ბავშვები დისტანციური სწავლების მიღმა — მათი რაოდენობა დღემდე არ ვიცით
ნატალია მულაძე სიღნაღში მცხოვრები მასწავლებელია, რომელსაც 2 მოსწავლე შვილი ჰყავს — მეოთხე და მეექვსე კლასელები. ოჯახში, სადაც ერთი მასწავლებელი და ორი მოსწავლეა, მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვთ. იმის გამო, რომ მასწავლებელი დედა და მოსწავლე შვილები სწავლის პროცესს არ ჩამორჩენოდნენ, ერთ-ერთ შვილს ოჯახის დატოვება და ბებიასთან წასვლა მოუხდა. სახლში დარჩენილი დედა-შვილი კი საზიარო ტელეფონით გაკვეთილებს მონაცვლეობით ესწრებოდა. ნატალია ნერვიულობს, რადგან მისი შვილი ამის გამო კვირაში რამდენიმე დღე გაკვეთილებს აცდენდა.
"სამი შვილი მყავს, ორი სკოლაში დადის და ერთი ტელეფონი გვაქვს. მეც მასწავლებელი ვარ და ამიტომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. იძულებული გავხდი, შუათანა შვილი დედაჩემთან გამეგზავნა, რადგან გაკვეთილების პროცესს არ ჩამორჩენოდა და ჩემი რძლის და დედაჩემის ტელეფონით ესარგებლა დისტანციური სწავლებისას. მე და უფროსი შვილი მონაცვლეობით ვიყოფთ — როცა მე გაკვეთილი არ მაქვს, მაშინ ახერხებს ჩართვას. კვირაში ორი დღე მე ვასწავლი და ამ დღეებში ვეღარ ახერხებს. თან ჩემი ტელეფონიც არ მუშაობს გამართულად და ამიტომ ძალიან ვწვალობთ", — ამბობს ნინო.
დისტანციური სწავლების მიღმა დარჩა წნორში მცხოვრები მეათე კლასელი ანი ბენაშვილი. იმის გამო, რომ კომპიუტერი არ აქვს, მეზობელთან გადადიოდა ხოლმე. თუმცა, როგორც On.ge-ს უყვება, ყოველდღე იქაც ვერ მივიდოდა.
"ინტერნეტი კი მაქვს, მაგრამ კომპიუტერი არა და ვერ ვესწრებოდი გაკვეთილებს. რასაც გვიგზავნიან გაკვეთილებს და დავალებებს, მეზობლის კომპიუტერით შევდივარ და ვნახულობ ხოლმე, მაგრამ ისე, რომ გაკვეთილებს დავესწრო, არ გამომდის. ჩემმა დამრიგებელმა მხოლოდ ერთხელ დარეკა და იკითხა, სოციალურად დაუცველი ხარ თუ არაო. კომპიუტერებს იძლეოდნენ სოციალურად დაუცველებზე. მაშინ დამირეკა და მეტჯერ აღარ დაურეკავს. მე სოციალურად დაუცველი არ ვარ და არ შემხვდა", — ჰყვება ანი.
განათლების სისტემა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Covid-19-ის პანდემიის გამო პრევენციული ზომები მიიღო და სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 4 მარტს შეაჩერა. მალევე, სასწავლო დაწესებულებები ონლაინსწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, მოგვიანებით კი მოსწავლეებისთვის დამატებით ტელესკოლის პროექტი შეიქმნა.
არსებულმა კრიზისმა განათლების ხელწმისაწვდომობის პრობლემები კიდევ უფრო აშკარა გახადა — იმის გამო, რომ მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა არ აქვს, ისინი სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ.
თუმცა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ამ პრობლემებზე არ უსაუბრია. თქვა მხოლოდ ის, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ რიგი ცვლილებები აუცილებელი გახადა, რაც სამინისტრომ "წარმატებით განახორციელა". მან აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის, ვისაც ინტერნეტსა და ონლაინ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდებათ, სწორედ ტელესკოლაა შეუცვლელი საშუალება.
On.ge დაინტერესდა, რამდენი მოსწავლე დარჩა ტელესკოლის იმედად და რამდენმა შეძლო ონლაინგაკვეთილებზე დასწრება. განმარტებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე უკვე ყველაფერი ითქვა, ახალს ვერაფერს გვეტყვიან და მინისტრის გარდა ამ მიმართულებით ამ ეტაპზე სპიკერიც არ ჰყავთ. მათივე მითითებით, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის წესით უნდა გამოგვეთხოვა. წერილის გაგზავნის შემდეგ კი, უწყებამ კანონით დადგენილი ვადა დაარღვია და On.ge-ს არ უპასუხა, რაც გაზრდილი მიმართვიანობით ახსნა.
