არქეოლოგებმა ტბაში 600 წლის წინ დაკარგული მუსლიმური სავაჭრო დასახლება აღმოაჩინეს
ფოტო: Viktor Lyagushkin//Getty Images
არქეოლოგებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ტბაში დიდი ხნის წინ დაკარგულ ქალაქს მიაგნეს. მათ მიაჩნიათ, რომ ისიკ-კულის ტბა შუა საუკუნეების სავაჭრო ქალაქს მალავს, რომელიც მე-15 საუკუნეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაკარგულად მიიჩნეოდა.
ტბა თანამედროვე ყირგიზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, დამალული ქალაქი კი სავარაუდოდ ტორუ-აიგირია. მყვინთავების საერთაშორისო გუნდმა ქალაქის რამდენიმე ფრაგმენტი აღმოაჩინა, რომლებიც როგორც თურქული, ისე ისლამური დინასტიების მმართველობის პერიოდებზე მიანიშნებს.
ტბაში 4 მეტრის სიღრმეზე გუნდმა აგურით ნაგები შენობები, მარცვლეულის საფქვავი ქვა, მუსლიმური სასაფლაო და კერამიკის უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინა.
"ეს დიდი სავაჭრო დასახლება აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარეობდა", — აღნიშნა ყირგიზეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარმა და წყალქვეშა ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვალერი კოლჩენკომ.
ტორუ-აიგირის მნიშვნელობას ტბაში აღმოჩენილი რამდენიმე ნაგებობა უსვამს ხაზს. ექსპერტების თქმით, ქალაქის არქიტექტურა მიუთითებს, რომ იქ ოდესღაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტები, მათ შორის მეჩეთი, აბანო და პატარა ისლამური უნივერსიტეტიც კი იყო.
ჯგუფმა ამ ტერიტორიაზე მე-13 ან მე-14 საუკუნის მუსლიმური ნეკროპოლისი აღმოაჩინა, რომელიც წყლის გამო მთლიანად ეროზირებულია. იქ ნაპოვნი ორი ცხედრის ნაშთი, მუსლიმური ტრადიციის მსგავსად, მექისკენ იყო მიბრუნებული.
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მე-15 საუკუნის დასაწყისში მომხდარმა მასშტაბურმა მიწისძვრამ ქალაქი წყლით დაფარა. კოლჩენკო ამბობს, რომ კატასტროფის დროს მოსახლეობას ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდა, მაგრამ მიწისძვრამ რეგიონის პოპულაციაზე მაინც მნიშვნელოვნად იმოქმედა.
მენშიკოვი მიიჩნევს, რომ დაახლოებით მე-10 საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ყარახანიდების სახელმწიფო შეიქმნა. ამ თურქულ დინასტიას დასაწყისში უამრავი რელიგია გააჩნდა, მაგრამ მმართველმა ელიტამ საბოლოოდ ისლამი მიიღო.
"ისიკ-კულის ტბის მიმდებარე აბრეშუმის გზის მონაკვეთს ყარახანიდები აკონტროლებდნენ. ჩინეთი ამ ტერიტორიას თავისი ინტერესის ზონად მიიჩნევდა, მაგრამ კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებდა. ქალაქი ჩინურ წყაროებშიც არაერთხელაა ნახსენები, რაც არქეოლოგიური მონაცემების ისტორიულ წყაროებთან შედარების საშუალებას გვაძლევს", — განაცხადა მენშიკოვმა.


კომენტარები