აშშ-ის არმიის ახალმა ტესტმა, შესაძლოა, COVID-19 სიმპტომებამდე ამოიცნოს
COVID-19-ის ახალმა ტესტმა, შესაძლოა, ვირუსი ინფიცირებიდან 24 საათში ამოიცნოს — მანამდე, სანამ სიმპტომები იჩენენ თავს. ტესტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების კვლევითი განყოფილების მიერ შეიქმნა და სულ მალე მან, შესაძლოა, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოყენების უფლება მოიპოვოს.
თუკი ტესტი ისე იმუშავებს, როგორც ამას მკვლევრები იმედოვნებენ, იგი სამომავლო აფეთქებების შეჩერებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს — ადამიანები თვითიზოლაციას მალევე შეძლებენ და შესაბამისად, ვირუსიც ბევრად ნაკლებად გავრცელდება.
"ეს ტესტი მსოფლიოში არსებულ დიაგნოსტიკურ პრობლემას მოაგვარებს", — განაცხადა განყოფილების უფროსმა ბრედ რინგაიზენმა.
როგორც ჩანს, ტესტმა COVID-19 სხვა ტესტებთან შედარებით ოთხი დღით ადრე უნდა ამოიცნოს, თუმცა განყოფილების მეცნიერების თქმით, ეს ზუსტი რიცხვი არაა. თუკი მეცნიერები FDA-ისგან თანხმობას მოიპოვებენ, ისინი კვლევევბის ჩატარებას გააგრძელებენ და უფრო ზუსტად დაადგენენ, ზუსტად რამდენ ხანში აფიქსირებს ტესტი დაავადებას.
ვირუსის ამოცნობის მაგივრად, ტესტი იმუნური სისტემის რეაქციას აკვირდება, მსგავსი მეთოდის გამოყენების დროს კი არასწორი პასუხის შანსი მცირეა.
"ამ მეთოდის გამოყენება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იმუნური სისტემა ვირუსს ინფიცირებისას დაუყონებლივ პასუხობს", — განაცხადა განყოფილების მთავარმა მკვლევარმა სტუარტ სილფონმა.
კომენტარები