გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ საზოგადოებამ 1950-60-იან წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) "გონების კონტროლის" ექსპერიმენტების შესახებ შეიტყო. MKUltra სააგენტოს გასაიდუმლოებული პროგრამა იყო, რომელიც 149 ქვეპროექტს მოიცავდა.

სპეციალისტებმა ცდები ათასობით ისეთ ამერიკელზე ჩაატარეს, რომლებმაც არ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას (უნივერსიტეტებში, კლინიკებში, ციხეებში). მათზე ელექტროშოკით, რადიოტალღებითა და ფსიქოდელიური პრეპარატებით ზემოქმედებდნენ, რათა საბჭოთა მოწინააღმდეგეებისთვის "ტვინის გამორეცხვის" მეთოდები შეემუშავებინათ.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA).

ფოტო: REUTERS/Dado Ruvic

საინტერესოა, რომ ცივი ომის ამ ჯაშუშურმა კვლევებმა არამხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც მოიცვა. მაგალითად, ქირურგებმა კატებს მიკროფონები ჩაუმონტაჟეს და სპილოებს ნარკოტიკული ნივთიერება LSD გაუკეთეს. ერთი, განსაკუთრებით შემზარავი, ექსპერიმენტის ფარგლებში კი მეცნიერებმა ექვს ძაღლს ტვინში ელექტროდები ჩაუნერგეს, რათა მათი მოძრაობები გაეკონტროლებინათ და დისტანციურად მართვად იარაღებად ექციათ.

ეს უკანასკნელი პროექტი 1961-1962 წლებში მიმდინარეობდა. მისი მიზანი ტვინის ელექტროსტიმულაციით ძაღლების ქცევის მართვა იყო. ექსპერიმენტები მეტწილად წარმატებული აღმოჩნდა; ისტორიკოსი ჯონ ლაილი ამბობს, რომ ექსპერიმენტის შედეგად ცხოველების ქცევის დისტანციურად მართვა გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, პროექტს მალევე პრობლემები შეექმნა, რადგან ძაღლებს ინფექციები განუვითარდათ.

1961 წელს ძაღლების პროექტისთვის დაახლოებით 55 ათასი დოლარი გამოიყო. ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ძაღლის ტვინის ე.წ. სიამოვნების ცენტრებზე ელექტროდები დაამაგრეს. მაშინ, როცა ცხოველი სასურველი მიმართულებით მოძრაობდა, მას 50 ვოლტამდე ელექტროსტიმულაციით "აჯილდოებდნენ", ხოლო გაჩერების შემთხვევაში სტიმულაციას წყვეტდნენ. ძაღლი მალევე სწავლობდა, რომ სიამოვნების მისაღებად თავი სასურველი მიმართულებით უნდა მიეტრიალებინა.

ეს მეთოდი ძაღლებისთვის მტკივნეული იყო. ქირურგიული პრობლემების გამო მკვლევრებს ელექტროდების დამაგრება სტომატოლოგიური ცემენტით პირდაპირ თავის ქალაზე უწევდათ. ცდებმა აჩვენა, რომ ეს სიამოვნების იმპულსები ეფექტიანი იყო, მაგრამ ტკივილის ცენტრების სტიმულაციისას ცხოველი ითრგუნებოდა და მოძრაობაზე საერთოდ უარს ამბობდა.

მკვლევრები დისტანციურად მართვადი ძაღლების მრავალი მიმართულებით გამოყენებას განიხილავდნენ, მათ შორის რთულ რელიეფზე ტვირთის გადასატანად ან, სულაც, მართვად "რაკეტად", რომელიც ასაფეთქებელ მასალას მტრის ნაგებობასთან მიიტანდა და თავს აიფეთქებდა. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, საჯაროობის შიშისა და ტექნიკური სირთულეების გამო ინტერესი განელდა.

შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ CIA ავტომატიზებული მართვის სისტემების შექმნასა და ცდების დათვებსა თუ იაკებზე განვრცობას აპირებდა (რომლებსაც მძიმე ტვირთის ან ბიოლოგიური იარაღის საბჭოთა კავშირში შეტანა შეეძლებოდათ), თუმცა პროექტი გაუქმდა.

CIA-ს სათაო ოფისი.

ფოტო: Wikimedia Commons

აღსანიშნავია, რომ სადაზვერვო საქმიანობისთვის ცხოველების გამოყენება სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დროს CIA-ის წინამორბედმა OSS-მა იაპონელების წინააღმდეგ სხვადასხვა არსების გამოყენება სცადა. ერთ-ერთი პროექტი ღამურებზე ცეცხლგამჩენი მოწყობილობების მიმაგრებას გულისხმობდა, რათა ისინი "ცოცხალ რაკეტებად" ექციათ. ოპერაცია "ფანტაზიის" ფარგლებში კი იაპონელების შესაშინებლად მელიები მანათობელი რადიაქტიური საღებავით შეღებეს, რითაც ისინი ადგილობრივ მითოლოგიურ დემონ კიცუნეს მიამსგავსეს.

მოგვიანებით, MKUltra-ს ფარგლებში, CIA-იმ კატის "მოსასმენ აპარატად" გადაქცევა სცადა. ეს ბოლო პროექტი, სახელად "ოპერაცია აკუსტიკური კატა", ცხოველის თავის ქალაში აუდიო გადამცემის ჩანერგვას გულისხმობდა, მაგრამ პროექტი კრახით დასრულდა — პირველსავე ტესტირებაზე კატა მანქანამ გაიტანა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.