კორონავირუსის მკურნალობისთვის ჩინეთი არამეცნიერულ ტრადიციულ მედიცინას ახალისებს
ტრადიციული მედიცინა ჩინეთში საკმაოდ გავრცელებულია და ის უკვე დიდი ხანია, რაც მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ველური ცხოველების ბაზარი, რომელიც სავარაუდოდ SARS-nCoV-2-ის გავრცელების კერა გახდა, ნაწილობრივ ტრადიციული მედიცინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.
ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში, პანგოლინის და ღამურის სხეულის ნაწილებით ერექციულ დისფუნქციას, სახსრების ტკივილს და სხვა უამრავ ფიზიოლოგიურ დარღვევას მკურნალობენ.
ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ბოლომდე დადასტურებული მკურნალობის კურსი არ არსებობს. ქვეყნები მსოფლიოს გარშემო, მათ შორის ჩინეთი, პოტენციური წამლების ძიებაზე აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც COVID-19-ის მქონე პაციენტების გამოჯანმრთელების პოტენციურად დაჩქარება შეუძლია, რემდესივირია.
სამეცნიერო საზოგადოების მოწოდებეის მიუხედავად, ჩინეთის მთავრობა ტრადიციული მედიცინის დაუსაბუთებელი მკურანლობის მეთოდებს მხარს მაინც უჭერს. მეტიც, დახმარების სახით, ჩინეთი "ტრადიციულ წამლებს" სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის იტალიას და ირანს უგზავნის.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული მედიცინის ბევრი პრეპარატი ჩინეთში უკვე ათასწლეულზე მეტია რაც გამოიყენება, მეცნიერები შიშობენ, რომ ზოგ ასეთ არამეცნიერულ მკურნალობის კურსს სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს.
"ჩვენ ახალ ძალიან სერიოზულ ინფექციასთან გვიწევს მუშაობა, რომელიც ეფექტიან მკურანლობას საჭიროებს. არ არსებობს კარგი საბუთი იმისა, რომ ტრადიციული ჩინური მედიცინა მუშაობს ამიტომ, მისი გამოყენება დაუსაბუთებელი და საშიშია", — ამბობს კომპლემენტარული მედიცინის ექსპერტი, ედზარდ ერნსტი.
პანდემიით შექმნილი სირთულეების გამო, ბევრი ქვეყნის ლიდერი კორონავირუსის პოტენციურ სამკურნალო საშუალებებზე დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანტიმალარიული წამლის, ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენების წახალისებას ცდილობს. ამ უკანასკნელის ეფექტიანობა ცნობილი არაა, თან მასთან უამრავი ჯანმრთელობისთვის საშიში გვერდითი ეფექტია ასოცირებული.
მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაჯოელინამ არაერთხელ განაცხადა, რომ სპეციალურ მცენარეულ ნაყენს, ხალხის კორონავირუსისგან განკურნვა შეუძლია.
პრეზიდენტების მსგავს განცხადებებს, აშშ-შიც და მადაგასკარშიც მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა იმის გამო, რომ ჩინეთში მედია სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, ტრადიციული მედიცინის კრიტიკა ჩინეთში ნაკლებად შესამჩნევია. ამასთანავე, ტრადიციული მკურნალობის ინდუსტრია რამდენიმე მილიარდი დოლარით არის შეფასებული და ჩინურ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
ჩინური ტრადიციული მედიცინა ფილოსოფიურ მოძღვრებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შინაგანი ენერგია "ქი" გააჩნიათ, რომელიც დროთა განმავლობაში მცირდება, რაც სიბერეს და რიგ დაავადებებს იწვევს, ენერგიის ხელახალი "შევსებით" კი დაბერების შენელბა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
ტრადიციული მედიცინა, რომ არამეცნიერულია ეს მისი ფილოსოფიური საწყისების შეჯამებითაც კარგად ჩანს. მიუხედავად ამისა, ჩინური სახელმწიფო მედიის და მთავრობის მხარდაჭერით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ტრადიციული "მკურნალობის მეთოდების" რეკომენდაცია მუდამ ხდება.
ჩინური გამოცემა Chinda Daily, სხვადასხვა ტრადიციული წამლების ეფექტიანობაზე ცნობებს მუდმივად აქვეყნებს. მაგალითისთვის, გამოქვეყნდა სტატია, რომ ადამიანები ვინც სპეციალურ მცენარეულ ნაყენს, "ჯინჰუა ქინგანს" მიირთმევდა, COVID-19-ს მალევე ამარცხებდა. თუ რატომ ან როგორ, დეტალები უცნობია.
ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებების აკადემიის თავმჯდომარის და ტრადიციული მედიცინის ენთუზიასტის, ჰუანგ ლუქის თქმით, მან იანვარში COVID-19-თან საბრძოლველად სამი ტრადიციული პრეპარატი შეამოწმა და მათ ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარებოდა.
ჰუანგს ამ "კვლევების" შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია, უბრალოდ განაცხადა, რომ ყველა ეს მიგნება მალე გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია რომ ჩინური ტრადიციული მედიცინა, პოპულარობით ბოლო დროს საზღვარგარეთაც სარგებლობს. უამრავი ტურისტი ჩინეთში სწორედ ამ ტრადიციული მკურნალობის მისაღებად ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მედიცინა უფრო იხვეწება და ინოვაციური მკურნალობის მეთოდების მეშვეობით, პაციენტებს სწრაფი გამოჯანმრთელების საშუალება ეძლევათ, ტრადიციული მედიცინის პოპულარობა მზარდია.
პანდემიით გამოწვეული მასობრივი საზოგადოებრივი უკმაყოფილების და რეალურად ეფექტიანი მკურნალობის საშუალებების ნაკლებობის გამო, ბევრმა ჯანდაცვის სისტემისადმი და კონვეცნიური მედიცინასდმი ნდობა დაკარგა და ამიტომ გამოსავალს არაკონვენციურ ტრადიციულ მედიცინაში ეძებს.
როგორც ჩანს ტრადიციული მედიცინის საზღვარგარეთ წახალისებით, ჩინეთი ადგილობრივ ინდუსტრიას ეხმარება. განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ბევრ ქვეყანას კორონავირუსთან გასამკლავებლად ჯანდაცვის სისტემის მოქნილობა და ადეკვატური აღჭურვილობა აკლია, უსაფუძვლო მკურნალობის მეთოდების წახალისება ძალიან უპასუხისმგებლოა.
ერნსტის თქმით, სხვადასხვა ტრადიციული პრეპარატები უსაფრთხო რომც იყოს, ჩინეთის მხრიდან მათი ექსპორტი არ უნდა ხდებოდეს:
"მკურნალობის პაკეტის ყველა ნაწილის ეფექტიანობა უნდა საბუთდებოდეს", — ამბობს ერნსტი. ჩინური ტრადიციული მედიცინის საზღვარგარეთ გავრცელება კი "უპასუხისმგებლო და საშიშია".
COVID-19-ის სამკურნალოდ ტრადიციული მედიცინის გამოყენებისგან თავშეკავებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც უჭერს მხარს. პანდემიის დაწყებისას, WHO-ს საიტზე ეწერა, რომ ტრადიციული მედიცინა, "COVID-2019-ის წინააღმდეგ არაეფექტიანი და საზიანოა", თუმცა მოგვიანებით ეს გაფრთხილება, საიტიდან წაიშალა.
WHO-ს სპიკერის, ტარიკ იასარევიცის თქმით, ეს განცხადება "ზედმეტად ზოგადი იყო და არ ითვალისწინებდა გარემოებას, რომ ხალხი ტრადიციულ მედიცინას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ იყენებენ". მიუხედავად ამისა, იასარევიცი ამბობს, რომ WHO თვითმკურნალობას არავის ურჩევს და, რომ ტრადიციული მედიცინა COVID-19-ის მკურნალობისთვის ეფექტიანი არ არის.
მსოფლიო კრიტიკის მიუხედავად, ნაკლებად ალბათურია, რომ ჩინეთის ტრადიციული მედიცინის ინდუსტრია დაზარალდება. აპრილში, ჰუბეის პროვინციაში მომუშავე ექიმმა დაწერა, რომ ჩინეთის მთავრობის წახალისებული ტრადიციული მედიცინის მკურნალობის მეთოდები, COVID-19-თან ბრძოლაში არაეფექტიანია. განცხადების გამო, მთავრობის ზეწოლით, ექიმს ადმინისტრაციული პოზიციის დატოვება მოუწია.
ჩინეთში, პრესის მკაცრი ცენზურა ტრადიციული მედიციის ინდუსტრიას საგულდაგულოდ იცავს.
კომენტარები