2021 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები — ყველაფერი აქ
ოჰოჰოჰოჰო. . . სულ მალე ჩვენი პლანეტა თავის ვარსკვლავს კიდევ ერთხელ სრულად შემოუვლის. ეს ჩვენთვის, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი წლის დადგომასთან ასოცირდება. მაშ ასე, 2022 წელი ახლოვდება და ამის ფონზე საინტერესოა თუ როგორი იყო 2021 მეცნიერების კუთხით.
პატარა სპოილერს გაგიმხელთ და თავშივე აღვნიშნავ, რომ 2021, მიუხედავად პანდემიისა და უამრავი სხვა გამოწვევებისა, მეცნიერებისთვის საკმაოდ საინტერესო და კარგი წელი გამოდგა. სწორედ პანდემია არის ფაქტორი, რომელმაც მეცნიერების განვითარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. კორონავირუსს ბევრად უფრო რთული და მძიმე შედეგები ექნებოდა, რომ არა თანამედროვე მედიცინა და ინოვაციური ვაქცინები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
მიუხედავად დაბრკოლებებისა, კვლევები და ზოგადად მეცნიერების პროგრესი არ შენელებულა და რაღაც ასპექტში, დაჩქარდა კიდევაც. ეს სტატია სწორედ ამ თემას ეძღვნება — მოგიყვებით იმ მთავარ სამეცნიერო მიღწევებსა თუ აღმოჩენებზე, რომლებიც 2021 წელს მოხდა.
და აი ისინიც:
კიბოს, აივ ინფექციისა და მალარიის ვაქცინების წარმატება
შესავალში მედიცინისა და ვაქცინების როლი ვახსენე და მოდით დავიწყოთ ზოგადად ვაქცინებით. კორონავირუსმა ვაქცინების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა და შეგვახსენა, რომ ვაქცინა კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ითვლება, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ვაქცინაცია — კაცობრიობის იარაღი მიკრობულ სამყაროსთან ომში
კორონავირუსის ვაქცინების წარმატებების პარალელურად 2021 წელს მეცნიერები ისეთი მძიმე დაავადებების ვაქცინებს ამუშავებდნენ როგორებიცაა კიბო, აივ ინფექცია და მალარია.
კიბოს ვაქცინა — 2021 წელს, ისტორიაში პირველად, კლინიკური კვლევების მეორე ფაზაში პაციენტები კიბოს ვაქცინით აცრეს. ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა, ივნისში, კლინიკური კვლევების მეორე ფაზაში, უკვე ოფიციალურად დაიწყო მონაწილეებში ექსპერიმენტული კიბოს ვაქცინის გამოცდა.
Clinical Trials Arena-ს მიხედვით, პრეკლინიკურმა და ადრეულმა კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინა საკმარისად უსაფრთხოა და რომ იგი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას განაგრძობს განვითარებას. COVID-19-ის ვაქცინის მსგავსად, რომელიც BioNTech-მა Pfizer-თან თანამშრომლობით შექმნა, კიბოს ვაქცინა ასევე იყენებს mRNA ტექნოლოგიას, რათა პაციენტის იმუნურ სისტემას კიბოსთან ბრძოლა ასწავლოს.
2021 წელს ადამიანზე ასევე პირველად გამოსცადეს ტვინის კიბოს ვაქცინა. მარტში ჟურნალ Nature-ში ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრის (DFKZ) მკვლევრებმა შექმნეს ვაქცინაციის ადრეული ვერსია, რომელიც იმუნურ სისტემას ტვინის სიმსივნის დაძლევაში დაეხმარება.
როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, "ჯერ საბოლოო შედეგებზე საუბარი რთულია. ამისთვის შემდეგი კვლევები იქნება საჭირო“. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, წინ მივიწევთ და 2021 წელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო!
აივ ინფექციის ვაქცინა — აივ ინფექციის ვაქცინა სულ უფრო რეალური ხდება და მას სწორედ 2021 წელს მივუახლოვდით. აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, Moderna, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებითაც ვიცნობთ, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვებასთან ძალიან ახლოს არის. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Moderna თავისი ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე დაიწყებდა. წინასწარი კვლევები დამაიმედებელია, რაც წარმატების მომასწავებელია.
