დედამიწაზე არის ბუნებრივი ადგილები, რომელთა მიმდებარედაც განსაკუთრებული სიჩუმეა. მათ შორის ყველაზე ჩუმის იდენტიფიცირება ძნელია, რადგან ამაზე ხმაურის ისეთი უკონტროლო წყაროები ზემოქმედებს, როგორიც ქარი ან თვითმფრინავებია.

ამის მიუხედავად, ერთ-ერთი კანდიდატი აშშ-ის კუნძულ მაუიზე არსებული ვულკანი ჰალეაკალაა. ის წყნარი ოკეანიდან 3055 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და თავადაც საკმაოდ "წყნარია".

"ბუნებრივი ხმები, პანორამული ხედები და ბნელი ღამის ცა ის ფაქტორებია, რომლებიც ჰალეაკალას უნიკალურ ავთენტურობას ქმნის. კრატერში გარემომცველი ხმების დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანის სმენის მინიმალურ ზღვარს უახლოვდება", — წერია ეროვნული პარკების სამსახურის აღწერაში.

კრატერის სიღრმის გამო იქ ქარი არ ქრის, მცენარეთა საფარის არქონა კი მათი შრიალის ხმასაც ამცირებს; იქ ცხოველებისთვის შესაბამისი ჰაბიტატიც არაა, ამიტომ ისინიც არ ხმაურობენ. შესაბამისად, ჰალეაკალა ძალიან ჩუმი ადგილია.

ჰალეაკალას ეროვნული პარკის აკუსტიკური მახასიათებლები 2003 წელს შეისწავლეს და დაადგინეს, რომ სანაპირო ზოლის გასწვრივ ბუნებრივი ხმების დონე დღის განმავლობაში 21-დან 45 dBA-მდე (A-წონიანი დეციბელი, ანუ ადამიანის ყურის მიერ აღქმული) მერყეობდა; თავად კრატერის მიმდებარედ ეს მაჩვენებელი 10 dBA-საც უტოლდება ხოლმე, პარკის შედარებით ხალხმრავალ ნაწილში კი 23-იდან 46 dBA-მდეა. ვიზიტორები ხშირად ამბობენ, რომ იქ ზოგჯერ საკუთარი გულისცემაც კი ესმით.

რაც შეეხება გამორჩეულად ჩუმ ხელოვნურ გარემოს, მას ჰალეაკალას კრატერიც კი საკმაოდ ჩამოუვარდება. ესაა ოთახი, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ გარეშე ხმები მაქსიმალურად შეზღუდოს. ამის შედეგად, იქ ხმაურის დონე -24.9 დეციბელია.

ესაა ასევე აშშ-ში, კერძოდ მინესოტაში, მდებარე ორფილდის აკუსტიკური ლაბორატორია, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით რეკორდულად ჩუმი ადგილია. ამ ოთახში ხმის 99.99% შთაინთქმება, ანუ იქ ექოები არ ისმის; ძირს შესაძლებელია ამრეკლავი სიბრტყის დამატებაც, ოთახის მიახლოებითი ნომინალური ზომა კი 12 × 10 × 7.4-ია (3.66 მ × 3.05 მ × 2.24 მ).

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლაბორატორიამ გინესის რეკორდებში "მსოფლიოში ყველაზე ჩუმი ადგილის" წოდება სამჯერ მიიღო: 2004, 2012 და 2021 წლებში. მას ტესტირებებისთვის იყენებენ, თუმცა ადამიანთა ინტერესიც დიდია, რის გამოც ოთახს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს.

ბგერების შთანთქმისთვის მინაბოჭკოვანი მასალა გამოიყენება, სპეციალური ქაფით ბგერის ენერგიას ახშობენ, ჩაშენებული ვიბრაციული დამხშობი კი გარედან ხმაურის შემოღწევას ეწინააღმდეგება.

ამ ოთახთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა ვრცელდება. მაგალითად, თითქოს იქ 45 წუთზე მეტხანს ვერავინ გაძლო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჭორის გასაქარწყლებლად New York Times-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი ლაბორატორიაში 3 საათით გაჩერდა.

ამის მიუხედავად, ოთახში ყოფნა ნამდვილად არაა მარტივი, რადგან ვიზიტორებს ხშირად გულისრევა და უჩვეულო შეგრძნებები აწუხებთ, ზოგს კი საკუთარ სხეულში სისხლის მოძრაობის ან თვალების დახამხამების ხმაც ესმის.

რა თქმა უნდა, თავად ბგერა მინუს მაჩვენებელში ვერ გადავა, მაგრამ დეციბელები — კი. ეს იმიტომ, რომ ის დანარჩენი საზომი ერთეულებისგან განსხვავებულია. მისი მასშტაბები ლოგარითმულია, რითაც კარგად მიესადაგება ბგერის ინტენსივობის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ადამიანის ყურის მიერ აღქმადია.

მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ 80 მეტრი სიმაღლის შენობა. თუ მას კიდევ 10 მეტრს დავუმატებთ, ნაგებობის ზომა 12.5%-ით გაიზრდება, რაც ჩვენთვის მცირე ცვლილებად გამოჩნდება — ეს წრფივი გაზომვაა; ლოგარითმული მასშტაბით, თუკი ბგერა 80 დეციბელია და 10 დეციბელს დავუმატებთ, ხმა 10-ჯერ გაიზრდება და ჩვენი ყურისთვის 10-ჯერ უფრო ხმაურიანი იქნება.

0 დეციბელი ადამიანის სმენის მიჯნაა, ანუ მაქსიმალური სიჩუმე, რომლის მოსმენაც შეგვიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.