"ეგოს სიკვდილი" — როგორ მოქმედებს ფსიქოდელიური საშუალებები თვითაღქმაზე
ფოტო: Vlue/Shutterstock.com
ფსიქოდელიურ საშუალება დიმეთილტრიპტამინის (DMT) მომხმარებლები ხშირად უჩვეულო შეგრძნებებს აღწერენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოცდილება საკუთარ თავად ყოფნის შეგრძნების გაქრობაა, რასაც "ეგოს სიკვდილსაც" უწოდებენ.
მეცნიერები აღნიშნულ გავლენებს აქტიურად იკვლევენ და იმის დადგენას ცდილობენ, თუ რა ხდება ამ დროს ადამიანის ტვინში. შესაძლოა, მათ ახლა ტვინის ის სიგნალი აღმოაჩინეს, რომელიც DMT-ის მიღებით გამოწვეულ თვითაღქმის დაკარგვას შეესაბამებოდეს.
აქამდე ჩატარებულ კვლევებშიც გაჟღერდა ვარაუდი, რომ შეიძლება ფსიქოდელიური ნივთიერებების ძლიერი ზემოქმედება ტვინის ტალღების ცვლილების გზით მიიღწეოდეს. უკანასკნელ ნაშრომში მეცნიერები ამ ტალღების სპეციალურ მდგომარეობაზე კონცენტრირდნენ, რომელსაც კრიტიკულობას უწოდებენ.
"კრიტიკულობა არის ტვინის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქაოსსა და წესრიგს შორის ბალანსია. ეს გარემოსთან დაკავშირებული საკითხების პროგნოზირებაში, მასთან ადაპტაციაში ან ცვლილებაში და თვითაღქმაში გვეხმარება", — ამბობენ ავტორები.
მათ სურდათ გაეგოთ, როგორც ცვლის DMT ზემოხსენებულ მდგომარეობას. ამისთვის იმ 27 ადამიანის ელექტროენცეფალოგრაფიული მონაცემები შეისწავლეს, რომლებსაც დიმეთილტრიპტამინი ჰქონდათ მიღებული. შემდეგ ტვინის ისეთი აქტიურობის გამოვლენა სცადეს, რომელიც კრიტიკულობასთან ახლოს იყო.
ანალიზმა აჩვენა, რომ DMT-ის მიღებამ ალფა და თეტა ტალღების კრიტიკულობისგან დაშორება და უფრო მარტივ რხევებში გადასვლა განაპირობა. ცნობისთვის, ისინი მოდუნებასთან და შიგნით მიმართულ კონცენტრაციასთან ასოცირდება. საინტერესოა ისიც, რომ ასეთი ცვლილებები მედიტაციასა და ანესთეზიას ახლავს თან და "ეგოს სიკვდილის" შეგრძნებას უკავშირდება.
"თვითაღქმისთვის წარსულის ნარატივებსა და მომავლის პროგნოზებს ვეყრდნობით. DMT-ისთვის დამახასიათებელი გამოცდილებისას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს ცნობიერების ნაკადი არ აქვთ — ყველაფერი აწმყო მომენტში ხდება", — აცხადებენ მკვლევრები.
მათი თქმით, ეს მიგნება ეწინააღმდეგება ჰიპოთეზას, რომ ფსიქოდელიური საშუალებები, თითქოს, შთაგონებას შეიძლება ზრდიდეს. საქმე ისაა, რომ ასეთი კრიტიკულობა მხოლოდ მაღალი სიხშირის გამა ტალღებში იზომება, რომლებიც მონაწილეების ტვინზე დაკვირვებისას არ დაფიქსირებულა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Neuroscience გამოქვეყნდა.
კომენტარები