უკვე ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ახალმა ვაქცინამ მაიმუნებში აივ ინფექცია სრულად გაანადგურა და მალე კვლევა ადამიანებზეც დაიწყება. მკვლევრების ჯგუფმა შეიმუშავა ვაქცინა სპეციალური ბაქტერიის გამოყენებით, რომელიც აძლიერებს იმუნურ პასუხს. ეს საბოლოოდ შიდსის გამომწვევ ვირუსს ასუსტებს და ანადგურებს. კვლევამ აჩვენა რომ ვაქცინის შემდეგ მაკაკები ვირუსით აღარ ინფიცირდებოდნენ. უფრო ძლიერი ვირუსის შეყვანის შემდეგაც კი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ფატალური იქნებოდა, შვიდი მაკაკიდან ექვსში ვირუსი უკვალოდ გაქრა. მკვლევრები ამბობენ, რომ ისინი ახლა იგივე ვაქცინას ადამიანებისთვისაც შექმნიან.
მალარიის ვაქცინა — არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2021 წლის ოქტომბერში, რა დროსაც WHO-მ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დაუშვა იმ რეგიონებში, რომლებშიც ინფექცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ეს ისტორიული მომენტია — Mosquirix გახლავთ პირველი მსგავსი ვაქცინა, რომელმაც ფართომასშტაბიანი კლინიკური ტესტირება სრულად გაიარა და დადებითი შედეგი აჩვენა.
ხელოვნური გული
მნიშვნელოვანი სიახლეები იყო ხელოვნური გულის შემუშავებისა და განვითარების მხრივ. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ევროპაში ახალი ხელოვნური გულის გაყიდვა დაუშვეს. ხელოვნური გული, ფრანგულმა კომპანია, Carmat-მა შექმნა, რაც გულის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე ადამიანებს ცხოვრებას ბევრად გაუმარტივებს. მათ დონორისთვის მოცდა საავადმყოფოებში აღარ მოუწევთ.
ინოვაციური პროდუქტის გაყიდვა საფრანგეთსა და გერმანიაში დაიწყო. უკვე 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ ის სხვა ქვეყნებშიც ფართოდ გავრცელდება. Carmat-ის ხელოვნური გული შედგება სამი ნაწილისგან: იმპლანტირებადი პროთეზი, გარე აპარატურული სისტემა და კონტროლერი.
ამ მხრივ მნიშვნელოვანი რამ მოხდა სექტემბერშიც. მსოფლიოში პირველად, ქალს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს. ექსპერტების თქმით, ეს ახალი მოწყობილობა გულის გადანერგვის პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის და ის ამ მხრივ თამაშის წესებსაც შეცვლის.
"როგორც წესი ზომის შეზღუდვები ართულებს ხოლმე ქალებში ხელოვნური გულის გადანერგვას, მაგრამ ჩვენი ხელოვნური გული საკმარისად კომპაქტურია იმისათვის, რათა უფრო მცირე ზომის გულმკერდის ღრუში მოთავსდეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია", — თქვა მარკ სლოტერმა, წამყვანმა ქირურგმა, რომელიც ოპერაციის პროცედურაში იღებდა მონაწილეობას.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალ პაციენტს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს. ჩვენ ამით ვამაყობთ და გვიხარია. საბოლოოდ ეს შრომა ათობით, ასობით და ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეში აისახება", — ამბობენ ექსპერტები.
CRISPR-ისა და გენური ინჟინერიის მიღწევები
დღეს გენურ ინჟინერიას უკვე უამრავ სფეროში ვიყენებთ. ამ მხრივ CRISPR რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
2021 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში პირველად, CRISPR-ის სისხლში შეყვანით გენეტიკურ დაავადებას უმკურნალეს. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მეთოდი გამოიყენეს, რათა პაციენტები გენეტიკური დაავადებისგან განეკურნათ. შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა, რაც ამ მიდგომის სამომავლო გამოყენებას მწვანე შუქს უნთებს. საუბარია, TTR ცილის დონის 80-96 პროცენტის ფარგლებში ვარდნაზე.
