კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კაცობრიობის თვალის ისტორია

ოდესღაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ თვალებს ეყრდნობოდნენ, დღეს ეს ასე აღარ არის. მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა უამრავი ახალი თვალი გააჩინა. მათი გამოყენებით ჩვენ სამყაროს უმცირეს და უდიდეს, მაგრამ მილიარდობით კილომეტრით დაშორებულ ობიექტებს ვხედავთ. აქედან მოყოლებული კაცობრიობამ საკუთარ ბიოლოგიას გადააბიჯა და სამყაროს სრულიად სხვანაირი აღქმა დაიწყო. დღეს ჩვენ მორიგ რევოლუციურ მოვლენას ვუახლოვდებით, სულ მალე კაცობრიობის ახალი და ყველაზე მძლავრი თვალი, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდება.

თუმცა, სანამ მასზე საუბარს დავიწყებდეთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ისტორია და ის თუ როგორ მოვედით აქამდე. აქამდე კი ძალიან დიდი გზა იყო. ადამიანი ცაში ოდითგანვე იყურებოდა და აინტერესებდა თუ რა ხდება იქ, "შორეულ სამყაროებში". სურვილის მიუხედავად, ბუნებამ ადამიანებს ტელესკოპების მხედველობა არ არგუნა და შორეული ციური სხეულების დასანახად "შეიარაღება" გვჭირდება. თვალის შეიარაღებაზე სერიოზული ფიქრი მეათე საუკუნიდან დაიწყო, კერძოდ არაბი მეცნიერით, იბნ ალ-ჰაისამით.

ჰაისამი დიდი მოაზროვნე და მეცნიერი იყო. მას უამრავი ნაშრომი ეკუთვნის ფილოსოფიის, მათემატიკის, ფიზიკის, მედიცინისა და განსაკუთრებით ოპტიკის მხრივ. მას გასაოცრად ზუსტად აქვს ახსნილი თვალის აგებულება, რაც თანამედროვე წარმოდგენებთან ძალიან ახლოსაა. ის არის დაკავშირებული სპეციალური მინის (ლინზის) გამოგონებასთან, რომელიც საგნებს ადიდებს. სწორედ ეს გამადიდებელი ლინზაა ზოგადად ტელესკოპების მნიშვნელოვანი ნაწილი.

რაც შეეხება ევროპას, აქ ლინზების კეთება შედარებით გვიან, მეცამეტე საუკუნეში დაიწყეს. თავად ტელესკოპი უკვე 1608 წელს, ნიდერლანდებში გამოიგონეს. თავიდან ლინზების ეფექტი არ იყო სერიოზული, დროსთან ერთად ისინი დაიხვეწა. ლინზებმა ფრთები, განსაკუთრებულად, იოჰანეს კეპლერის გონებაში შეისხეს. 1611 წელს კეპლერმა აღწერა, თუ როგორ შეიძლება ბევრად უფრო სასარგებლო იყოს ტელესკოპის დამზადება ამოზნექილი ობიექტივითა და ოკულარული ლინზებით. უკვე 1655 წლისთვის, ასტრონომი კრისტიან ჰიუგენსი წარსულთან შედარებით საკმაოდ მძლავრ ტელესკოპზე მუშაობდა და ის სწორედ კეპლერის გონებაში გაჩენილ მიგნებებს ეყრდნობოდა.

ტელესკოპები დღეს

"ტელე" ძველ ბერძნულად შორს ნიშნავს, ხოლო "სკოპიენ" ყურებას. შესაბამისად, ტელესკოპი შორს ყურების ინსტრუმენტია. თანამედროვე ტელესკოპები ძველთან შედარებით კოლოსალურად მძლავრი და ტექნიკურად გამართულია. დღეს სამი სახის ტელესკოპი არსებობს, ესენია: ლინზიანი, სარკიანი და სარკაინ-ლინზიანი.

ლინზიანი ტელესკოპის მილში მოთავსებულია ოპტიკური სისტემა. მილი ურთიერთმართობულ ორ ღერძზეა მიმაგრებული, რომელთა ირგვლივ ბრუნვით მას ცისკენ მივმართავთ.

სარკიანი მილის შემთხვევაში ფსკერზე ჩაზნექილი სარკეა მოთავსებული. მას სხივთა კონა ეცემა, რომელიც ირეკლება და ეცემა ირიბ ბრტყელ სარკეს. აქედან არეკლილი სხივთა კონა ობიექტის გამოსახულებას იძლევა.

რაც შეეხება სარკიან-ლინზიანს მასში გამოსხივება მიმართულია მთავარი სარკისაკენ, რომელიც შუაშია გახვრეტილი, რათა გაატაროს სარკეებიდან არეკლილი სხივები ფოკუსისაკენ.

ერთი "ფორმულა" რაც უნდა ვიცოდეთ როდესაც ტელესკოპებზე ვსაუბრობთ შემდეგია: სინათლის რაოდენობა, რომელიც ტელესკოპს ფოკუსში ერთიანდება, სარკის ზედაპირის ფართობის პროპორციულია. მაგალითად, ჩვენი თვალის გუგის დიამეტრი დაახლოებით 6 მმ-ია. ტელესკოპი, რომლის სარკის დიამეტრი 6 მ-ია თვალის გუგას უამრავჯერ აღემატება. ესე იგი, ის ამდენჯერვე მეტ სინათლეს "დაიჭერს". ასეთ ტელესკოპს შესწევს უნარი დაგვანახოს მილიონჯერ უფრო მკრთალი მნათობი, ვიდრე ამას ჩვენ შეუიარაღებელი თვალით დავინახავდით.

შესაბამისად, მოცემულობა მარტივია, რაც უფრო მეტ სინათლეს შეკრებს ტელესკოპი მით მეტი ოდენობით გამოჩნდება მასში ციური სხეულები.

უკვე დიდი ხანია კაცობრიობა მხოლოდ თავის ბიოლოგიურ თვალს აღარ ეყრდნობა. ჩვენ უამრავი მოწყობილობა გვაქვს, რომლებიც გვანახებენ იმას, რასაც შეუიარაღებელი თვალით ადამიანი ვერასდროს აღიქვამდა. დღეს ჩვენი ცივილიზაციის შორსმჭვრეტელობა ისეთ თვალებზეა დამოკიდებული, როგორიც ეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპია და როგორიც მომავალში ჯეიმს ვების იქნება.

კაცობრიობის თვალები კოსმოსში — ჰაბლიდან ვებამდე

ერთია კაცობირობის თვალი (ტელესკოპი), რომელიც კოსმოსს დედამიწიდან გაჰყურებს, მაგრამ მეორეა თავად კოსმოსური ტელესკოპი. ორბიტალური ტელესკოპი კონცეპტუალურად პირველად მოხსენიებულია ჰერმან ობერტის წიგნში "რაკეტა საპლანეტაშორისო სივრცეში".

როგორც უკვე ვახსენე, დროსთან ერთად ტელესკოპები სულ უფრო ვითარდებოდა, მაგრამ კოსმოსის დედამიწიდან აღქმას თავისი სირთულეები ახლავს. ამ მხრივ თავის როლს თამაშობს პლანეტის ატმოსფეროს საფარი და ამის გამო დედამიწისგან დაშორებული ციური სხეულები ხშირად კარგად არ ჩანს. არის სხვა ფაქტორებიც, მათ შორის განათება. სწორედ ამიტომ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი ტელესკოპზე, რომელსაც კოსმოსში გაუშვებდნენ და სამყაროს შესწავლას ასე უფრო მაღალ ეტაპზე აიყვანდნენ. უკვე 1962 წელს აშშ-ის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული მოხსენება ორბიტალური ტელესკოპის შემუშავებას და კოსმოსურ პროგრამაში მის ჩართვას უწევდა რეკომენდაციას.

1970-იან წლებში ნასამ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსურ ტელესკოპებზე აქტიურად დაიწყეს მუშაობა. პროექტის დაფინანსება დაიწყო 1977 წელს და გადაწყდა, რომ ტელესკოპს ედვინ პაუელ ჰაბლის სახელი დარქმეოდა. ედვინ ჰაბლი უდიდესი ასტრონომი იყო, რომელმაც 1920-იან წლებში სამყაროს გაფართოება აღმოაჩინა.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი წლების დაუზარელი შრომის შედეგი იყო. უამრავი კვლევა და შრომა გახდა საჭირო, სანამ ის 1990 წლის 24 აპრილს გაეშვებოდა. გაშვების დღიდან ჰაბლმა ბევრი პრობლემა გადალახა და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ის ნამდვილად რევოლუციურია და მან კაცობრიობას წარმოუდგენელი სიახლეები მოუტანა. სწორედ ჰაბლის დახმარებით ჩვენ, როგორც სახეობამ დავინახეთ ისეთი სამყარო, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. მისი შესაძლებლობები იმდენად ფართოა, რამდენადაც თავად სამყაროს ასაკის განსაზღვრაა. ამასთან, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ჩვენი მზის სისტემის შესწავლაშიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰაბლი იყო და ამ მომენტამდე კვლავ რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო ინსტრუმენტად.

თუმცა, დროსთან ერთად ყველაფერი ძველდება. ამიტომ, NASA წლების მანძილზე ტელესკოპს აახლებდა, რის შედეგადაც ამ ტექნოლოგიურმა გარღვევამ მილიონობით ფოტო გადაიღო, რომლებიც 17 000-მდე სამეცნიერო კვლევაში და სტატიაშია გამოყენებული.

მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა ჰაბლის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება. მეცნიერებს ტელესკოპისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სულ უფრო უჭირთ. სწორედ ამიტომ ყველა ხვდება, რომ ჰაბლს მემკვიდრე სჭირდება, ასეთი კი ვინ შეიძლება იყოს თუ არა თავად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.

ასევე: NASA ადასტურებს — ჰაბლის ტელესკოპი ისევ გაითიშა

ძალიან დიდი მოლოდინის შემდეგ, სანატრელი მომენტი ახლოვდება — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამ თვეში — 25 დეკემბერს გაეშვება (იმედია) და ის 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ჰაბლი.

ასტრონომები ჰაბლის "ჩამნაცვლებელ" ტელესკოპზე უკვე 1990-იან წლებში ფიქრობდნენ, ხოლო უშუალოდ მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო.

ტელესკოპი ორბიტაზე განთავსდება დედამიწიდან, დაახლოებით, 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც პლანეტის ირგვლივ ტრიალებს, ვები მზის გარშემო იბრუნებს.

ვებს ექნება დაახლოებით 6,5 მეტრი დიამეტრის ძირითადი სარკე, რაც მას გაცილებით დიდ არეალს აძლევს, ვიდრე ეს ჰაბლის შემთხვევაშია. ჰაბლის სარკე არის ბევრად უფრო მცირე 2,4 მეტრი დიამეტრის და მისი შესაბამისი შეგროვების ფართობი არის 4,5 მ2, რაც ვებს დაახლოებით 6,25-ჯერ მეტი შეგროვების ფართობს ანიჭებს. შესაბამისად, ვებს ექნება გაცილებით დიდი ხედვის არეალი, ვიდრე NICMOS კამერას Hubble-ზე (დაფარავს 15-ჯერ მეტ ფართობს). ასევე, მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება სივრცითი გარჩევადობა.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმის თუ რატომ უნდა ველოდეთ ჯეიმს ვების ტელესკოპისგან კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ეს ჰაბლისგან მივიღეთ. თუმცა, ამით ჰაბლის დაკნინებას არც კი ვფიქრობ. მიუხედავად ამისა, დღეს ინტერნეტში ბევრ სტატიას ნახავთ, სადაც ჰაბლის და ვების შედარება ხდება. ზოგ შემთხვევაში თავად მეცნიერებსაც კი ადარებენ, საუბარი მაქვს ედვინ ჰაბლსა და ჯეიმს ვებზე. ზოგი იმასაც მიიჩნევს, რომ ჯეიმს ვებს ასეთი მნიშვნელოვანი ტელესკოპის "სეხნიობა" არ დაუმსახურებია და მას ჰომოფობიაშიც კი ადანაშაულებენ. და მაინც, ვინ იყო ჯეიმს ვები?!

ჯეიმს ვები — ადამიანი ტელესკოპი

ჯეიმს ვები იყო ამერიკის მთავრობის მოხელე, რომელიც მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ 1949-1952 წლებში. რაც მთავარია, ის იყო ნასას ადმინისტრატორი 1961 წლის 14 თებერვლიდან 1968 წლის 7 ოქტომბრამდე. ვებს უდიდესი შრომა მიუძღვის NASA-ს განვითარებაში, აკონტროლებდა რა ამ ორგანიზაციას კენედის ადმინისტრაციის დასაწყისიდან ჯონსონის ადმინისტრაციის დასრულებამდე. ვების წვლილი დიდია Mercury-სა და Gemini-ის პროგრამების განვითარებაშიც. მან თავი კარგად გაართვა Apollo 1-ის ცნობილ ხანძარსაც.

მისი ადმინისტრაციის დროს NASA ჩვეულებრივი კვლევითი ცენტრიდან მსოფლიოში ყველაზე გავლენიან სამეცნიერო ორგანიზაციად იქცა. ვებმა დიდი როლი ითამაშა პილოტირებული კოსმოსური ხომალდის ცენტრის, მოგვიანებით ჯონსონის კოსმოსური ცენტრის შექმნაში, ჰიუსტონში. უშუალოდ აპოლოს პროგრამაზე ფოკუსირებაზე ზეწოლის მიუხედავად, ვებმა მოახერხა, რომ NASA-ს პლანეტების კვლევის პროგრამებიც წარმატებით განეხორციელებინა. საუბარია Mariner-სა და Pioneer-ის კოსმოსურ პროგრამებზე.

ვებს თავისი შრომისთვის უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი 1969 წელს და 1976 წელს სმიტსონის ინსტიტუტის ლენგლის ოქროს მედალი.

ადამიანი, რომელსაც NASA-ს განვითარებაში ასეთი დიდი წვლილი მიუძღვის, დაიბადა 1906 წელს, ტალი ჰოს სოფელში, გრანვილის ოლქში, ჩრდილოეთ კაროლინაში. მისი სიცოცხლე 1992 წელს დასრულდა, მაგრამ ის ახლა "ადამიანი ტელესკოპია" — მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი მის სახელს ატარებს. შეიძლება ითქვას, ვებმა ამით უკვდავება მოიპოვა და აქედან გამომდინარე, ის ალბათ სამუდამოდ დარჩება ადამიანების მახსოვრობაში.

მიუხედავად ჯეიმს ვების დამსახურებებისა, არიან ადამიანები, რომლებსაც ის არ მოსწონთ. ისინი კოსმოსური ტელესკოპისთვის ჯეიმს ვების სახელის დარქმევას აპროტესტებენ. დავა ტელესკოპის "სეხნიის", ნასას ყოფილი მმართველის, ჯეიმს ვების, ისტორიას უკავშირდება, რომელსაც კრიტიკოსები ჰომოფობიაში სდებენ ბრალს. საქმე იმაშია, რომ ჯეიმს ვებმა NASA-ს დაცვას უფლება მისცა, თანამშრომლები სექსუალური ორიენტაციის გამო დაეკითხათ. დავა დღემდე გრძელდება, იქმნება პეტიციებიც, რომლებშიც კოსმოსური ტელესკოპისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ NASA-ს უკანასკნელ წლებში არაერთხელ შეუცვლია თავის კოსმოსურ ობიექტთა სახელები. მაგალითად, 2019 წელს ასტეროიდს, სახელად "Arrokoth" დაარქვეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მის თავდაპირველ სახელწოდებას, "Ultima Thule-ს", ნაცისტური კონოტაციები ჰქონია. ამავდროულად, მომდევნო წელს კოსმოსურმა სააგენტომ პირობა დადო, რომ კოსმოსში არსებულ ობიექტებზე რასისტული სახელების გამოყენებას შეწყვეტდა.

თუმცა, როგორც ჩანს, კრიტიკოსთა მოთხოვნის მიუხედავად, NASA ჯეიმს ვების ტელესკოპს სახელს არ გადაარქმევს.

ასევე: კრიტიკოსთა მოთხოვნისდა მიუხედავად, NASA ჯეიმს ვების ტელესკოპს სახელს არ გადაარქმევს

"ამ დრომდე არანაირი მტკიცებულება არ მოგვიპოვებია, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის სახელის გადარქმევას გაამართლებს", — განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა NPR-თან საუბრისას.

NASA-ში ამბობენ, რომ ვების დოსიეში გამოძიება ჩაატარეს, თუმცა იქ ისეთი არაფერი უპოვიათ რის გამოც ტელესკოპს სახელს გადაარქმევენ. როგორც ჩანს, ჯეიმს ვებს ხელს ვეღარაფერი შეუშლის და ის მაინც გახდება ადამიანი ტელესკოპი, ახლა მთავარი თავად მისიის წარმატებაა. მისიის წარმატებისთვის კი კოსმოსური ტელესკოპის სწორად გაშვებაა საჭირო.

გაშვება

კოსმოსური ტელესკოპის 25 დეკემბერს უნდა გაუშვან. ვებს კოსმოსში რაკეტა Ariane 5 გაიყვანს. ეს საფრანგეთის გვიანაში მდებარე ევროპული ობიექტიდან მოხდება.

ვების კოსმოსური ტელესკოპი ზედმეტად დიდია იმისათვის, რათა რაკეტის კონუსურ ცხვირში მოთავსდეს. ამიტომ, მისი გაშვება ორიგამის მსგავსად, დაკეცილ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. დაკეცილს გაშლა დასჭირდება, ეს კი რთული ამოცანაა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუ არა ყველაზე რისკიანი და საფრთხილო კონფიგურაცია, რაც კი NASA-ს ოდესმე განუხორციელებია.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. აფრენიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, გაიშლება საკომუნიკაციო ანტენა და მზის პანელები. შემდეგ იქნება მზის ფარის გაშლა, ეს მეექვსე დღეს დაიწყება, მას შემდეგ რაც ტელესკოპი მთვარეს გაცდება. მეორე კვირის ბოლოს დადგება სარკის გახსნის ჯერი. საბოლოო კონფიგურაციის შემდეგ, ინსტრუმენტებს დასჭირდება გაგრილება და დაკალიბრება.

დაბოლოს, იმისთვის, რომ ტელესკოპმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა 6 თვე იქნება საჭირო. რატომ ამდენი დრო? საქმე იმაშია, რომ ვების კოსმოსური ტელესკოპი შორს მიემგზავრება და თან უამრავი პროცედურა აქვს შესასრულებელი, ამისთვის კი დრო სჭირდება. . . ბევრი დრო.

სად მიდის ვები — 2 მილიონი კილომეტრის გზა

როგორც უკვე აღვნიშნე, ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის "თანამგზავრია", ვები მზის გარშემო იბრუნებს. ვები არამარტო ბევრად უფრო მეტს დაინახავს, არამედ ფიზიკურადაც ბევრად უფრო შორს წავა, ვიდრე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი. საუბარია 2 მილიონ კილომეტრზე უფრო დიდ დაშორებაზე, ლაგრანჟის მეორე წერტილზე. მაგალითისთვის, ეს ოთხჯერ აღემატება ჩვენს პლანეტასა და მთვარეს შორის მანძილს.

