NASA-ს მარსმავალმა Perseverance წითელ პლანეტაზე მცირე მასშტაბის ელექტრული განმუხტვები დააფიქსირა. ეს ე.წ. მინი-ელვა აპარატმა მტვრის ქარიშხლებისა და ქარბორბალების დროს შენიშნა. კერძოდ, ორი მარსული წლის განმავლობაში სულ 55 ასეთი შემთხვევა გამოავლინეს.

ელვა მაშინ წარმოიქმნება, როცა ატმოსფეროს ტურბულენტური პირობები იქ არსებულ ნაწილაკებს აბნევს და ერთმანეთს აჯახებს. სწორედ ამის შედეგად ვიღებთ მუხტებს, რომლებიც იმ ოდენობით გროვდება, რომ, საბოლოოდ, განმუხტვას უწვევს; დედამიწაზე ეს ფენომენი ხშირია და წყლის ორთქლის ღრუბლებთან ასოცირდება, თუმცა მისი ფორმირება ნესტს არ საჭიროებს. ამისთვის, მაგალითად, მტვრის ქარიშხალიც კმარა, რომლის სილიკატის ნაწილაკებიც ელექტრობას არ ატარებს და მუხტის გაჩენასაც განაპირობებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგივე მექანიზმი მარსზეც შეიძლება არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ატმოსფერო ბევრად თხელი და მშრალია. ასევე, ელვა ისეთ პლანეტებზეც გვხვდება, როგორიც იუპიტერნი, სატურნი, ნეპტუნი და ურანია — ყველა მათგანის გარემო ჩვენი პლანეტისგან განსხვავებულია. რაც შეეხება მარსს, პროგნოზირებდნენ, რომ მის შემთხვევაში ამგვარი რამ ზედაპირთან ახლოს უფროა მოსალოდნელი, რადგან ატმოსფერული წნევა იქ ყველაზე მაღალია.

საბედნიეროდ, Perseverance-ს აქვს სპეციალური ინსტრუმენტი, სახელად SuperCam, რომელსაც ელექტრომაგნიტური ცვლილებებისა და ხმის დაფიქსირება შეუძლია. მეცნიერებმა მიკროფონის 28-საათიანი ჩანაწერი შეისწავლეს და მტვრის "ღრუბლებში" 55 განმუხტვის იდენტიფიცირება შეძლეს. მათგან 7-ს სრული ელექტრული განმუხტვისთვის დამახასიათებელი განსხვავებული ნიშნები ჰქონდა.

ფოტო: Chide et al., Nature, 2025

პირველ რიგში, ინსტრუმენტი უეცარ ელექტრულ სიგნალს ამჩნევს, რასაც დაახლოებით 8 მილიწამის განმავლობაში მისი შესუსტება მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებული 7 მოვლენა დასრულდა ისეთი მცირე ბგერითი ტალღით, რომელიც ელექტრული განმუხტვის მიერ აირის გაცხელებისა და გაფართოების შედეგად წარმოიქმნება. ესაა ხმა, რომელიც ელვას ახლავს ხოლმე თან, თუმცა, ამ შემთხვევაში, შემცირებული მასშტაბით.

სიგნალის ბუნებრივი წარმომავლობის დასადასტურებლად სპეციალისტებმა დედამიწაზე არსებული SuperCam-ის ასლი გამოიყენეს და მარსზე აღმოჩენილის მსგავსი ელექტრული განმუხტვები ჩაიწერეს. დადგინდა, რომ 55-იდან 54 მოვლენა განსაკუთრებულად ძლიერი ქარების დროს დაფიქსირდა და ყველაზე მეტად მტვრის ქარიშხლებთან ასოცირდებოდა, 17 კი მტვრის ქარბორბალების გამოჩენას დაემთხვა.

ინსტრუმენტის მიერ ჩაწერილი 7 განმუხტვიდან 6-ის ენერგია 0.1-დან 150 ნანოჯოულამდე იყო, ერთი კი 40 მილიჯოულამდე აღწევდა. ეს უკანასკნელი მარსმავლისა და პლანეტის ზედაპირის ურთიერთქმედებისას წარმოქმნილ განმუხტვას დაუკავშირეს. შედარებისთვის, დედამიწაზე ელვის საშუალო ენერგია დაახლოებით მილიარდი ჯოულია, ამიტომ მარსზე ეს ფენომენი საკმაოდ განსხვავებულია.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მიგნება ახალი ატმოსფერული მოდელების შექმნასა და მარსის სიცოცხლისუნარიანობაზე უკეთ მსჯელობაში დაგვეხმარება. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.