გეოლოგებმა ოკეანური ვულკანიზმისა და ტექტონიკური ფილების უძველესი საიდუმლო ამოხსნეს. ახალი თეორიით უკვე შეგვიძლია ავხსნათ, რატომ შეიცავს ბევრი კუნძული უზარმაზარ გეოლოგიურ მასას იმის მიუხედავადაც კი, რომ კონტინენტებისგან მოშორებით მდებარეობს.

საუზჰემპტონის უნივერსიტეტში ამ მოვლენაზე სიმულაციები და ქიმიური ანალიზი ჩაატარეს. კვლევის შედეგების თანახმად, კონტინენტებისგან ტერიტორიის გამოცალკევება ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგია.

ფოტო: Tom Gernon

როდესაც კონტინენტური ფილები იხლიჩება და ერთმანეთს სცილდება, ძალიან ცხელი ზედა მანტია მათ ძირს აცლის. ეს ჩამოფხეკილი მასა შემდგომში მოშორებით გადაადგილდება, ოკეანურ მანტიას ამდიდრებს და ვულკანიზმის პროცესს დიდი ხნის განმავლობაში ასაზრდოებს.

"ათწლეულებია ვიცით, რომ ოკეანეების ქვეშ არსებული მანტიის ფრაგმენტები უცნაურად გამოიყურება — თითქოს იქ კონტინენტების უძველესი ნამსხვრევები მოხვდაო", — განმარტავს თომას გერნონი, საუზჰემპტონის უნივერსიტეტის გეოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი.

ადრე ამ მოვლენას სუბდუქციით (ქერქის მანტიაში ჩაბრუნება) ან მანტიის ჭავლებით (დედამიწის სიღრმიდან ამომავალი ცხელი ქანები) ხსნიდნენ, მაგრამ ეს თეორიები სრულ სურათს მაინც ვერ აჩვენებდა.

ფოტო: Getty Images

მეორე მხრივ, მანტიის ტალღების ახალი თეორია გეოლოგიური გამდიდრების ამ პროცესს ზუსტად აღწერს. როგორც ჩანს, კონტინენტის დაშლა არასტაბილური მოვლენების ჯაჭვს, იგივე ტალღებს, იწვევს; იგი კონტინენტების ქვეშ, 150-200 კილომეტრის სიღრმეზე, ვრცელდება, მათ ძირს აცლის, ხოლო ამ მასალას კი ათასზე მეტ კილომეტრზე გადააადგილებს.

ეს პროცესი გეოლოგიურ დროში, ანუ ძალიან ნელა, მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მისი ქიმიური კვალი კონტინენტების დაშლიდან დიდი ხნის შემდეგაც შესამჩნევია. ამ ფაქტს ინდოეთის ოკეანეში არსებული წყალქვეშა ვულკანების ჯაჭვიც ადასტურებს, რომელიც გონდვანას დაშლის შედეგად წარმოიქმნა.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მანტიის ამ ნელმა ტალღებმა შეიძლება დედამიწის სიღრმიდან ალმასებით მდიდარი მაგმის ამოფრქვევა გამოიწვიოს. ამ მოვლენის გამო კი კონტინენტები ხშირად ზევით იწევა. საბოლოოდ ეს მოვლენები პლანეტის ფართო ტოპოგრაფიულ ისტორიას აყალიბებს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.