ადამიანებმა დიდ ჯგუფებად ნადირობა 50 000 წლის წინ დაიწყეს — კვლევა
ფოტო: Shutterstock
რამდენიმე ტურზე (Bos primigenius) ერთდროულად ნადირობა მარტივი არ იქნებოდა. ამისთვის უძველეს ადამიანებს ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებოდათ. მეტიც, საჭირო იქნებოდა ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებშიც ყოველ ინდივიდს კონკრეტული დავალება ექნებოდა.
და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, ამისთვის საჭირო ორგანიზაციული უნარები ადამიანებმა დაახლოებით 50 000 წლის წინ შეიმუშავეს. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე დაჯაბნა ჰომო საპიენსმა ნეანდერტალელი.
კაცობრიობის ისტორიის ბოლო 50 ათასწლეული სრულიად უნიკალურია. გაურკვეველი მიზეზების გამო, დაახლოებით 50 000 წლის წინ, ადამიანებში კოგნიტიური შესაძლებლობები დაიხვეწა. შედეგად, ადამიანებმა დაიწყეს უფრო მეტი ხელოვნების ნიმუშების შექმნა და ჩამოაყალიბეს რთული რიტუალები. "დიდი ნახტომის" სახელით ცნობილ ამ კულტურულ ფენომენს ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი ახსნა, თუმცა ანთროპოლოგები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ჰომო საპიენსებს შორის თანამშრომლობასთან იყოს დაკავშირებული.
ამაში უკეთ გასარკვევად მკვლევრებმა 50 000 წლის წინანდელი ნადირობის კვალის შესწავლა გადაწყვიტეს.
"მსგავსი აქტივობა, რომელიც რამდენიმე ტურის მონადირებას გულისხმობს, ბევრი ადამიანის ჩართულობას საჭიროებს. მათ ამისთვის თანამშრომლობა რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევდათ", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს ისრაელში მდებარე ნეშერ რამლას სახელწოდების ნამარხზე. აქ უამრავი ტურის ნაშთებია აღმოჩენილი და მათზე ადამიანის ნადირობის კვალია. 120 000 წლით დათარიღებული ეს ადგილი ნეანდერტალელის მსგავსი ჰომინინებით იყო დასახლებული, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ადამიანებთან ერთად თანაარსებობდნენ.
და მაინც, ნეშერ რამლაში ნაპოვნი ტურების ნაშთების ანალიზი აჩვენებს, რომ დახოცილი ცხოველები ერთსა და იმავე ჯოგს არ ეკუთვნოდნენ. როგორც ჩანს, ეს პრეისტორიული მონადირეები რამდენიმე ცხოველის ერთდროულად მონადირებას ვერ ახერხებდნენ.
კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ნაშთები მდედრ ცხოველებს ეკუთვნოდათ და ისინი ერთ ჯგუფში არ შედიოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა ცხოველები მასშტაბური ნადირობისას, ერთდროულად ვერ დახოცეს.
არქეოლოგიურ ნიმუშებზე დაკვირვებით, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებმა დიდ ჯგუფებად ნადირობა პირველად 50 000 წლის წინ დაიწყეს. დიდი ალბათობით, უფრო ადრე უძველეს ადამიანებს ამის უნარი გამომუშავებული არ ჰქონდათ.
სწორედ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო ნეანდერტალელებისა და დენისოველების გადაშენების მიზეზი. როგორც ჩანს, მათ, ჰომო საპიენსისგან განსხვავებით, დიდ ჯგუფებად ნადირობა არ შეეძლოთ.
კვლევა ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები