უძველესი ნამარხების მიხედვით, ანაკონდებს სხეულის უზარმაზარი ზომა 12.4 მილიონი წელია, აქვთ. ისინი ამ სიდიდის დაახლოებით შუა მიოცენის პერიოდში უნდა გამხდარიყვნენ და მას შემდეგ ეს გამორჩეული მახასიათებელი დღემდე შეინარჩუნეს. ამის შესახებ მეცნიერები ახალ ნაშრომში წერენ, რომელიც გამოცემაში Journal of Vertebrate Paleontology გამოქვეყნდა.

შუა და გვიანი მიოცენის დროს (12.4-5.3 მილიონი წლის წინ) დედამიწაზე თბილი ტემპერატურა, ფართო ჭაობები და საკმარისი საკვები იყო, რამაც ბევრი სახეობის ფიზიკურად ზრდა განაპირობა. ამის მიუხედავად, თანამედროვე ეპოქამდე ბევრმა ვერ მოაღწია, მაგალითად, გიგანტურმა ნიანგებმა და კუებმა. მათი გადაშენების მიზეზი სიცივე და ჰაბიტატის ფართობის შემცირება შეიძლება ყოფილიყო.

იმ დროის ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც არსებობას დღემდე განაგრძობს, სწორედ ანაკონდაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გველები საკმაოდ ამტანები და გამძლეები აღმოჩნდნენ, ამჟამად კი ერთ-ერთი სახეობა, Eunectes murinus, ყველაზე მასიურ ასეთ ქვეწარმავლადაც მიიჩნევა (227 kg). ისე კი ანაკონდების საშუალო სიგრძე 4-5 მეტრია, მაგრამ 7 მეტრსაც შეიძლება აღწევდეს.

იმის გასაგებად, თუ როგორები იყვნენ ისინი წარსულში, მეცნიერებმა ვენესუელაში ნაპოვნი 182 განამარხებული მალა შეისწავლეს, რომლებიც სულ მცირე 32 გველს ეკუთვნოდა. ასევე, ძველად არსებული გველების მახასიათებლები მათთან მონათესავე ქვეწარმავლების მიხედვით ივარაუდეს.

ფოტო: Jorge Carrillo-Briceño

ამ გამოთვლების თანახმად, 12 მილიონი წლის წინ მათი საშუალო სიგრძე 5.2 მეტრი იყო, ანუ დაახლოებით ისეთი, როგორიც ახლაა. მკვლევრების თქმით, ასეთ შედეგებს არ ელოდნენ, რადგან ეგონათ, რომ მიოცენის პერიოდის ანაკონდები 7-8 მეტრი სიგრძის იყვნენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხეს ამ გველებმა ზომის შენარჩუნება მილიონობით წლის განმავლობაში. წესით, ტემპერატურის კლებასა და საცხოვრებელი არეალის შეზღუდვას დროთა განმავლობაში მათი დაპატარავება უნდა გამოეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა. აქედან ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტორები მათ ევოლუციაში ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო.

სხეულის სიდიდის შენარჩუნებაში დიდი როლი არ უნდა შეესრულებინა მტაცებელ-მსხვერპლის ურთიერთობასაც. მათ საკვების მოსაპოვებლად ბრძოლა არ უწევდათ და ზომაში მაშინაც არ შემცირებულან, როცა სხვა მტაცებლები პლიოცენისა და პლეისტოცენის პერიოდში სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.