კვლევებმა კორონავირუსში ახალი მუტაციები გამოავლინეს — რას ნიშნავს ეს
ზოგიერთი ვირუსი, მაგალითად, გრიპი, მუტაციას ძალიან ხშირად განიცდის, ეს კი ნიშნავს, რომ მისი ვაქცინა ყოველწლიურ განახლებას საჭიროებს. რაც შეეხება კორონავირუსს, იგი, ამჟამინდელი მონაცემებით, შედარებით სტაბილურია და, როგორც ჩანს, გრიპის ვირუსზე ბევრად ნელა მუტირებს. ეს ფაქტი კი ვაქცინის შექმნისთვისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც ვირუსს სწავლობენ, საკმაოდ კარგი ამბავია.
SARS-Cov-2-ის შესახებ ახლახან ორი ახალი კვლევა გამოქვეყნდა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არის ჩატარებული, ვირუსის ნიმუშში ამოშლილი დნმ-ის დიდი ნაწილი იპოვა. მეორე კვლევა კი, რომელიც ლოს-ალამოსის ეროვნულმა ლაბორატორიამ ჩაატარა, ვირუსის მუტაციების ისტორიას იკვლევდა. შედეგად, ლაბორატორიის გუნდმა ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც ვირუსის ერთი შტამი უხანში წარმოქმნილ შტამზე უფრო გადამდებია.
არიზონას კვლევამ SARS-CoV-2-ის უამრავი ნიმუშიდან აღებული გენომები გააანალიზა და დაადგინა, რომ ერთ-ერთი მათგანს, რომელსაც AZ-ASU2923 უწოდეს, გენ ORF7a-ის დიდი ნაწილი წაშლილი ჰქონდა. ORF7a გენი სწორედ იმ ცილებს წარმოქმნის, რომლებიც ვირუსს გამრავლებასა და გავრცელებაში ეხმარება.
ამჟამად, ჩვენ არ ვიცით , როგორ შეცვლის ეს მუტაცია კორონავირუსს. მკვლევრები სწორედ ამის გარკვევას ცდილობენ. მსგავს გენებზე ჩატარებული ადრინდელი კვლევების მიხედვით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან გვხვდება, ის წესით განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება მეორე კვლევას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ პრეპრინტ სერვერზეა განთავსებული და დამოუკიდებელი წყაროს მიერ გადასამოწმებელია, მან მედიის დიდი ყურადღება მაინც მიიპყრო. მკვლევართა გუნდი კორონავირუსის მუტაციებს აკვირდებოდა, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ვირუსის ზედაპირზე არსებულ ცილებს უკავშრდებოდა. მათ ამ ცილებთან დაკავშრებული 14 მუტაცია დააფიქსირეს, თუმცა მკვლევარები ყველაზე მეტად ერთმა მათგანმა დააინტერესა.
"ცილა D614G-ის მუტაცია საკმაოდ ყურადსაღებია. მან გავრცელება ევროპაში თებერვლის დასაწყისში დაიწყო და ახალ რეგიონებში მოხვედრასთან ერთად დომინანტი ფორმა საკმაოდ სწრაფად გახდა", — ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მუტაცია არიზონას კვლევის მიერ აღმოჩენილ მუტაციაზე ბევრად პატარაა. ავტორების თქმით, D614G-ის უხანში წარმოქმნილ ვერსიასთან (D614) შედარებით, ის ბევრად გავრცელებული და თითქოს უფრო გადამდებია, რაც მკვლევართა გუნდისთვის სანერვიულო საკითხს წარმოადგენს. თუმცა ყველა არ თანხმდება იმ აზრზე, რომ მუტაციამ ვირუსის გავრცელების უნარი შეცვალა.
"შტამების ნიმუშების უმრავლესობა ევროპის აფეთქებიდან არის მოპოვებული, რომელიც იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩინეთის. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ გადამტანობის უნარი იყოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს შედარებით გვიან მიღებულმა უსაფრთხოების ზომებმაც განაპირობა", — განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ბილ ჰანაგენმა.
მეცნიერები მუტაციების კვლევას განაგრძობენ და იმედია სულ მალე ბევრად მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.
არიზონას კვლევა Journal of Virology-ში, ლოს-ალმოსის კი სერვერ bioRxiv-ზეა გამოქვეყნებული.
კომენტარები