ქალაქებში საშიში "ნისლია": რა სჭირს ჰაერს და როგორ ვისუნთქოთ უსაფრთხოდ
ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს" / Facebook
საქართველოს ქალაქებში ფანჯრიდან თუ გაიხედავთ, დიდი ალბათობით, რაღაც ნისლის მაგვარს დაინახავთ. ასეთი ბურუსი წვიმიან ამინდში ჩნდება ხოლმე, თუმცა შეგახსენებთ, რომ არ უწვიმია. "ნისლი", რომელსაც გარეთ ვხედავთ, რეალურად სმოგია — დაბინძურებული ჰაერი, რომელიც მავნე კომპონენტებს შეიცავს, მათ შორის მყარ ნაწილაკებს (PM).
იხილეთ: რა არის სმოგი და რით განსხვავდება ის ნისლისგან?
ჰაერში ამჟამად მყარი ნაწილაკების — PM2.5-ისა და PM10-ის — რაოდენობა დასაშვებ მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. ეს 6 ნოემბრიდან, თითქმის ერთი თვეა, ასეა. პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული ნაწილაკები ჩვენს სასუნთქ სისტემაში, ფილტვებსა და პოტენციურად სისხლშიც კი აღწევს; ამან შეიძლება უსიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს, ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის სიმსივნის, რისკიც გაზარდოს. სხვათა შორის, დადგენილია, რომ დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის ასეთი დაბინძურება უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ გამოიწვია, თუმცა არ აკონკრეტებენ, რამის გაკეთება თუ შეიძლება ამის აღმოსაფხვრელად ან საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად. აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ "წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება", პრობლემას კი წვიმა, თოვლი ან ქარი მოაგვარებს.
სანამ დედაბუნების იმედად ვრჩებით და "სახიფათო ჰაერის" სუნთქვას განვაგრძობთ, შეგვიძლია მეტი მაინც გავიგოთ ნაწილაკებზე, რომლებიც ჩვენს სხეულში ხვდება.
რა არის PM2.5 და PM10 ან როგორ იზომება ჰაერის დაბინძურება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მყარი ნაწილაკები (აბრევიატურით PM) შესუნთქვადი ნაწილაკებია, რომლებიც სხვადასხვა ნივთიერებისგან შედგება. ეს შეიძლება იყოს: სულფატი, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმის ქლორიდი, შავი ნახშირი, მინერალური მტვერი ანდა წყალი. მყარი ნაწილაკები სხვადასხვა ზომისაა. მათ, როგორც წესი, დიამეტრის სიდიდის მიხედვით მოვიხსენიებთ.
PM10 ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრიც 10 მიკრომეტრია ან ამაზე ნაკლებია. ესენი გვხვდება, მაგალითად, გზიდან ან სამშენებლო სამუშაოებიდან წამოსულ მტვერში. PM2.5-ის შემთხვევაში ნაწილაკების დიამეტრი 2.5 მიკრომეტრია ან ამაზე მცირეა. როგორც წესი, PM2.5 დანადგარების გამონაბოლქვის, საწვავის წვის, წარმოებასთან დაკავშირებული ემისიების და კვამლის შედეგად ხვდება ატმოსფეროში.
ცნობისთვის: 1 მიკრომეტრი 1000 მილიმეტრია.
ჰაერის დაბინძურება µg/მ³ ერთეულით იზომება. სხვა სიტყვებით, ითვლიან, რამდენი მიკროგრამი (მკგ ან µg) მყარი ნაწილაკია ჰაერის თითო კუბურ მეტრზე. ჰაერში PM-ის რაოდენობის განსაზღვრა სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, არსებობს გრავიმეტრიული მეთოდი, რომლითაც ჰაერის ფილტრზე მოგროვილ ნაწილაკებს ითვლიან. მეორე მხრივ, თანამედროვე სენსორები ჰაერშივე აფიქსირებს ნაწილაკებს.
ჰაერის ხარისხს ხშირად ინდექსად წარმოადგენენ — ბევრგან შეგხვდებათ აბრევიატურა AQI, ანუ ჰაერის ხარისხის ინდექსი. ეს ინდექსი დაბინძურების გამომწვევ ნივთიერებათა მაჩვენებლებს აერთიანებს, რომელთა შორისაა: PM2.5, PM10, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი და ოზონი.
როგორ გავიგოთ ჰაერის ხარისხი?
ჰაერის ხარისხის შემოწმება თავადაც შეგიძლიათ. საქართველოს მასშტაბით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 18 ავტომატური სადგური აქვს ამის შესაფასებლად. შედეგების გადამოწმებას მათივე სპეციალური რუკიდან შეძლებთ. ამისათვის ჯერ კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერება უნდა მონიშნოთ (მაგალითად, PM2.5); შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ქალაქიც.
გარდა ამ პორტალისა, არსებობს სპეციალური აპლიკაციებიც, მათ შორის IQAir. ჰაერის ხარისხის აპარატები კერძო პირებსაც აქვთ განთავსებული სხვადასხვა ლოკაციაზე, ამ აპლიკაციიდან კი მათი მიღებული შედეგების ნახვასაც შეძლებთ. მაგალითისთვის, 1-ელ დეკემბერს 17 საათის მონაცემებით ჰაერის ხარისხი ასეთი იყო:
ქვემოთ აპლიკაცია სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციებსაც გაჩვენებთ. წერია ისიც, თუ რამდენად შეესაბამება ჰაერის ხარისხი WHO-ს რეკომენდაციებს. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, კონკრეტულად PM2.5-ის კონცენტრაცია 14.4-ჯერ აღემატება WHO-ს მიერ რეკომენდებულ დაშვებულ მაჩვენებელს.
