ვირუსის გავრცელების შემდეგ პირველად, ახალ ზელანდიაში ახალი შემთხვევები აღარ არის
დღეს, მას შემდეგ პირველად, რაც ახალი ზელანდიაში მკაცრი ეროვნული კარანტინი გამოცხადდა, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდა.
"ეს ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია", — განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ეშლი ბლუმფილდმა. "რა თქმა უნდა, ეს მნიშნელოვანია, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ".
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 1 487 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 86% უკვე გამოჯანმრთელდა. ამჟამად ჰოსპიტალში შვიდი ადამიანი იმყოფება, 12 კი დაიღუპა.
"ჩვენ გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დაუდასტურებელი შიდა გადაცემა არ ფიქსირდება", — აცხადებს ბლუმფილდი.
ბოლო შემთხვევა, როდესაც ერთ დღეში ქვეყანაში COVID-19-ით არცერთი ახალი ინფიცირებული არ იყო, 16 მარტს ფიქსირდება — მანამდე, სანამ 25 მარტს ახალ ზელანდიაში კარანტინი გამოცხადდებოდა.
კარანტინის შემსუბუქება გასულ ორშაბათს დაიწყეს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა — ადამიანებს გადაადგილების უფრო მეტი თავისუფლება მიეცათ და ასევე ნაწილობრივ აღდგა ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა ვაჭრობა მხოლოდ უკონტაქტო გზებითაა დაშვებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეზღუდვების დარღვევა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა სცადა. გასულ კვირას სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი ადამიანი დააფიქსირეს, რომლებმაც კარანტინის წესები დაარღვია.
წესების დარღვევა ორ ინციდენტსაც მოიცავს, როდესაც სათევზაოდ გასულ ადამიანებს შვეულმფრენით გადარჩენა დასჭირდათ — მიმდინარე წესების თანახმად ნავით თევზაობა აკრძალულია.
კომენტარები