ჯენიფერ დუდნამ, ნობელის პრემიის ლაურეატმა CRISPR-ის აღმოჩენისთვის, ჟურნალ Science-ს განუცხადა, რომ ეს კვლევა არის — "კრიტიკული პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შევძლოთ ნებისმიერი გენის ინაქტივაცია, შეკეთება ან ჩანაცვლება. ეს კი საბოლოოდ დაავადებების დამარცხებაში დაგვეხმარება."
უკვე შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ იაპონიაში მსოფლიოში პირველი, CRISPR-ის ტექნოლოგიით გენმოდიფიცირებული პომიდვრები იყიდება. ეს არის სიცილიური წითელი პომიდორი, რომელიც დიდი რაოდენობით გამა-ამინოზეთოვან მჟავას შეიცავს. ის ადგილობრივმა სტარტაპმა Sanatech Seed შექმნა.
მეტიც, წელს CRISPR ტექნოლოგიით მეცნიერებმა ადამიანებს მხედველობა დაუბრუნეს. საუბარია პაციენტებზე, რომელთაც ლებერის თანდაყოლილი ამავროზის დიაგნოზი აქვთ დასმული. ეს გახლავთ თვალის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაბადების პირველ დღეებში ან თვეებში ვლინდება და წლების მატებასთან ერთად უარესდება, სანამ პიროვნება მხედველობას მთლიანად არ დაკარგავს.
კვლევაში მონაწილე 5 პაციენტის შესახებ მონაცემები ოქტომბერში გამოქვეყნდა. ორ მათგანს CRISPR ტექნოლოგიით შექმნილი ახალი პრეპარატის შედარებით მცირე დოზები შეუყვანეს, სამს კი ზომიერი რაოდენობის. შედეგები იმედის მომცემი იყო, განსაკურებით ორი პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც მხედველობა გააუმჯობესდათ და ისინი ფერებსაც მკაფიოდ ხედავდნენ. სპეციალისტები მომავალში კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ უსინათლო ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
უძველესი ადამიანების კვალდაკვალ
2021 წელი გამორჩეული იყო არქეოლოგიური აღმოჩენების მხრივაც. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანის გადაშენებული სახეობა, რომელიც ძალიან ჰგავს ჰომო საპიენსს. ახლად აღმოჩენილი ადამიანის სახეობას, სახელად ჰომო ლონგი — მეტსახელად "დრაკონის კაცი" უწოდეს და ის შეიძლება ჩვენი სახეობის უახლოესი "ნათესავი" აღმოჩნდეს.
მკვლევრბის თქმით, არქაული ჰომინინი, როგორც ჩანს, ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი "ნათესავია". აღმოჩნდა, რომ მას ჩვენთან უფრო მჭიდრო კავშირში აქვს, ვიდრე ეს ნეანდერტალელებს. ამან შეიძლება ჩვენი სახეობის ისტორია თავდაყირა დააყენოს.
თავდაყირა დაყენება ვახსენე და აი კიდევ ერთი. ადამიანის ფეხის უძველესი ნაკვალევი ჩრდილოეთ ამერიკაში — ამ ახალ აღმოჩენასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ასევე — შემდეგი პოდკასტი: ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე უაით სენდსის ეროვნულ პარკში ადამიანის ფეხის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით უძველესია. ის 23 000-დან 21 000-მდე წლით თარიღდება, რაც სამეცნიერო საზოგადოებაში აქამდე მიღებულ თეორიებს თავდაყირა აყენებს. ადრე მიიჩნეოდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი მოსახლეები 15,000-13,000 წლის წინ ჩავიდნენ. ამან, შესაძლოა, პრეისტორიული ადამიანების მიგრაციაზე ჩვენი წარმოდგენა სრულიად შეცვალოს. ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ისინი აზიიდან, ბერინგიის რეგიონის გავლით მოხვდნენ.