რამდენი ბავშვი დარჩა განათლების მიღმა პანდემიის დროს, ამ დრომდე არ ვიცით. თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევით ცნობილია ის, რომ საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს.
არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე საუბრობს სახალხო დამცველიც და სამინისტროს მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე.
განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილიც On.ge-სთან ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, არსებული რესურსები მოსწავლეებისთვის ინტერნეტის და ტექნოლოგიების შეთავაზებაზე ყოფილიყო მიმართული. ის ფიქრობს, რომ იმ ბავშვების საკითხის უგულებელყოფა, რომლებიც დღეს სასწავლო პროცესში ჩართულნი არ არიან, არ შეიძლება და ეს ტელესკოლის მიღმა ვერ დაიმალება.
"ყველაზე ბუნდოვანი და გაუგებარი ჩემთვის იყო ის, რომ დაიწყო ტელესკოლა, დაიხარჯა რესურსები და ითქვა, რომ ეს ტელესკოლა იყო იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დარჩნენ სწავლების პროცესის მიღმა. ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ ტელესკოლის გაკვეთილებს უყურებს მოსწავლე და ის იქნება ჩართული სწავლების პროცესში. პატარა მოკვლევა რომ ჩაატაროს ადამიანმა, მიხვდება, რომ ეს ძალიან შორსაა სიმართლისგან. თავიდანვე ცოტა მეტი ანალიზი რომ გაკეთებულიყო, გასაგები იქნებოდა, რომ ტელესკოლა და მისი გაკვეთილები, რომლებიც გაკვეთილებიც არ იყო და მხოლოდ ვიდეოები იყო, ამ მიზანს ვერ შეასრულებდა", — ამბობს ის.
სპეციალისტი დადებითად აფასებს იმას, რომ სამინისტრომ გაწერა პროცედურები, როგორ უნდა დასრულდეს სასწავლო პროცესი და შეფასების საკითხებზეც მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია.
თუმცა, მას მთავარ გამოწვევად კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების უარყოფითი შედეგების შემცირება მიაჩნია, განვითარების სტრატეგიული გეგმა კი მინისტრის პრეზენტაციაში ვერ დაინახა.
"ეპოქა არის შეცვლილი, ციფრული ტექნოლოგიები განვითარებულია და სიღარიბის გამო არსებობს ციფრული დაყოფა — როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიებთან და უწყვეტ ინტერნეტთან. როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და დღესაც, კრიტიკულ შემთხვევაში, შეზღუდვების დროს, ჩვენ ვიცით, რომ ამ ციფრული დაყოფის შედეგად, ბავშვები ვერ ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში ან თუ ჩაერთვნენ, ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ, რომ ინტერნეტი უწყვეტად ჰქონდეთ, იმიტომ, რომ მობილური ინტერნეტი ძალიან ძვირია", — ამბობს ის.
თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ სექტემბრისთვის უნდა შემუშავდეს გეგმა, როგორ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან იმ ბავშვებს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ. მისი თქმით, შესაძლოა, სიტუაცია მანამდე არ შეიცვალოს და სამინისტრომ უნდა იზრუნოს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, რომელიც ტრადიციული სასწავლო პროცესის ინტერნეტში გადატანას სულაც არ ნიშნავს.
"უნდა შემუშავდეს გეგმა, როგორ მოხდება დისტანციური სწავლების ელემენტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. დღეს რაც ხდება, ეს არის ტრადიციულ სასწავლო ოთახში მიმდინარე პროცესის ვირტუალურ სივრცეში გატანა. მაგრამ დისტანციურ განათლებას თავისი მეთოდოლოგია აქვს და ამაში სჭირდებათ სკოლებს დახმარება", — ამბობს ის.
მისთვის მისაღებია, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდა, რადგან დირექტორების, სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მცდელობის შედეგად სწავლა გაგრძელდა. თუმცა სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სხვა საკითხია, როგორი იყო ჩართულობა სასწავლო პროცესში.
"ცხადია, ეს რესურსები შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისი. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ბავშვების ზუსტი რაოდენობაც კი არ ვიცით. ამ დროს, არ არის რთული მათი რაოდენობის დადგენა, რადგან ნებისმიერ ციფრული პლატფორმა ინახავს ინფორმაციას, ვთქვათ, ბავშვები როდის შედიან ინტერნეტში, რამდენჯერ შევიდნენ. ეს სკოლის დონეზეც შეიძლება მოგროვდეს, არ არის ეს პრობლემა.
