პანდემიის პირობებში, როცა ყველა ძალიან ფრთხილობს და ზუსტად არავინ იცის როდის დამთავრდება კრიზისული ვითარება, ბევრს ძალიან ლოგიკური კითხვა აწუხებს: იქნებ კორონავირუსი გადავიტანე და ვერ შევამჩნიე? არსებობს თუ არა ამის გაგების საშუალება?

სტატიაში სწორედ ამას განვიხილავთ და აშშ-ისა და საქართველოს შემთხვევაზე ვისაუბრებთ.

კითხვა "მქონდა თუ არა კორონავირუსი?" Google Trends-ზე ბოლო თვეა ხშირად იჩენს თავს. ხშირად, COVID-19 უსიმპტომოდ ან მსუბუქად ვითარდება, ამან, როგორც ჩანს, ბევრი დააფიქრა.

სოციალური დისტანცირებისგან და კარანტინისგან გამოწვეული შფოთვა, ალბათ ბევრს შეუმსუბუქდება, თუ გაიგებენ, რომ პოტენციურად ფატალური დაავადება უკვე გადაიტანეს. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ინფექციის გადატანის შემთხვევაში გადაადგილებას უფრო თავისუფლადაც შეძლებდნენ.

სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ათვისების რისკი მაღალია იმიტომ, რომ დაავადების უსიმპტომო მსვლელობის შემთხვევაშიც კი, ვირუსი თანაბრად გადამდებია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ COVID-19-სადმი გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა დაზუსტებით უცნობია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმემ სწორედ იეჭვა, რომ ახალი კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა, ჯერჯერობით, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადებისადმი იმუნიტეტს წლების მანძილზე შეინარჩუნებენ.

ისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსის ცნობილ ეპიდაფეთქებებამდე ვირუსი ადამიანებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გავრცელებულიყო ისე, რომ არ წარმოქმნილიყო ისეთი მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოში ვიზიტს საჭიროებს?

MIT-ის ბიოსტატისტიკოსი, ნიკოლას რეიკი, რომელიც ინფექციური დაავადებების გავრცელებას იკვლევს ამ საკითხით დაინტერესდა. მან და მისმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ აშშ-ში ზემოხსენებული შესაძლებლობა ნაკლებად ალბათურია.

მკვლევრება იციან, რომ გრიპის მსგავსი დაავადებების რაოდენობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში იზრდება ხოლმე და ივარაუდეს, რომ კორონავირუსიც, შესაძლოა, თვეების მანძილზე "ჩუმად" ცირკულირებდა. დაკვირვების შედეგად თუ აღმოჩნდებოდა, რომ გრიპის მაგვარი ინფექციების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ გრიპის ტესტები მზარდად უარყოფით შედეგებს იძლეოდა, ამას შეიძლება მიენიშნებინა, რომ საქმე რაიმე სხვა პათოგენის გავრცელებასთან გვქონდა.

კვლევამ დაშვება არ გაამართლა. აშშ-ში ნორმიდან გადახვევა მხოლოდ მარტში დაფიქსირდა. აღმოჩნდა, რომ ამ თვეს გრიპის მსგავსი ინფექციის სიმპტომებით, ექიმთან უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა, ხოლო გრიპზე უარყოფითი პასუხების რიცხვი მზარდი იყო.

რეიკის თქმით, შესაძლოა, რომ COVID-19-ის შესახებ არსებულმა მაღალმა ცნობადობამ ბევრს ექიმთან მისვლისკენ უბიძგა. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ არა საზოგადოებრივი პანიკა, ბევრი საავადმყოფოებს არ ეწვეოდა.

ეს ყველაფერი ნაწილობრივ აქარწყლებს მოსაზრებას, რომ აშშ-ში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება უფრო ადრე დაიწყო.

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის პირველ შემთხვევამდე ექიმთან მიმართვიანობის და გრიპის შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა 5 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ამ საკითხზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დეკემბერ-იანავრში გამოკვლეული პაციენტების ნიმუშები ხელახლა გადამოწმდა და არც ერთი მათგანის შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ გამოვლენილა.

"დეკემბერ-იანვარში ტესტირებული ნიმუშები ჩვენთან გადაიტესტა, მათ შორის SARS-COV-ის ვირუსზე. დეკემბერიდან მოყოლებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, შემდგომში გაიტესტა SARS-COV-2 ვირუსზე და არც ერთ მათგანში 26 თებერვლამდე, როდესაც პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ, საქართველოში კორონავირუსი არ დაგვიჭერია, არ გამოვლენილა და ეს არის მტკიცებულება, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში SARS-COV-2 არ ყოფილა", — განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


კორნელის უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის პროფესორის, რუთ კოლინსის თქმით, შესაძლოა, რომ კორონავირუსის ეპიდემიამდე, ზამთრის მანძილზე გრიპის მსგავსი სიმპტომები სხვა ვირუსს განეპირობებინა.

კოლინსი მიიჩნევს, რომ ვარაუდი თითქოს ბევრმა კორონავირუსი ეპიდემიამდე გადაიტანა გაუმყარებელი ოპტიმიზმის მაგალითია.

"ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია", — ამბობს კოლინსი, "ყოველთვის გვინდა ვიფიქროთ, რომ გაგვიმართლა, რომ რაღაცნაირად საფრთხეს გავექეცით".

ვითარებას ნაწილობრივ ისიც ართულებს, რომ ბევრგან კორონავირუსის ტესტები ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ყველა, ვინც გრიპის მსგავს და COVID-19-თან ასოცირებულ სიმპტომებს განიცდის, ტესტირებას ვერ გადის.

ასეთ გარემოებაში მეცნიერები და ექიმები ყველას ფიზიკური დისტანცირების და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.