ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, 16 წლამდე ასაკის მოზარდებს მშობლების თანხმობის გარეშე სოციალურ მედიაზე წვდომა უნდა შეეზღუდოთ. 26 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით რეზოლუცია დიდი უმრავლესობით მიიღეს.

ეს რეზოლუცია ევროპარლამენტის წევრ ქვეყნებს კანონის მიღებას არ ავალდებულებს, მაგრამ მათზე იურიდიულ ზეწოლას ზრდის. პოლიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება ფსიქიკური ჯანმრთელობის იმ რისკების აღმოსაფხვრელად მიიღეს, რომლებსაც მოზარდებში ინტერნეტის შეუზღუდავი წვდომა აჩენს.

ფოტო: aa.com.tr

ოფიციალური კანონების მიღებაზე ევროკომისია აგებს პასუხს. ცნობილია, რომ ავსტრალიაში მსგავსი კანონი უკვე მიიღეს. ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ავსტრალიის შემთხვევას შეისწავლიდა. იგი ბავშვებში სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაზე ხშირად საუბრობს და ადიქციების განვითარების მიზნით შექმნილი ალგორითმების წინააღმდეგია.

დამატებით, სპეციალისტები არამარტო სოციალური ქსელების, არამედ ზოგადად მობილური ტელეფონების შეზღუდვაზეც საუბრობენ. გასულ წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ექსპერტთა ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბავშვებს სმარტფონების გამოყენების უფლება 13 წლამდე, ხოლო სოციალური მედიით სარგებლობის უფლება კი 18 წლამდე არ უნდა ჰქონდეთ.

რეზოლუციის ავტორმა ევროპარლამენტარმა, კრისტელ შალდემოზემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკოსებმა ბავშვების დასაცავად უნდა იმოქმედონ. მისი თქმით, ინტერნეტპლატფორმების უსაფრთხოებაზე არამარტო მშობლებმა, არამედ საზოგადოებამაც უნდა იზრუნოს.

შალდემოზეს ადრინდელ ანგარიშში ნახსენები იყო კვლევა, რომლის თანახმადაც, ოთხიდან ერთი ბავშვი სმარტფონის გამოყენებისას "პრობლემურ" ან "დისფუნქციურ" ჩვევებს ავლენდა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბავშვები სოციალურ მედიაზე წვდომისთვის 16 წლის უნდა იყვნენ, მაგრამ მშობლებს თანხმობის მიცემა 13 წლიდან შეეძლებათ.

ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებში სოციალურ მედიაზე წვდომის შესახებ კანონი 10 დეკემბერს ამოქმედდება.

ფოტო: REUTERS

ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ ინტერნეტის მომხმარებლები ზიანისგან დაიცვას. ამის მიუხედავად, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დეზინფორმაციისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ კანონს ხარვეზები აქვს და ბავშვების დასაცავად მეტად ეფექტიანი უნდა იყოს.

შალდემოზემ განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია მკაფიოა, მაგრამ პარლამენტმა მეტს უნდა მიაღწიოს. მისი თქმით, დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინის მხრივ კანონები არც ისე სპეციფიკურია. აპლიკაციებსა და ვებსაიტებს ისეთი დიზაინი აქვს, რომ მომხმარებლების გადაწყვეტილებზე ზემოქმედებს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, უკუთვლის ტაიმერები, რომლებიც მომხმარებლებს რაიმეს ყიდვისკენ უბიძგებს ან შეტყობინებების ჩართვის შემაწუხებელი მოთხოვნები.

ახალი რეზოლუცია ევროპარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონსა და სხვა ციფრულ კანონებში ცვლილებების გადადო. შალდემოზეს თქმით, იგი მომხრეა, რომ ბევრი არასაჭირო კანონი არ მივიღოთ, მაგრამ ასევე დასძენს, რომ ევროკავშირმა ბავშვების უსაფრთხოებაზე მეტად უნდა იზრუნოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.