ასტეროიდ ბენუს ნიმუშებში ბედნიერებასთან დაკავშირებული მოლეკულის კვალს მიაგნეს
ფოტო: NASA's Scientific Visualization Studio
NASA-ს-მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე მოპოვებულ ნიმუშებში მეცნიერებმა ამინომჟავა ტრიპტოფანის კვალს მიაგნეს. ის ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის წარმოქმნაში მონაწილეობს, რომელსაც "ბედნიერების ჰორმონსაც" უწოდებენ. თუ კვლევის შედეგები დადასტურდება, ეს არამიწიერი ობიექტის შედგენილობაში ტრიპტოფანის დაფიქსირების პირველი შემთხვევა იქნება და, შესაძლოა, სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით მეტის გაგებაშიც დაგვეხმაროს.
მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, რა როლი შეასრულა დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენაში კომეტებმა და ასტეროიდებმა. შესაძლოა, პლანეტაზე ამისთვის საჭირო ნაერთები სწორედ მათი მეშვეობით მოხვედრილიყო, რასაც ბევრი აღმოჩენა შეესაბამება. მაგალითად, ასტეროიდ ბენუსა და რიუგუს ნიმუშებში ამინომჟავების წარმომქმნელი მასალები და აზოტოვანი ფუძეებია მიკვლეული.
სპეციალისტებმა ბენუს გრუნტში 20 ამინომჟავა მოძებნეს, რომლებიც ორგანიზმში ცილების ფორმირებას უწყობს ხელს. მათგან 9 სხეულში თავისით არ წარმოიქმნება და მხოლოდ საკვებით მიიღება. ასევე, 5-ივე აზოტოვანი ფუძის პოვნაც უნდოდათ (ადენინი, გუანინი, ციტოზინი, თიმინი და ურაცილი).
ანალიზმა ბენუს მასალაში 14 ამინომჟავასა და აზოტოვანი ფუძეების არსებობა დაადასტურა, რაც აქამდეც ცნობილი იყო. მოულოდნელად გამოვლინდა ტრიპტოფანთან ასოცირებული სიგნალიც, რომელიც სუსტია, თუმცა ნიმუშების სხვადასხვა ნაწილში ფიქსირდება.
ჩვენი ტვინი მას სეროტონინის წარმოსაქმნელად იყენებს, რომელიც განწყობისა თუ გრძნობების დარეგულირებაში გვეხმარება და ბედნიერების შეგრძნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ტრიპტოფანი ჰორმონ მელატონინისა და ვიტამინ B3-ის ფორმირებაშიც მონაწილეობს და მას მხოლოდ საკვებიდან ვიღებთ (რძის ნაწარმი, თხილეული, კვერცხი, თევზი, შინაური ფრინველის ხორცი).
ეს ამინომჟავა ძალიან სუსტია და მეტეორიტთა შეჯახებებს ვერ უძლებს, რითაც ამგვარ ქვებში მისი არარსებობა აიხსნება. ამის მიუხედავად, პირდაპირ ასტეროიდზე ფრთხილად შეგროვებულ ნიმუშებში ის შეიძლება შენარჩუნდეს. თუ ის იქ მართლაცაა, ესე იგი მხოლოდ ბიოლოგიურ პროცესებთან არ ასოცირდება. შესაძლებელია ისიც, რომ არამიწიერ ობიექტებში კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო კომპონენტი იყოს.
მინერალების შესწავლით ისიც დაადგინეს, რომ ამ მოლეკულების წარმოქმნა არა ერთ, არამედ რამდენიმე პროცესს შეიძლება განეპირობებინა, რომლებშიც წყალი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები