობაში პირველად ეთამაშება შვილიშვილს მას შემდეგ, რაც იტალიამ შეზღუდვების შერბილება დაიწყო.
კვირის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
გაირკვა, რომ საფრანგეთში COVID-19 პაციენტს ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდა
მართალია, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მსოფლიო მას ერთად ებრძვის, მაგრამ ის პოლიტიკური დაპირისპირებისა და ბრალდებების საგანიც გახდა. იანვრის შემდეგ, არაერთი სპეკულაცია გავრცელდა იმაზე, რომ ჩინეთი მონაცემებს მალავდა და ვირუსი არა დეკემბრის ბოლოს, არამედ მანამდე გავრცელდა. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მოქალაქეთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ Covid-19 ჯერ კიდევ იქამდე მოიხადა, სანამ ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდებოდა და პანდემია გამოცხადდებოდა. თავდაპირველად, ეს შიშით გამოწვეულ ილუზიად აღიქვეს, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა.
ფრანგული საავადმყოფოს გუნდმა, რომელიც ფილტვების ანთების მქონე პაციენტების ძველ მასალებს ამოწმებდა, გამოავლინა, რომ 27 დეკემბერს საფრანგეთში მცხოვრებ ადამიანს უკვე ჰქონდა ახალი კორონავირუსი.
კორონავირუსი პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებში PCR-ის ტესტით იპოვეს. ექიმების თქმით, კორონავირუსით პირველი ინფიცირების გამოვლენა ვირუსის გავრცელებას მეტ ნათელს მოჰფენს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ 27 დეკემბერს დაფიქსირებული შემთხვევა საფრანგეთში პირველი არ ყოფილა.
რა ხდება მსოფლიოში
სანამ მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობაზე არკვევდა ინფორმაციას და მის შესაძლო შემცვლელს განიხილავდა, მკითხველებს ყურადღების მიღმა დარჩათ, როგორ იზრდებოდა მღელვარება მსოფლიოში კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების გამო.
სამსახურის გარეშე დარჩენილი ასეულობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, ნიგერიაში საპროტესტო აქციებს მართავდა, შეზღუდვების მოხსნასა და "თავისუფლების დაბრუნებას" ითხოვდა. მაგალითად, აშშ-ში, მიჩიგანში, კაპიტოლიუმში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
განხილვის საგანი გახდა პანდემიის დროს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა და ხალხმრავალი შეკრებები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილსა და რუსეთში. მაგალითად, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმის გაუქმება არ შეეძლო და ჩაატარა კიდეც.
"ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა ღონისძიების ჩატარებისთვის, ნუ ჩქარობთ ჩვენს განსჯას, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გქონდა და რომ გვქონოდა, მაინც ასე მოვიქცეოდით. წელს მინსკში გამართული სამხედრო მარში იყოს ერთადერთი პოსტსაბჭოთა კავშირში, მთელი საბჭოთა გამარჯვების სიმბოლო გახდეს", — განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.
სხვა სიახლეები:
- მსოფლიო ლიდერებმა, კორონავირუსთან საბრძოლველად, $8 მილიარდი გაიღეს
- ტრამპს მიაჩნია, რომ კორონავირუსი პერლ-ჰარბორის თავდასხმასა და 11 სექტემბრის ტერაქტზე უარესია
- შეუძლებელია ერთი წელი ჩაკეტილი ცხოვრება — ნიკოლ პაშინიანი
- თეთრ სახლში, ტრამპთან მომუშავე კამერდინერს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ნიუ-იორკის მეტროში კორონავირუსის გასანადგურებლად ულტრაიისფერ ნათურებს გამოიყენებენ
- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ენტონი ფაუჩი, CDC-სა და FDA-ს ხელმძღვანელები კარანტინში არიან
- საბერძნეთი გეგმავს, რომ ტურისტები პირველი ივლისიდან მიიღოს
- კორონავირუსის გამო გერმანიაში რეივი მანქანებით მოაწყეს
- ვირუსის გავრცელების შემდეგ პირველად, ახალ ზელანდიაში ახალი შემთხვევები აღარ არის
- ბრიტანელი ეპიდემიოლოგი, რომელმაც კარანტინი პარტნიორის სანახავად დაარღვია, გადადგა
მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლეები
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა არაერთი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმაზე, რომ დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება. ინფორმაცია ჰაერისა და წყლების გაწმენდის შესახებ ნაწილობრივ მართალი იყო, თუმცა დელფინების დაბრუნება მდინარეებში და მსგავსი სიახლეები, რა თქმა უნდა — არა. 8 მაისს კი გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც გვინდა გვჯეროდეს და პანდემიის მიუხედავად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე რეკორდულად მაღალია. 60 წლის განმავლობაში პირველად, 3 მაისს CO2-ის ყოველდღიურმა დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ამ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე იყო კორონავირუსის კვლევისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მაგალითად, მკვლევრებმა ახალი კორონავირუსის სინთეტური კლონები შექმნეს. SARS-CoV-2-ის სინთეტური კლონები, რომლებიც შვეიცარიაში, მაღალი უსაფრთხოების ლაბორატორიაში შეიქმნა, მეცნიერებს პოტენციური წამლების და ვაქცინის ტესტირებაში დაეხმარება.
