ჩერნობილის მიტოვებულ შენობებში შავი შეფერილობის უცნაური სოკო იზრდება, რომელსაც Cladosporium sphaerospermum ჰქვია. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ იგი მელანინის (მუქი პიგმენტი) დახმარებით მაიონიზებელ რადიაციას შთანთქავს — დაახლოებით ისე, როგორც მცენარეები შთანთქავენ მზის სინათლეს ფოტოსინთეზისთვის. ამ სავარაუდო მექანიზმს სახელიც კი აქვს — რადიოსინთეზი.

როგორც ვთქვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს სოკო რადიაციის პირობებში ხარობს, თუმცა არავინ იცის, თუ რატომ ან როგორ. რადიოსინთეზი უბრალოდ თეორიაა, რომლის დამტკიცებაც რთულია.

ყველაფერი 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო, როცა უკრაინელი ბიოლოგების გუნდი ჩერნობილს ეწვია: მათ სურდათ, დაედგინათ, სიცოცხლის რომელი ფორმები ხარობდა განადგურებული რეაქტორის მახლობლად. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სოკოების მთელი "საზოგადოება" იპოვეს: 37 სახეობა. აღსანიშნავია, რომ ყველა ორგანიზმი მუქი შეფერილობის იყო, ბევრი მათგანი — შავი. მაშასადამე, ჩერნობილის სოკოებს ბევრი მელანინი აქვს.

ჩერნობილში სოკოს ყველაზე გავრცელებული სახეობა C. sphaerospermum აღმოჩნდა, რომელსაც, ასევე, რადიოაქტიური დაბინძურების ყველაზე მაღალი დონეები აღმოაჩნდა.

ეს ყველაფერი არ არის: მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ C. sphaerospermum რადიაციასთან შემხებლობის შედეგად ისე არ ზიანდება, როგორც სხვა ორგანიზმები.

მაიონიზებელი რადიაცია ნაწილაკების მძლავრ გამოყოფას გულისხმობს, ამ პროცესში ელექტრონები ატომებს წყდება და იონურ ფორმებს იღებს. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უწყინარი მოვლენა უნდა იყოს, თუმცა იონიზაციას ბიოქიმიურ რეაქციებში ჩარევა და დნმ-ის დაშლაც კი შეუძლია.

მეორე მხრივ, C. sphaerospermum რადიაციისადმი არამხოლოდ რეზისტენტული აღმოჩნდა, არამედ ამ პირობებში გაიხარა კიდეც. მეცნიერებმა პირველად 2008 წლის კვლევაში გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქმე ფოტოსინთეზის მსგავს პროცესთან გვქონდა. როგორც აღმოჩნდა, ეს სოკო (და მისი მსგავსი სხვა სახეობები) მაიონიზებელ რადიაციას ენერგიად გარდაქმნის, მელანინი კი თითქოს ქლოროფილის ფუნქციას ითავსებს. ამავდროულად, იგი სოკოს რადიაციის მავნე ზეგავლენისგანაც იცავს.

ამ მიგნებებს 2022 წლის კვლევაც ადასტურებს: მეცნიერებმა C. sphaerospermum კოსმოსში გაიტანეს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გარედან მიამაგრეს ისე, რომ სოკოს კოსმოსური გამოსხივება მოხვედროდა. ამ ნაშრომის მიზანი ფოტოსინთეზის დემონსტრირება ან შესწავლა არ ყოფილა. მეცნიერებს სინამდვილეში იმის გაგება სურდათ, თუ რამდენადაა შესაძლებელი სხვადასხვა კოსმოსურ მისიაში ამ სოკოს "რადიაციულ ფარად" გამოყენება. შესაბამისად, ამ ნაშრომით ვერ დაადგინეს, თუ როგორ ან რატომ აქვს ამ სოკოს მსგავსი ეფექტი.

თავად რადიოსინთეზის იდეაც საინტერესოდ ჟღერს, თუმცა კიდევ უცნაური ისაა, თუ როგორ ახერხებს სოკო ადამიანებისთვის ამდენად დამაზიანებელი გამოსხივების განეიტრალებას.

როგორც ვთქვით, მსგავსი უნარი სოკოს სხვა სახეობებსაც აღმოაჩნდათ. Wangiella dermatitidis შავი საფუარია, რომელიც მაიონიზებელი რადიაციის პირობებში განსაკუთრებულად იზრდება. არსებობს კიდევ ერთი სახეობა, Cladosporium cladosporioides, რომელიც გამა ან ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ მეტ მელანინს გამოყოფს, თუმცა განსაკუთრებულად არ იზრდება.

უცნობია, თუ როგორ იხსნება ეს ყოველივე, თუმცა საინტერესოა, რომ სიცოცხლის ზოგი ფორმა ჩერნობილის უმძიმეს პირობებშიც კი ხარობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.