შემდეგი პოდკასტი: ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს. დღეს ჩვენ ვქმნით ცივილიზაციებს, ქალაქებს, ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე, რადგან პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე სხვა "ადამიანებიც" დააბიჯებდნენ.
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე, ბევრად უფრო ადრე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ნეანდერტალელები — არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. მათგან მხოლოდ ჩვენ – ჰომო საპიენსი – გადარჩა.
დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები, ზეზვა და მზია. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ კი ოროზმანში მოხდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სადაც 1 800 000 წლით დათარიღებული ნამარხები და უძველესი ადამიანის კვალი დაფიქსირდა. თუ რას ნიშნავს ეს, როგორი იყო ადამიანის ევოლუცია და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საქართველოსა და ადგილობრივ არქეოლოგიას პოდკასტში არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილთან საუბრით ვარკვევთ.
წინ, წარსულისკენ. . .
კომენტარები