FBI-ის ელექტრონული საცავი ძალიან საინტერესო პლატფორმაა, რომელზეც დროს ფანტასტიკურად გაიყვანთ. ბიუროს ბიბლიოთეკაში ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა თუ კრიმინალებზე ადრე გასაიდუმლოებული და დავიწყებული ათასობით ფაილი ინახება. ყველა ეს მონაცემი უფასოა, თვალიერებისას კი უცებ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საათები ალ კაპონეს საქმეების კითხვაში გაატარეთ.

ფოტო: FBI

FBI ასეთ დოკუმენტებს მხოლოდ ამ ადამიანთა სიკვდილის შემდეგ ასაჯაროებს. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ამ პლატფორმაზე 22-გვერდიანი ფაილი გამოქვეყნდა იეტის, იგივე თოვლის კაცის, შესახებ. დოკუმენტში მასთან დაკავშირებული ექსპერტიზის შედეგებია მოყვანილი.

თოვლის კაცს, ამ მითურ არსებას, ხანგრძლივი და ბუნდოვანი ისტორია აქვს. მიიჩნევენ, რომ იეტი ნახევრად ადამიანია, ნახევრად კი — ცხოველი. ლეგენდები საუკუნეებს ითვლის, ადამიანები კი იფიცებიან, რომ ის ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. თოვლის კაცმა ფანატიკოსებში ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ ჭეშმარიტების ძიების პროცესში დიდმა თაყვანისმცემლებმა მთავრობაც კი ჩარიეს.

FBI-ის საცავზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფაილში ძირითადად 1976-1977 წლების მიმოწერაა ასახული; იეტის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, პიტერ ბერნმა, FBI-ს თმის უცნაური ნიმუშის შემოწმება სთხოვა. ეს ცენტრი ორეგონის შტატის ქალაქ დალესში მდებარეობდა; მისი დირექტორი მიიჩნევდა, რომ თმის ეს ნიმუში თოვლის კაცს ეკუთვნოდა. იგი აცხადებდა, რომ ნიმუშის იდენტიფიცირებასა და რომელიმე ცხოველთან მის დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

ფოტო: Bettmann//Getty Images

თავდაპირველად ბიურომ ნიმუშის შესწავლაზე უარი განაცხადა, რადგან მათი ლაბორატორია მხოლოდ კრიმინალურ საქმეებზე მუშაობდა. მოგვიანებით ცნობილმა გაზეთებმა, მათ შორის New York Times-მა Washington Star-News-მა, ამ მოვლენის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს, რის გამოც FBI ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მოვიდა, რომელიც შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის სამწუხარო აღმოჩნდა — კვლევამ დაადგინა, რომ თმის ნიმუში სინამდვილეში ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ამ იმედგაცრუების მიუხედავად, იეტის ფანატიკოსები გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს არ ენდობიან, ბევრი მათგანი კი ძიებას კვლავაც აგრძელებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.