რა შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვამ?
მიღებული ზიანი მყარი ნაწილაკების ზომაზეა დამოკიდებული. რაც უფრო პატარაა PM, მით უფრო ბევრგან შეიძლება შეაღწიოს ჩვენს სხეულში. PM2.5-ისა და PM10 ჯანმრთელობას არაერთ რისკს უქმნის, ეს კი კვლევებით არაერთხელ დადასტურდა.
WHO-ს მიხედვით, მყარი ნაწილაკების (განსაკუთრებით PM2.5-ის) ქრონიკულად შესუნთქვამ შეიძლება არაერთი პრობლემის რისკი გაზარდოს, იქნება ეს: ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, გულის დაავადება, ინსულტი, ფილტვის კიბო, ნაყოფის პრობლემები ორსულობაში თუ სხვა სისტემური გართულებები.
ხანმოკლე სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ცხვირის, ხახისა და ყელის გაღიზიანება (წვა, ქავილი);
- ცემინება;
- ცრემლდენა;
- ხველა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ასთმის გამწვავება;
- გულისრევის შეგრძნება;
- თავის ტკივილი;
- გულთან დაკავშირებული დისკომფორტი (განსაკუთრებით გულის დაავადების დროს).
მყარი ნაწილაკების სუნთქვა განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ადამიანს უკვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ან რისკჯგუფს მიეკუთვნება. რისკჯგუფებში ხვდებიან: ბავშვები, მოხუცები, ორსულები, ფილტვის, გულის ან სხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. საფრთხე შეიძლება მეტი იყოს დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის ქვეყნებში, რადგან ჰაერის დაბინძურება აქ უფრო ხშირია.
როგორ ვისუნთქოთ უსაფრთხოდ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგადი რეკომენდაციები შემდეგნაირია:
- გარეთ გასვლამდე ჰაერის მდგომარეობა გაითვალისწინეთ: შეგიძლიათ, ჰაერის ხარისხი აკონტროლოთ და გარეთ გასვლა (დრო, ადგილი და ა. შ.) შეძლებისამებრ ამის მიხედვით დაგეგმოთ. ჰაერის ხარისხი სხვადასხვა დროსა თუ ადგილას განსხვავებულია;
- გარეთ გასვლისას რესპირატორი გამოიყენეთ: სამედიცინო პირბადე ან ჩვეულებრივი ქსოვილი არ გამოგადგებათ. ამისთვის სპეციალური რესპირატორები — N95, KN95 ან FFP2 — უნდა გამოიყენოთ. ეს სამი სერტიფიცირებულია, რომ ნაწილაკების 95%-ს ფილტრავს. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, სახეზე იგი სწორად მოირგოთ; საგულისხმოა ისიც, რომ ხარისხიანი კვლევები არ ადასტურებს, რამდენად ეფექტიანია რესპირატორების გამოყენება ზიანის არიდებისთვის;
- დარჩით სახლში — ასე ნაკლებია შანსი, რომ დაბინძურებულ ნაწილაკებს შეისუნთქავთ. გაითვალისწინეთ, რომ სახლში დარჩენა შედეგიანი არ იქნება, თუ ჰაერი შიგნითაც არანაკლებ დაბინძურებულია. ამ დროს უმჯობესია, შიგნით არ მოწიოთ ან რაიმე არ დაწვათ;
- შეგიძლიათ სახლში ჰაერის გამწმენდი გამოიყენოთ: ამან მყარი ნაწილაკების რაოდენობა შეიძლება 40-82%-ამდე შეამციროს;
- განსაკუთრებით მოერიდეთ გარეთ გასვლას, თუ რისკჯგუფის წარმომადგენელი ხართ.
WHO აღნიშნავს, რომ ეს რეკომენდაციები მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევისთვისაა და შედეგიც დროებითი იქნება; ორგანიზაციის განცხადებით, მთავარი მაინც ემისიების შემცირებაა, ეს კი საჯარო პოლიტიკამ უნდა გააკეთოს.
სმოგის მოშორების ერთადერთი იმედი მართლა წვიმაა?
ყველაზე ეფექტიანი, ალბათ, კი, როგორც ქარი ან თოვლი. უკვე გაჩენილი სმოგის გაფანტვა ხელოვნურად შეუძლებელია (თუ, რა თქმა უნდა, წვიმას ხელოვნურად არ მოვიყვანთ), თუმცა სახელმწიფოს რიგი ნაბიჯების გადადგმა მაინც შეუძლია, რომ დაბინძურება შეამციროს მისი პრევენციის გზით.
ამისათვის ემისიები უნდა შემცირდეს. კერძოდ, იმ ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება, რომლებიც მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას იწვევს, იქნება ეს: საწვავის მოხმარება, საწარმოები თუ ავტომანქანების სიჭარბე.
შეიძლება ითქვას, სმოგის გამოც სჭირდება თბილისს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.



კომენტარები