60 000 წლის წინანდელი ისტორია — როგორ მოხვდნენ ადამიანები ავსტრალიაში
ფოტო: Helen Farr and Erich Fisher
ახალმა ანალიზმა, შესაძლოა, საბოლოოდ გადაჭრას დებატები იმის შესახებ, თუ როდის გამოჩნდნენ თანამედროვე ადამიანები ავსტრალიაში. ოკეანეთის მასშტაბით მცხოვრები უძველესი და თანამედროვე აბორიგენი ადამიანების დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ ავსტრალიაში დასახლება ადამიანებმა პირველად 60 000 წლის წინ დაიწყეს. კვლევის თანახმად, ისინი იქ ორი განსხვავებული გზით ჩავიდნენ.
მკვლევრებს დიდი ხანია აინტერესებთ, თუ როგორ მოხვდა უძველესი ადამიანი პირველად ავსტრალიაში. ფაქტია, ადამიანის ავსტრალიაში ჩასვლისთვის წყლის ტრანსპორტი იქნებოდა საჭირო.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერებმა 2 456 ადამიანის გენომი გააანალიზეს. მათ სურდათ გაეგოთ, როდის გაემგზავრნენ ადამიანები სუნდადან (უძველესი მიწის მასივი, რომელიც მოიცავდა დღევანდელ ინდონეზიას, ფილიპინებსა და მალაიზიის ნახევარკუნძულს) საჰულში (პალეოკონტინენტი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ავსტრალიას, ტასმანიასა და ახალ გვინეას).
"ეს ყველაზე ყოვლისმომცველი გენეტიკური კვლევაა, რომელიც ამ საკითხს სწავლობს", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა მარტინ რიჩარდსმა.
ანალიზმა ასევე გამოავლინა ადამიანების ორი ჯგუფი, რომლებიც ავსტრალიაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზებით მოხვდნენ.
დასკვნამდე მისასვლელად, მკვლევრებმა გამოიყენეს მოლეკულური საათის მეთოდი, რომელიც დნმ-ის თანმიმდევრობებში მუტაციების სიჩქარეს ეფუძნება. ორი დნმ-ის თანმიმდევრობებს შორის განსხვავებების შესწავლის შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, როდის დაშორდა ეს თანმიმდევრობები ერთმანეთს.
კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა რამდენიმე სტატისტიკური მეთოდი გამოიყენა. ეს ყველაფერი მიტოქონდრიული დნმ-ის (რომელიც დედის ხაზით გადაეცემა) და Y-ქრომოსომის მონაცემების (რომელიც მამის ხაზით გადაეცემა) გასაანალიზებლად გააკეთეს. ყველა სტატისტიკური მოდელის თანახმად, ჩრდილოეთ ავსტრალიაში დასახლება დაახლოებით 60 000 წლის წინ დაიწყო.
მეორე მხრივ, კვლევამ დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში არსებული ორი განსხვავებული დასახლება გამოავლინა. ერთი ჯგუფი ავსტრალიაში სამხრეთ სუნდას (ინდონეზიის კუნძულები) გავლით ჩავიდა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის ჩრდილოეთ სუნდადან (ფილიპინების არქიპელაგი) მოხვდა ავსტრალიაში.
რიჩარდსის თქმით, თავდაპირველად ეს ორი ჯგუფი ერთი პოპულაციის ნაწილი იყო, რომელმაც აფრიკა 80 000 წლის წინ დატოვა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს პოპულაცია ავსტრალიაში მოხვედრამდე დაახლოებით 10-20 000 წლის წინ გაიყო.
კომენტარები