Covid-19-ის წამლის ან ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიოში ათასობით მეცნიერია ჩართული და სხვადასხვა გზით ცდილობს გამოსავლის პოვნას. მაგალითად, ჩინეთი არამეცნიერულ ტრადიციულ მედიცინას ახალისებს.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- კვლევებმა კორონავირუსში ახალი მუტაციები გამოავლინეს — რას ნიშნავს ეს
- აშშ-ის არმიის ახალმა ტესტმა, შესაძლოა, COVID-19 სიმპტომებამდე ამოიცნოს
- პორტატული სასუნთქი აპარატები კორონავირუსის წინააღმდეგ
- მეცნიერები ჯანდაცვის სფეროსთვის სპეციალურ რობოტებს ქმნიან
რა ხდება საქართველოში
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 635 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელებულია თითქმის ნახევარი — 309 ადამიანი, გარდაიცვალა — 10.
მართალია, დღემდე ვერ გავარკვიეთ პიკი გვქონდა, გვექნება თუ ჩაიარა; არც ის ვიცით პლატო გვაქვს, ვაკე თუ ტეხილი, მაგრამ ფაქტია, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი იკლებს და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება.
მთავარი სიახლე საქართველოში შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი და ეკონომიკის ამუშავების ანტიკრიზისული გეგმაა. შეზღუდვების შემსუბუქების ეს ეტაპი ხვალ, 11 მაისიდან ქალაქების გახსნით დაიწყება და ტურიზმის ამოქმედებით გაგრძელდება. 7 მაისს მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომლის თანახმად:
- 11 მაისიდან იხსნება ჩაკეტილი თბილისი. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა;
- 11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს;
- მალევე, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანში. ეს ქალაქები დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად ჩაკეტეს;
- 18 მაისს სრულად გახსნიან მარნეულს, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ამ ქალაქის შედარებით გვიან გახსნა პრემიერმინისტრმა გახარიამ იმით ახსნა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა, იქ მაცხოვრებლებს ტესტირება ჩაუტარდეს.
მთავრობის გეგმით, 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმის სერვისები გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ტურისტებს მიიღებს.
- სესხის პროცენტის სუბსიდირება, გიდების გადამზადება — რას ითვალისწინებს ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა
- რა შეღავათებით ისარგებლებენ კვების ობიექტები — ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერჯერობით ისევ დახურულია სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ასევე, დახურულია სავაჭრო მოლები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- თუ ასე გავივლით მაისს ერთნიშნა ციფრებით, ალბათ, ვიტყვით, რომ კორონავირუსი ამ ეტაპზე გადავლახეთ — მარინა ეზუგბაია
- ინფიცირების ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებთ, რომ არ გაგვიჩნდება — მარინა ეზუგბაია
- ქობულეთის, ღვანკითის და კიდევ რამდენიმე კლასტერი დავხურეთ — ამირან გამყრელიძე
- აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად $3 მილიონს გამოუყოფს
- აშშ საქართველოს კიდევ 27 000 ტონა ხორბალს ჩუქნის
- სპეციალისტების თქმით, ზღვის წყალი გადამტანი არაა, სანაპიროზე დისტანციის დაცვას დავაკვირდებით — რიჟვაძე
- ხვალიდან უკვე შეგვეძლება ქობულეთში შეზღუდვები მოვხსნათ და შევამსუბუქოთ — რიჟვაძე
კვირის დამაიმედებელი ამბავი
COVID-19-ის ჩინურმა ვაქცინამ ცხოველებში წარმატებით იმუშავა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Covid-19-ის ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიოში ათასობით მეცნიერი მუშაობს. ამჯერად წარმატებას ჩინელმა მეცნიერებმა მიაღწიეს.
