ბრიტანეთში კორონავირუსთან საბრძოლველად, მასშტაბური კამპანია "დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე" მოქმედებს. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატების გამო მკაცრი ზომები მიიღეს.

გამოჩენილი ეპიდემიოლოგი ნილ ფერგუსონი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა, მრჩეველის პოსტიდან კარანტინის წესების დარღვევის გამო გადადგა.

Daily Telegraph-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ანტონია საატსი ეპიდემიოლოგს მინიმუმ ორჯერ ესტუმრა, რითაც ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემოღებული პრევენციული ზომები დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ ფერგუსონი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და ორი კვირის მანძილზე იზოლაციაში იმყოფებოდა:

"ვაღიარებ, რომ მსჯელობაში შეცდომა დავუშვი და არასწორად მოვიქეცი. ამიტომ, ჩემი პოსტი დავტოვე", — წერს ფერგუსონი განცხადებაში. "რადგან კორონავირუს დადებითი ვიყავი და სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, ორი კვირა იზოლაციაში გავატარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვირუსისადმი იმუნიტეტი გამოვიმუშავე".

ბრიტანეთში, იზოლაციის ზომების დაცვისკენ დაქორწინებულ წყვილებსაც მოუწოდებენ, რომლებიც პანდემიის დროს სხვადასხვა სახლში იმყოფებოდნენ.

მთავრობის მრჩეველი გუნდიდან გადადგომის მიუხედავად, ფერგუსონი, ლონდონის სამეფო კოლეჯში მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.