მეცნიერებმა ბუნების მეხუთე ძალის არსებობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს
ბუნების ახალი ძალის აღმოჩენის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლება და შესაძლოა 2021-მა წელმა ამას დაუდო საფუძველი. ილინოისში მდებარე ამაჩქარებლის, ფერმილაბის ლაბორატორიის მკვლევრებმა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოაჩინეს — სუბატომიური ნაწილაკი, სახელად მიუონი არ ექვემდებარება ფიზიკის ცნობილ კანონებს.
ამ აღმოჩენის დადასტურების შემთხვევაში, ფერმილაბში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა და მისმა შედეგებმა, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ეს ფიზიკის ფუნდამენტური გაგების გადააზრებასაც შეიძლება ნიშნავდეს. საუბარია ბუნების მეხუთე ფუნდამენტურ ძალაზე, რომელიც გრავიტაციას, ელექტრომაგენტიზმს, სუსტ და ძლიერ ბირთვულ ძალებს დაემატება.
მეცნიერების თქმით, კვლევები გაგრძელდება და მომავალ ორ წელში ბევრად მეტი გვეცოდინება. საინტერესოა როგორი იქნება 2023 წლის სამეცნიერო სიახლეების შეჯამება.
"ხელოვნურ მზის" რეკორდი
მაისში ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა "ხელოვნურმა მზემ" (EAST) მსოფლიო რეკორდი დაამყარა, საუბარია ბირთვულ სინთეზზე, რის მიხედვითაც რეაქტორში ტემპერატურამ 120 მილიონ გრადუსს (ცელსიუსით) მიაღწია და ის 101 წამის განმავლობაში შენარჩუნდა. ხოლო 20 წამის განმავლობაში ტემპერატურა 160 მილიონი გრადუსიც იყო.
მსგავს თერმობირთვულ რეაქტორს უდიდესი პოტენციალი აქვს. ამით მზეზე წარმოქმნილი სინთეზური რეაქციების "გამეორება" ხდება, რაც სუფთა ენერგიის მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს.
მეცნიერების თქმით, ასეთი რეაქტორები ენერგიის გამომუშავების მხრივ სამყაროს მთლიანად შეცვლიან, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებამდე ჯერ კიდევ დრო დაგვჭირდება.
მსგავს პროექტზე მუშაობენ სამხრეთ საფრანგეთშიც და მასში 35 პარტნიორი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. იმისთვის, რომ ასეთმა რეაქტორმა იმუშაოს საჭიროა უმძლავრესი მაგნიტი. ივნისში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მაგნიტი მზად არის და ის საფრანგეთში განთავსებული "ხელოვნური მზის" მთავარი კომპონენტი გახდა. Solenoid-ის მაგნიტის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მას თვითმფრინავების გადამტანის 2 მეტრით ჰაერში აწევა შეუძლია. მის ბირთვში მაგნიტური სიმძლავრე 13 ტესლა იქნება, რაც დაახლოებით 280 000-ჯერ აღემატება დედამიწის მაგნიტურ ველს. და ის სწორედ 2021 წელს ამოქმედდა.
კვანტური კომპიუტერები
კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება და კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდებიან. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
ბევრი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული, მაგალითისთვის, ჩინეთი კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს. 2021 წელს ამ მხრივ დიდი კონკურენცია იყო. ივნისში ჩინეთში მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ კვანტური გამოთვლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრობლემა რაც ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა გადაჭრა Google-ის კომპიუტერის დავალებასთან შედარებით 100-ჯერ უფრო რთული იყო.
ამ მხრივ აქტიურობდა IBM-იც. ნოემბერში Axios-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არვინდ კრიშნამ განაცხადა, რომ კომპანიის ახალ კვანტურ კომპიუტერს შეუძლია გადაჭრას რთული პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ტრადიციული კომპიუტერი ვერასდროს შეძლებს.
ასევე — შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
და აი ისიც, სახლის კვანტური კომპიუტერი! 2021 წელს გავიგეთ, რომ სახლის კვანტური კომპიუტერი $5 000 ღირს და მისი შეძენა ყველას შეეძლება. ჩინეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა, SpinQ-მ, წარმოადგინა კვანტური კომპიუტერი, რომლის მოთავსებაც სამუშაო მაგიდასთან შეგვიძლია. მეცნიერების თქმით, მძლავრი, 54 კილოგრამიანი კომპიუტერი, იმ კვანტური კომპიუტერების შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელებიც კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გვხვდება.
