რამდენად ზუსტია COVID-19-ის ტესტები და რა პრობლემები აქვთ მათ
SARS-CoV-2-ის მასშტაბური ტესტირება როგორც ვირუსის შესაჩერებლად, ასევე მისი გავრცელების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ზოგჯერ ტესტირებების მნიშნელოვან ასპექტს — მის სიზუსტეს, უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა.
კორონავირუსის ტესტის სიზუსტის დადგენა, ამ უზუსტობის გამომწვევი მიზეზების ძებნა და მისი მონაცემებზე გავლენის გამოაშკარავება ძალიან რთული პროცესია.
ამჟამად, ტესტის ორი ძირითადი კატეგორია არსებობს: პირველი RT-PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შექცევადი ტრასკრიფციით) ტესტი SARS-CoV-2-ის დასადგენად ყველაზე პოპულარულია და იგი ადამიანის უჯრედში ვირუსული რნმ-ის პოვნით მუშაობს.
მეორე ტესტს სეროლოგიურ, იგივე ანტისხეულების ტესტს უწოდებენ. ეს ტესტი ადამიანის სისხლს ამოწმებს, რათა დაადგინოს აქვს თუ არა მას კორონავირუსის მიმართ ანსხეულები გამომუშავებული.
როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის ტესტების მხოლოდ 70%-ია ზუსტი, ამ ფაქტმა კი, შესაძლოა, მონაცემები გარკვეულწილად გაურკვეველი გახადოს. სამედიცინო ტესტების სიზუსტე ორი ფაქტორის გაზომვით დგინდება: მგრძნობელობა და სპეციფიკურობა.
მგრძნობიარე ტესტი დაავადების მქონე ადამიანებს იდენტიფიცირებას ახდენს, იგი სწორ დადებით შედეგებს ზომავს. თუკი ტესტი 90%-ით მგრძნობიარეა, იგი სწორად ამოიცნობს ინფიცირებული ადამიანების 90%-ს. ხოლო ადამიანების 10%, რომლებიც ინფიცირებულები არიან და ტესტი გაიკეთეს, ცრუ ნეგატიურ შედეგს მიიღებს — მათ ვირუსი აქვთ, თუმცა ტესტი ამბობს, რომ ასე არ არის.
სპეციფიკური ტესტი დაავადების არმქონე ადამიანების იდენტიფიცირებას ახდენს, იგი სწორ ნეგატიურ პასუხს ზომავს. ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკა მუშაობს — თუკი ტესტი 90% სპეციფიკურია, იგი არაინფიცირებული ადამიანების 90%-ს გამოავლენს, 10% კი, რომელიც ინფიცირებული არ არის, ტესტი დადებით შედეგს უჩვენებს.
RT-PCR ტესტი ძალიან ბევრი ვირუსის დასადგენად ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული და მას საკმაოდ ბევრი კომპანია აწარმოებს.
ჟენევაში მდებარე არაკომერციული კვლევითი ცენტრის მკვლევრებმა COVID-19-ის ხუთი RT-PCR ტესტი შეამოწმეს — ლაბორატორიის პირობებში ხუთივე მათგანმა დადებით ნუმუშებზე 100% მგრნობელობა აჩვენა, ნეგატიურ ნიმუშებზე კი 96% სპეციფიკურობა.
თუმცა რეალურ სამყაროში ტესტირების პირობების და პროცესი იდეალურისგან საკმაოდ შორსაა. მკვლევრებმა ჯერ კიდევ არ იციან რეალურ სამყაროში ცრუ დადებითი პასუხის დონე რამდენია, თუმცა კლინიკურად RT-PCR ტესტის მგრძნობელობა 66-დან 80%-მდე მერყეობს, ეს კი ნიშნავს, რომ სამი ინფიცირებულიდან ერთი ცრუ უარყოფით პასუხს მიიღებს.
ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეგროვება არაზუსტი შედეგების მთავარი მიზეზია. ცრუ ნეგატიური შედეგები ძირითადად იმიტომ იჩენს თავს, რომ ნიმუშებში ვირუსის არასაკმარისი რაოდენობაა. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს — ვიღაცამ ცხვირის ღრუდან საკმარისად ღრმად არ აიღო ნაცხი ან საჭირო რაოდენობის ნიმუში არ შეგროვდა.
ცრუ ნეგატიური შედეგი, შესაძლოა, მაშინ მივიღოთ თუ ადამიანის ტესტირება ზედმეტად ადრე ან გვიან მოხდა. ასევე შეცდომა მაშინაც ხდება, როდესაც ნიმუშები ტესტირებამდე ზედმეტად დიდხანს ჩერდება. ცრუ ნეგატიური შედეგების შედარებით მაღალი დონის გამო ექიმები ხანდახან ტესტს არ ენდობიან — თუკი ადამიანი COVID-19-ის კლასიკურ სიმპტომებს აჩვენებს და იგი აფეთქების არეალშია, ნეგატიური პასუხის მიუხედავად ექიმები COVID-19-ის დიაგნოზს სვამენ.
მიუხედავად იმისა, რომ RT-PCR ტესტი მისი სიზუსტის გამო ოქროს სტანდარტად ითვლება, ნიმუშების შეგროვების სირთულე და ნელი სიჩქარე სისუსტეს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ანტისხეულების ტესტები ძალიან სწრაფია და ნიმუშებისთვის მხოლოდ თითზე ჩხვლეტაა საჭირო.
ახლახან, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანტისხეულების 10 ტესტი შეამოწმეს. ტესტების მგრძნობელობა ძირითადად 90%-ზე მაღალი იყო, თუმცა, როდესაც გადატანილ ინფექციას ვამოწმებთ, სპეციფიკურობა უფრო მნიშვნელოვანია. მართალია კვლევა დამოუკიდებლად გადამოწმებული ჯერ არ არის, თუმცა ავტორების თქმით, ტესტების უმეტესობა სპეციფიკურობის 95-99%-ით გამოირჩეოდა. ეს კი ნიშნავს, რომ ცრუ დადებითი პასუხის დონე 5%-ზე დაბალი იქნება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანტისხეულების წარმოქმნას ერთი ან ორი კვირა მაინც სჭირდება, ამიტომ თუკი ანტისხეულების ტესტი ზედმეტად ადრე იქნება ჩატარებული, შესაძლოა, სისხლში ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა არ იყოს.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ასიმპტომურმა ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებმა, შესაძლოა, ბევრად ცოტა ანტისხეული გამოიმუშავონ და ტესტმა მათი დაფიქსირება ვერ შეძლოს. ამგვარად, სეროლოგიური ტესტები ბევრად ეფექტიანი იმ შემთხვევაშია, თუ პაციენტს ვირუსი მძიმე ფორმაში აქვს გადატანილი.
საბოლოოდ, არც PCR და არც ანტისხეულების ტესტი სრულყოფილი არაა, თუმცა ტესტირების მეთოდის საერთოდ არარსებობას ნამდვილად სჯობს და ისინი სამედიცინო პროფესიონალებისთვის ღირებულ ინფორმაციას მოიპოვებენ.
კომენტარები