პორტატული სასუნთქი აპარატები კორონავირუსის წინააღმდეგ — Edison Tech Solutions
არსებული პანდემიის პირობებში სხვა გამოწვევებთან ერთად მსოფლიო კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა — სასუნთქი აპარატების დეფიციტი. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19 რესპირაციული დაავადებაა, ძალიან ხშირად მწვავე პაციენტებს სასუნთქი აპარატები ესაჭიროებათ. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კი აღნიშნულ აპარატს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის საკითხში. მასობრივად ძვირადღირებული სასუნთქი აპარატების შესყიდვა ხშირად გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, რის გამოც ვერ ხერხდება საჭირო რესურსის მობილიზება.
ზუსტად ამ გამოწვევის საპასუხოდ Edison Tech Solutions ხელსაყრელ გამოსავალს გვთავაზობს.
პორტატული სასუნთქი აპარატი
პორტატული სასუნთქი აპარატის შექმნა პანდემიის პირობებში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება, თუმცა COVID-19-ის შემდეგაც კი, აღნიშნული გადაწყვეტა მედიცინაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. მოწყობილობის პორტატულობა და მისი ხელმისაწვდომობა რეანომობილებში, რეანიმაციურ განყოფილებაში და პაციენტის პალატიდან პალატაში გადაყვანის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს შეასრულებს.
პროექტის ავტორის, გივი ბერიძის თქმით პროექტი ინოვაციური არაა, თუმცა "ინოვაცია შეიძლება არა თვითონ იდეა, არამედ მისი გადაწყვეტა იყოს“. მისი განცხადებით ამბუ ბალიშებით გაკეთებული ე.წ "სასუნთქი აპარატი" სიახლე არაა, ხოლო ამბუ ბალიშების კომპრესიით სასუნთქ აპარატს ვერ მივიღებთ.
"სასუნთქი აპარატი ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ჰაერის მიწოდებაა, მაგ: ის აკონტროლებს ჩასუნთქვა ამოსუმნთქვის წნევას, რათა არ მოხდეს ბარო-ტრაუმა და ალვეოლები მუდმივი წნევის ქვეშ იყვნენ. ასევე, წნევის კონტროლია შესაძლებელი, რათა სხვადასხვა თერაპიის რეჟიმები განისაზღვროს. საჭიროა ნაკადის მართვა, ჰაერისა და ჟანგბადის პროცენტულობის კონტროლი და ა.შ.",— განმარტავს იდეის ავტორი სასუნთქი აპარატის ფუნქციურ დატვირთვაზე საუბრისას.
ედისონის პროექტის მიხედვით, ამბუ ბალიშების კომპრესიასთან ერთად პორტატულ სასუნთქ აპარატში გამოყენებულ იქნა ზუსტად ის სენსორები, რომლებიც $50 000-იან სასუნთქ აპარატებში გვხვდება — "პრაქტიკულად, გავხსენით არსებული სასუნთქი აპარატი, სენსორებს სურათები გადავუღეთ და ზუსტად იგივე სენსორებს ვიყენებთ. საბოლოო ჯამში მივიღეთ აპარატი, რომელიც ახდენს ამბუ ბალიშის კომპრესიას, მაღალი წნევის მილებიდან ჟანგბადის და ჰაერის მიღების ნაცვლად. ამბუ ბალიშზეა მიერთებული სარქველი, საიდანაც იღებს ჟანგბადსაც, შემდგომ კი არის ყველა ის დეტალი, რაც ნამდვილ სასუნთქ აპარატს გააჩნია. ამ კომბინაციამ მოგვცა საშუალება, რომ ფასი რამდენიმე ასეულ დოლარზე დაგვეყვანა".
აღნიშნული პორტატული სასუნთქი აპარატის უდიდეს უპირატესობა მისი შედარებით დაბალი ფასია. პროდუქტის საბოლოო ვერსია მაისის შუა რიცხვებში გამოვა და ლიცენზირების ეტაპის გადალახვის შემდეგ მისი მასობრივი წარმოება დაიწყება.
Edison Tech Solutions
ედისონის გუნდი მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი მოწყობილობების შექმნით არის დაკავებული.
"COVID19-ის პანდემიად გამოცხადებამდე ჩვენ ვმუშაობდით ტექნოლოგიებზე, რომელიც ამერიკის ბაზარზე გაგვქონდა და გვსურდა საწარმო ხაზი საქართველოში, ხოლო ბიზნესი ამერიკაში გვქონოდა, მაგრამ COVID-19-მა ყველაფერი გააჩერა", — აცხადებს გივი.
კომპანია ახალი რეალობის წინაშე დადგა, სადაც საჭირო გახდა ადაპტირება, რათა არ შეჩერებულიყო განვითარება — "პირველი ნაბიჯი იყო სასუნთქი აპარატის სარქველების შექმნა იტალიის მაგალითზე, რათა მათი დეფიციტის შემთხვევაში მზად დავმხვდარიყავით ვირუსს და სიცოცხლეები გადაგვერჩინა, ხოლო შემდეგ უფრო განვავითარეთ იდეა და დავიწყეთ სასუნთქი აპარატის პორტატული ვერსიის შექმნაზე ფიქრი."
იდეამ საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და რედბერის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში გაიმარჯვა, სადაც კომპანიამ 20 000₾-იანი გრანტი მოიპოვა, დაახლოებით 15,000 ₾ გამოყო Edison Tech Solutions-მა. გარდა ამისა The Global Hack-ზე დაახლოებით 200 გუნდიდან კომპანია TOP 6-ში მოხვდა.
ახლა კი EUvsVirus ჰაკათონში დაახლოებით 2000 გუნდიდან ედისონის challenge-ში კომპანია ფინალისტებში მოხვდა, თუმცა ჯერ საბოლოო პასუხები ცნობილი არ არის.
კომენტარები