Meta — მეტავერსი
28 ოქტომებრს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. (იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს იგივე ერქმევა). ერთი შეხედვით გაუგებარი ცვლილება პირდაპირ დაკავშირებულია მეტავერსთან. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
ბევრისთვის ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ. უკვე დეკემბერში შევიტყვეთ, რომ კომპანიამ გახსნა თავისი პირველი პროექტი, რომელიც ვირტუალურ რეალობასთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე პროექტი ხელმისაწვდომია ამერიკასა და კანადაში.
ასევე: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
მარსი — წლის პლანეტა
დავიწყოთ იმით, მარსი წელს ნამდვილი "ვარსკვლავი" იყო. წითელ პლანეტაზე ბევრი ახალი მისია შესრულდა და ახალი აღმოჩენები გაკეთდა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ წელს თებერვალში მარსამდე სამმა მისიამ მიაღწია. აშშ-სა და ჩინეთს არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდა.
არაბთა გაერთიანებული საემიროების HOPE მიიის ფარგლებში მარსზე გაგზავნილმა ზონდმა, რომლის მიზანიც მარსის ატმოსფეროს შესწავლაა, ძნელად მოსახელთებელი მოვლენა — მარსის ღამის ატმოსფერული ნათება გადაიღო. სხვა მხრივ, NASA-ს მკვლევრებმა მარსზე აქამდე უცნობი ათობით მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს.
მეტიც, მეცნიერებმა მარსის კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინეს. ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის აუცილებელი ნაერთი აპარატმა მარინერის უზარმაზარ ხეობაში დააფიქსირა, რომლის სიგრძეც 4 000 კილომეტრს, სიგანე 200 კილომეტრს, სიღრმე კი 7 კილომეტრს შეადგენს. ეს ორბიტერმა მასზე დამონტაჟებული, FREND-ად წოდებული დეტექტორის მეშვეობით შეძლო, რომელიც მარსის გრუნტში წყალბადის კონცენტრაციის გამოსაკვლევადაა შექმნილი.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
ირმის ნახტომის გარეთ პირველი სავარაუდო პლანეტა აღმოაჩინეს
ნასას ტელესკოპით ფაქტები მოიპოვეს, რომლებიც ჩვენი ირმის ნახტომის გარეთ პირველი პლანეტის აღმოჩენაზე მეტყველებს. მეცნიერებმა ეს ნასას Chandra X-ray Observatory-ისა და იმ ტექნიკების გამოყენებით შეძლეს, რომელთა საშუალებითაც კოსმოსის დიდი სივრცის დასკანერება მოხერხდა.
ამ დრომდე აღმოჩენილი ნებისმიერი ეგზოპლანეტა (ან სავარაუდო ეგზოპლანეტა) მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაშია ნაპოვნი. შესაძლო ეგზოპლანეტა მეცნიერებმა ჩვენს მეზობელ გალაქტიკაში შენიშნეს, რომელიც M51-ისა და Whirlpool-ის გალაქტიკის სახელითაა ცნობილი. პლანეტა ჩვენგან, დაახლოებით, 28 მილიონი სინათლის წელიწადით იქნება დაშორებული.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი — კაცობრიობის ახალი თვალი
დაბოლოს ის, პირადად ჩემი აზრით, წლის მთავარი სამეცინერო მოვლენა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გაეშვა! ისტორიული მომენტი 25 დეკემბერს დადგა, 14-წლიანი ლოდინის შემდეგ ჯეიმს ვების ტელესკოპი უკვე კოსმოსშია.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და მისი გაშვება პირველად 2007 წელს იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ მოვლენა ბევრჯერ გადაიდო. ამ მისიის შემდეგ, კაცობრიობას კოსმოსში ახალი თვალი ექნება, რომლითაც ჩვენს შორეულ წარსულში გავიხედავთ, მილიარდობით წლის იქით — იმაზე შორს, ვიდრე ჰაბლით.
ვები 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება, დედამიწიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი
ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს.
კომენტარები