ქალაქ პეკინში მდებარე Sinovac Biotech-ის შემუშავებული ვაქცინა სახელად PiCoVacc. მეცნიერებმა ვაქცინა რეზუს მაკაკებში (ინდური წარმომავლობის მაიმუნი) შეიყვანეს, 3 კვირის შემდეგ კი მათი ახალი ვირუსით დაინფიცირება სცადეს. აქედან ერთ კვირაში, იმ მაიმუნებს, რომლებმაც ვაქცინის ყველაზე დიდი დოზა მიიღეს, კორონავირუსი ფილტვებში არ აღმოაჩნდათ. ხოლო მაიმუნებს, რომლებმაც ვაქცინა არ მიიღეს, მწვავე ფილტვების ანთება განუვითარდათ.
ჩინეთში, ვაქცინა ტესტირებას აპრილიდან გადის, თუმცა PiCoVacc ახალი კორონავირუსის ერთადერთი პოტენციური ვაქცინა არ არის. მაგალითად, Sinpharm-ის პროდუქტი, PiCoVacc-ის მსგავსად შემუშავდა და ის კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპზეა.
ჯერ კიდევ მარტში, ოქსფორდის მკვლევრებმა, ბრიტანეთში შემუშავებული ვაქცინა იგივე სახეობაზე, რეზუს მაკაკებზე გამოსცადეს.
კვირის სასარგებლო ინფორმაცია
რამდენად ზუსტია COVID-19-ის ტესტები და რა პრობლემები აქვთ მათ
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ისევ აქტუალური გახდა ტესტირების საკითხი. უფრო კონკრეტულად კი მათი ხარისხი და ცდომილება.
სამედიცინო ტესტების სიზუსტე ორი ფაქტორის გაზომვით დგინდება: მგრძნობელობა და სპეციფიკურობა.
მგრძნობიარე ტესტი დაავადების მქონე ადამიანებს იდენტიფიცირებას ახდენს, იგი სწორ დადებით შედეგებს ზომავს. თუკი ტესტი 90%-ით მგრძნობიარეა, იგი სწორად ამოიცნობს ინფიცირებული ადამიანების 90%-ს. ხოლო ადამიანების 10%, რომლებიც ინფიცირებულები არიან და ტესტი გაიკეთეს, ცრუ ნეგატიურ შედეგს მიიღებს — მათ ვირუსი აქვთ, თუმცა ტესტი ამბობს, რომ ასე არ არის.
სპეციფიკური ტესტი დაავადების არმქონე ადამიანების იდენტიფიცირებას ახდენს, იგი სწორ ნეგატიურ პასუხს ზომავს. ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკა მუშაობს — თუკი ტესტი 90% სპეციფიკურია, იგი არაინფიცირებული ადამიანების 90%-ს გამოავლენს, 10% კი, რომელიც ინფიცირებული არ არის, ტესტი დადებით შედეგს უჩვენებს.
გაიგეთ მეტი:
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა მოსახლეობას გაუზიარა, როგორ ატარებს დროს იზოლაციაში. ის არც მეტი არ ნაკლები, KayaKata სიმღერებს უსმენს და თავადაც მღერის
"არ დავკარგოთ ხალისი იზოლაციის დარჩენილი "ორი-სამი" კვირის განმავლობაში დიდი მადლობა უნიჭიერეს სანდრო გეგჩკორს, რომ შემოუერთდა ჩემს სახუმარო ვიდეოს და ასევე მოხარული ვარ, რომ გავეცანი ახალგაზრდა არტისტების KayaKata-ს შემოქმედება", — წერს ელჩი.
კომენტარები