მარსზე დღე საშუალოდ წამის 477 მემილიონედით უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე, რისი მიზეზიც ზოგადი ფარდობითობაა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ შუდა მზის სისტემაში საკომუნიკაციო და სანავიგაციო ქსელები შეიქმნება.

მეცნიერებმა დროითი სხვაობის გამოსათვლელად მარსის გრავიტაცია (რომელიც ჩვენსას 5-ჯერ ჩამოუვარდება), მისი ორბიტის ფორმა, მზის გარშემო მოძრაობის სისწრაფე და ვარსკვლავის გარდა, ახლო ობიექტების — დედამიწისა და მთვარის — გრავიტაციული ზემოქმედებაც გაითვალისწინეს.

მკვლევრები ამბობენ, რომ მარსის ექსცენტრიკული, ანუ მეტად ელიფსური, ორბიტა და მზესთან კონკრეტული დისტანცია მის დროით ცვლილებებს ზრდის. მათი თქმით, თუ 3 სხეულის ამოცანა საოცრად ჩახლართულია, ამ შემთხვევაში საქმე ოთხ სხეულთან გვაქვს: მზესთან, დედამიწასთან, მთვარესთან და მარსთან.

აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა მოიაზრებს საათით გაზომილ დროზე სისწრაფისა და გრავიტაციის ეფექტს, რომელსაც დროის გაფართოებას უწოდებენ. ამის სადემონსტრაციოდ ხშირად ტყუპებს წარმოიდგენენ, რომელთაგანაც ერთი თითქმის სინათლის სიჩქარით კოსმოსში გადაადგილდება, მეორე კი დედამიწაზე რჩება. ასტრონავტი ტყუპისცალი დაბრუნებისას უფრო ახალგაზრდაა, რადგან რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით სინათლის სიჩქარეს, მით უფრო ნელა ითვლის დროს საათი (პლანეტაზე არსებული საათის მიმართ).

ვინაიდან მარსის ორბიტა დედამიწისაზე უფრო ელიფსურია, მზესთან მიახლოებისას მისი მოძრაობა ჩქარდება, დაშორებისას კი — პირიქით. ასევე, იცვლება მზისა და დედამიწა-მთვარის სისტემის გრავიტაციული ზეგავლენაც, ამ ფაქტორების კომბინაცია კი მარსზე დროს ოდნავ აჩქარებს.

უკეთ რომ ავხსნათ, წითელ პლანეტაზე მყოფი ასტრონავტისთვის 1 წამი ჩვეულებრივი ხანგრძლივობის იქნება და ვერაფერს შეამჩნევს, მაგრამ დედამიწაზე არსებული დამკვირვებლისთვის ეს "მარსული" წამი ადგილობრივი საათის მიხედვით უფრო სწრაფად გავა. საშუალო სხვაობა 477 მიკროწამია, თუმცა ჩვენთან მიმართებით მარსის მდებარეობა ზოგჯერ ამ მაჩვენებელს 226 მიკროწამით ამცირებს ან ზრდის.

ამის გათვალისწინება სამომავლოდ მოგვიწევს, რადგან, მაგალითად, 5G ტექნოლოგიის მუშაობისთვის მიკროწამის მეათედის სიზუსტეა აუცილებელი. თუ მარსზე ბაზას შევქმნით, ასეთი საკომუნიკაციო ქსელი დაგვჭირდება და ის დედამიწასთან სინქრონში უნდა იყოს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.