გაირკვა, რომ საფრანგეთში COVID-19 პაციენტს ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდა
საფრანგეთში, პირველი მარტიდან მოყოლებული, კორონავირუსით თითქმის 25 000 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 24 იანვარს დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, ფრანგულმა საავადმყოფოს გუნდმა, რომელიც ფილტვების ანთების მქონე პაციენტების ძველ მასალებს ამოწმებდა, გამოავლინა, რომ 27 დეკემბერს საფრანგეთში მცხოვრებ ადამიანს უკვე ჰქონდა ახალი კორონავირუსი.
ავიცენის და ჟან ვერდიეს საავადმყოფოების ექიმის, ივს კოენის თქმით, ისეთი პაციენტების მასალების შემოწმება მოხდა, რომლებსაც გრიპის სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ გრიპი არ აღმოაჩნდათ.
კორონავირუსი პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებში PCR-ის ტესტით იპოვეს. ექიმების თქმით, შედეგებში დასარწმუნებლად ნიმუშები რამდენჯერმე შეამოწმეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 27 დეკემბერს პაციენტს ნამდვილად ჰქონდა ახალი კორონავირუსი.
კოენის თქმით, კორონავირუსით პირველი ინფიცირების გამოვლენა ვირუსის გავრცელებას მეტ ნათელს მოჰფენს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ 27 დეკემბერს დაფიქსირებული შემთხვევა საფრანგეთში პირველი არ ყოფილა.
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, 15 დღის განმავლობაში ავად იყო და ვირუსი თავის ორ შვილს გადასდო, თუმცა მისი მეუღლე არ დაინფიცირებულა. "პაციენტი გაოცებული იყო. მას არ ესმოდა, როგორ მოახერხა დაინფიცირება. პაციენტს კონტაქტი მხოლოდ მეუღლესთან ჰქონდა", — ამბობს ექიმი კოენი.
კომენტარები