შესაძლოა, კომეტა 3I/ATLAS-ზე ყინულოვანი ვულკანები იფრქვეოდეს
ფოტო: Getty Images
მეცნიერებმა ვარსკვლავთაშორის კომეტა 3I/ATLAS-ის სინათლის სპექტრი შეისწავლეს და ის NASA-ს მიერ ანტარქტიდაზე მოპოვებული მეტეორიტების დაუბინძურებელი ნიმუშებისას შეადარეს. შედეგად დაადგინეს, რომ შეიძლება ის ნახშირბადული ობიექტი იყოს და კრიოვულკანური აქტიურობა ახასიათებდეს. ამის შესახებ ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირების პროცესი ჯერ არ გაუვლია.
მზის სისტემაში შემოსული ეს რიგით მესამე ვარსკვლავთაშორისი ობიექტი კვლევის ავტორებისთვის საინტერესო იმ მხრივ იყო, რომ იგი კოსმოსურ სხივებს მილიარდობით წლის განმავლობაში გადაურჩა. ამისთვის მნათობთა შორის არსებულ სივრცეში მოძრავ ასეთ ძველ კომეტას სერიოზული მექანიკური სიმტკიცე სჭირდება, თანაც ის დიდიცაა — 0.3-5.6 კმ. დიამეტრის. ასევე, ეს სხეული ბრუნვას 16 საათს ანდომებს და შედეგად ზედაპირზე მზის სითბოს თანაბრად ანაწილებს.
ასევე, იხილეთ: რა არის 3/I Atlas — ყველაფერი, რაც იდუმალ ციურ ობიექტზე ვიცით
მეცნიერები ამბობენ, რომ 3I/ATLAS საკუთარი სისტემიდან უნდა გამოვარდნილიყო, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, სხვა ობიექტთან ზედმეტად მიახლოება გახდა. უკანასკნელი 500 პარსეკის (1 პარსეკი=3.26 სინათლის წელი) ფარგლებში მას სხვა ვარსკვლავთან მცირე დისტანციაზე არ უნდა ჩაევლო.
ანტარქტიდის ნახშირბადულ ქონდრიტებთან კომეტის სპექტრის შედარებამ აჩვენა, რომ ის ნეპტუნის მიღმა არსებულ ობიექტებს ჰგავს. შესაბამისად, შეიძლება იგი პრიმიტიული ნახშირბადული სხეული იყოს, რომელიც მეტალებს შეიცავს და მზესთან მიახლოებისას მნიშვნელოვან "წყლოვან" ცვლილებას განიცდის. ამაში მეცნიერები ყინულოვანი ვულკანების (კრიოვულკანების) გააქტიურებას გულისხმობენ.
"ვფიქრობთ, რომ მეტალებისა და წყლის ყინულის სიუხვის კომბინაცია შეიძლება [კომეტის] კომის უჩვეულო მორფოლოგიასა და ქიმიურ შედგენილობას ხსნიდეს", — აცხადებენ ავტორები.
კრიოვულკანიზმის დროს ობიექტის ზედაპირზე ქვემოდან ამოტყორცნილი მატერია იფრქვევა. ეს ფენომენი ჩვენი მეზობელი გიგანტური პლანეტების თანამგზავრებსა და ნეპტუნის მიღმა ობიექტებზე ფიქსირდება. მართალია, ისინი ზომით 3I/ATLAS-ზე დიდია, თუმცა მზის გავლენით ამგვარ პროცესებს უფრო მომცრო სხეულებზეც არ გამორიცხავენ.
ასევე, იხილეთ: რატომ არ არის კომეტა 3I/ATLAS "უცხოპლანეტური ხომალდი" — კონსპირაციის უარყოფა
მეცნიერების თქმით, ამაზე კომეტის სიკაშკაშის მატება და დიფუზიური კომის ფორმირებაც მიანიშნებს. მიზეზი ზედაპირთან ახლომდებარე აქროლადი ელემენტების აქტივაციაა მაშინაც კი, როცა წყლის ყინულის სუბლიმაცია ბოლომდე ვერ მიიღწევა, რასაც ადგილობრივად ტემპერატურისა და წნევის ზრდას უკავშირებენ.
3I/ATLAS მიმდინარე წლის პირველ ივლისს ATLAS-ად წოდებული ასტრონომიული სისტემით აღმოაჩინეს. ის მესამე ვარსკვლავთაშორისი ობიექტია, რომელიც ჩვენს სისტემაში მოხვდა. დანარჩენი ორი ოუმუამუა და ბორისოვია, რომლებიც 2017 და 2019 წლებში დაფიქსირდა.

კომენტარები