COVID-19-ის ჩინურმა ვაქცინამ ცხოველებში წარმატებით იმუშავა
კლასიკური ვაქცინის მოქმედება მარტივია: ცხოველში შეჰყავთ "დასუსტებული" ვირუსი, რომელიც სერიოზულ სიმპტომებს არ იწვევს, საპასუხოდ ცხოველი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რაც მომავალში სხეულში შემოჭრილ ვირუსს ანეიტრალებს.
ქალაქ პეკინში მდებარე Sinovac Biotech-ის შემუშავებული ვაქცინა სახელად PiCoVacc, რომელიც ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად შეიქმნა, ვაქცინაციის ზემოხსენებულ მეთოდს ემყარება.
მეცნიერებმა ვაქცინა რეზუს მაკაკებში (ინდური წარმომავლობის მაიმუნი) შეიყვანეს, 3 კვირის შემდეგ კი მათი ახალი ვირუსით დაინფიცირება სცადეს. აქედან ერთ კვირაში, იმ მაიმუნებს, რომლებმაც ვაქცინის ყველაზე დიდი დოზა მიიღეს, კორონავირუსი ფილტვებში არ აღმოაჩნდათ. ხოლო მაიმუნებს, რომლებმსაც ვაქცინა არ მიიღეს, მწვავე ფილტვების ანთება განუვითარდათ.
ჩინეთში, ვაქცინა ტესტირებას აპრილიდან გადის, თუმცა PiCoVacc ახალი კორონავირუსის ერთადერთი პოტენციური ვაქცინა არ არის. მაგალითად, Sinpharm-ის პროდუქტი, PiCoVacc-ის მსგავსად შემუშავდა და ის კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპზეა.
ჯერ კიდევ მარტში, ოქსფორდის მკვლევრებმა, ბრიტანეთში შემუშავებული ვაქცინა იგივე სახეობაზე, რეზუს მაკაკებზე გამოსცადეს.
იმის გამო, რომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა უკვე მხოლოდ რამდენიმე ასეულია, შესაძლოა, რომ Sinovac Biotech-ს ვაქცინის ტესტირებისთვის მოხალისეების მოძებნა გაუჭირდეს.
იგივე გარემოებების გამო, 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის დროს, ვაქცინის შემუშავების პროცესი შეჩერდა იმიტომ, რომ ბოლოს SARS-ით ინფიცირებული პაციენტი ჩინეთში აღარ დარჩა.
კომენტარები