შედეგები არის საკვლევი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ბავშვი ესწრებოდა, რამდენი არ ესწრებოდა, როგორია მათი მიღწევები და ა.შ.", — ამბობს მოსიაშვილი.
განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი სპეციალისტი რევაზ აფხაზავაც. მისი თქმით, Covid 19-ს მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა და ძალიან ბევრი ქვეყანა დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ განათლების სისტემა უნდა გადაეწყოს.
აფხაზავას აზრით, თანამედროვე განათლება ტექნიკისა და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია და დისტანციური განათლების განვითარება მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებული არ არის — ვირუსმა ეს პროცესი უბრალოდ ეს დააჩქარა.
მასაც მიაჩნია, რომ სამინისტრომ სცენარის უარესად განვითარებაზე უნდა იფიქროს და ყველანაირი გეგმა ჰქონდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ახლა გადაიდგა, გამყარდეს და ამ დისტანციური განათლების განვითარება გავაგრძელოთ. მნიშვნელობა არ აქვს პანდემიას, მობრუნდება ვირუსი თუ არ მობრუნდება, ეს მიმართულება ყველა ვარიანტში უნდა განვითარდეს საქართველოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის და ა.შ. ამიტომ, ამ მიმართულების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამაზე განათლების სამინისტრომ უნდა იფიქროს. ჰიბრიდულ სწავლების მეთოდებზე გადასვლა მნიშვნელოვანია", — ამბობს ის.
აფხაზავა დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის გაცდენილი კვირების კომპენსირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამინისტრომ მათთვის სექტემბრიდან ინდივიდუალური პროგრამები უნდა შექმნას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსწავლეები სასწავლო პროცესისგან კიდევ უფრო გაირიყებიან, რაც მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება.
"არიან მოსწავლეები, რომლებიც, სამწუხაროდ, მოწყვეტილები არიან და დარჩნენ ამ დისტანციური განათლების მიღმა, მაგრამ ჩვენ ხელმისაწვდომობის პრობლემა მანამდეც გვქონდა. როცა ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სასკოლო განათლების პროცესი, მაშინაც იყო მნიშვნელოვანი პრობლემა მოსწავლეებში, რომლებიც, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დადიან სკოლაში, ვერ ძლევენ პროგრამებს და უჭირთ სწავლა, იმიტომ, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ მძიმე და ა.შ. მაგრამ ამის გამო ჩვენ აკადემიური წელი კი არ უნდა გამოვაცხადოთ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ჯგუფებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, დამატებითი მიზნობრივი პროგრამები გვქონდეს, დამატებითი რესურსები გამოვყოთ მათი განათლების უფლების უზრუნველყოფისათვის", — ამბობს ის.
აფხაზავა ტელესკოლის მიმართ უარყოფითად არ არის განწყობილი, თუმცა მიაჩნია, რომ ილუზია, თითქოს დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებისთვის ეს საკმარისია, არავის უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ტელესკოლის არსებობა ხელს არ უშლის იმას, რომ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტითა და შესაბამისი ტექნიკით დაეხმარონ.
რევაზ აფხაზავაც ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს სამინისტრო შემდგომ ეტაპებზე და როგორ უზრუნველყოფს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდათ.
"საინტერესო იქნება ამ გამოწვევას როგორ უპასუხებს სამინისტრო. ტექნოლოგიებზე წვდომა რამდენად გაიზრდება საქართველოში, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განათლების ხარისხიც და ამ მოსწავლეების აკადემიური წარმატებაც", — ამბობს ის და დასძენს, რომ აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს, რამდენ მოსწავლეს სჭირდება აუცილებელი დახმარება და რა ტიპის — ინტერნეტი, ტექნოლოგიები თუ ორივე.
პარალელურად, განათლების მინისტრი ამტკიცებს, რომ სამინისტროს ძალისხმევა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის მხრივ, სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოდ დასახელდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სამაგალითოდ იქნება შეფასებული და გაზიარებული დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეების პრობლემები. როგორც მიხეილ ჩხენკელმა თქვა, სამინისტრო უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. არსებულ გამოწვევებთან მიმართებით სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციასა და სტრატეგიას ელიან სპეციალისტებიც.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები