რუსეთს კოსმონავტების გაგზავნა აღარ შეუძლია — დაზიანებულია რაკეტის გამშვები პლატფორმა
ფოტო: Bill Ingalls/NASA
რუსეთმა ახლახან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) სამი ადამიანი გაგზავნა, რა დროსაც ქვეყნის ერთადერთი სარაკეტო გამშვები პლატფორმა დაზიანდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 60-ზე მეტ წელში პირველად, მათ ეკიპაჟიანი მისიის განხორციელება დროებით აღარ შეუძლიათ.
ფრენა 27 ნოემბერს შედგა და რაკეტა Soyuz MS-28 ყაზახეთში არსებული ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს. მასში მყოფი კოსმონავტები სერგეი სვერჩკოვი და სერგეი მიკაევი იყვნენ, რომლებთან ერთადაც NASA-ს ასტრონავტმაც იმგზავრა — კრის უილიამსმა. სამივე მათგანმა დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიაღწია და იქ მომდევნო 8 თვის განმავლობაში დარჩებიან.
ამის მიუხედავად, აპარატის აფრენიდან მალევე რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო "როსკოსმოსმა" გამშვები პლატფორმის შესახებ განაცხადა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მისმა შემოწმებამ სხვადასხვა კომპონენტის დაზიანება გამოავლინა, რასაც "მალე მოაგვარებდნენ". ამის მიუხედავად, თვითმხილველები ამბობენ, რომ 22-ტონიანი სერვის პლატფორმა (რომელსაც რაკეტის ძრავებთან მისასვლელად იყენებენ) ცეცხლის ალის გამოსადევნ ნაწილში ჩავარდა. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება სტრუქტურა სათანადოდ ჩაკეტილი არ ყოფილიყო.
ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე რუსეთს კოსმონავტების გაგზავნა არ შეუძლია.
ბაიკონურის კოსმოდრომი 1950-იანი წლების მიწურულს ააგეს, როცა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის "კოსმოსური რბოლა" მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რუსეთს წელიწადში 115 მილიონ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ გადაეცა; ქვეყანას თავის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ორი კოსმოდრომიც აქვს, "ვოსტოჩნი" და "პლესეცკი", თუმცა იქიდან Soyuz-ით ეკიპაჟიან მისიებს ვერ უშვებენ.
2020 წლიდან ბაიკონურის კოსმოდრომზე მხოლოდ პლატფორმა 31/6 ფუნქციონირებს, საიდანაც 400-ზე მეტი ფრენა შედგა. მანამდე რუსეთმა პლატფორმა 1/5-ის გამოყენება შეწყვიტა (სწორედ ამ ადგილიდან გაუშვეს იური გაგარინი კოსმოსში 1961 წელს). ცნობილია, რომ მისი ნაწილები დაზიანებული სტრუქტურის შესაკეთებლად არ გამოდგება.
რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტებს ყოველ 6 თვეში ერთხელ გზავნის. ბოლო პერიოდში ეს სიხშირე შემცირდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ISS-ის პროექტში ქვეყნის ნაკლები ჩართულობაა, რადგან ის 2030 წლისთვის დასრულდება.
მომდევნო ეკიპაჟიანი მისია 2026 წლის ივლისშია ჩანიშნული, ტვირთის მიწოდება კი 20 დეკემბერს იგეგმება. იქნება თუ არა მზად გამშვები პლატფორმა ამ დროისთვის, ჯერჯერობით გაურკვეველია.

კომენტარები