ვების ტელესკოპს კოსმოსის ამ რეგიონამდე მისაღწევად დაახლოებით 1 თვე დასჭირდება. ეს კოსმოსის მასშტაბით შეიძლება ძალიან დიდი მანძილი არ არის, მაგრამ ჩვენთვის, ადამიანებისთვის ძალიან შორია. ასე შორს ადამიანი ფიზიკურად ჯერ არ ყოფილა. შესაბამისად, ჰაბლისგან განსხვავებით, რომელის შესაკეთებლად კოსმონავტები ფიზიკურად უკვე გაგზავნეს, ვებთან ადამიანის გაგზავნა შეუძლებელი იქნება. ეს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის და ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეცდომების დაშვების ნაკლები უფლება აქვთ. ვები ბოლომდე დისტანციურ მართვაზე იქნება.

"კოსმოსური ტელესკოპის ნებისმიერი მარცხი დამღუპველი იქნება NASA-სთვის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი უზუსტობა სარკეების გაშლისას ტელესკოპისთვის შეიძლება დასრულდეს კატასტროფით. ტელესკოპის კატასტროფა კი მთელი კაცობრიობის კატასტროფაც იქნება", — ამბობს მარტინ რისი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი.

თუმცა, ასეთ დისტანციას თავისი პლიუსები აქვს. ტელესკოპს რაც შეიძლება ნაკლები ხელისშემშლელი ნათება სჭირდება. შესაბამისად, მზის მხრიდან, ის პირდაპირ დედამიწის უკან იქნება მოქცეული. ტელესკოპი მუდმივად ჩვენი პლანეტის ღამის მხარეს დარჩება.

ერთი შეხედვით ტელესკოპის გასაშვებად ყველაფერი მზად არის, თუმცა მეცნიერებს ეს აქამდეც არაერთხელ უთქვამთ. ყოფილა შემთხვევები როდესაც ჩანიშნული გაშვება უვადოდ გადაუდიათ. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამჯერად დაზუსტებით ამბობენ, რომ ეს აღარ მოხდება. . . ამჯერად აღარ.

ოღონდ ამჯერად არა

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების თარიღის გადაწევა არაერთხელ მოუწია. ტელესკოპის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და მისი გაშვების საწყისი თარიღი არც მეტი არც ნაკლები 2007 წელი იყო. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ტელესკოპი კი კვლავ გასაშვებია.

ასევე: NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ გადადო

რამდენადაც ღიმილის მომგვრელი არ უნდა იყოს, მარტო 2021 წელს ტელესკოპის გაშვება რამდენჯერმე გადაიდო. ჯერ ტელესკოპი 31 ოქტომბერს უნდა გაეშვათ, თუმცა ის ნოემბრისთვის გადაიდო. მიუხედავად ამისა გაშვება ვერც ნოემბერში მოხერხდა. როდესაც ამ სტატიაზე მუშაობა დავიწყე ვიცოდით, რომ ტელესკოპი 22 დეკემბერს გაეშვებოდა, მაგრამ წერის პროცესში აღმოვაჩინე, რომ გაშვება 24 დეკემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ეს ისტორიული მომენტი 25 დეკემბერს დადგება (იმედია). თუმცა, სამი დღე ნამდვილად არაფერია 14 წელთან შედარებით. შესაბამისად, 2-3 დღეს არავინ ჩივის, მთავარი რაზეც ყველას გვეფიქრება კიდევ უფრო შორეული თარიღია. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ გაშვების გადადება ამჯერად აღარ მოხდება.

გაშვების პროცესის ასეთი გაწელვა იმაზე მეტყველებს, რომ მისია ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესია. და მაინც, რას შეცვლის ჯეიმს ვების ტელესკოპი?

რას შეცვლის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი?

ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა, როგორც სამყარო. მიუხედავად ამისა, ტელესკოპის ორი ძირითადი სამეცნიერო მისიის გამორჩევა მაინც შეგვიძლია. ეს ორი მთლიანობაში ტელესკოპის დროის 50 პროცენტზე მეტს წაიღებს. პირველ რიგში, მისი მისიაა გამოიკვლიოს კოსმიური ისტორიის ადრეული ფაზები, დააფიქსიროს რა დრო, დიდი აფეთქებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ.

ჩვენ გვსურს ვნახოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ პირველი ვარსკვლავები, გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი დროთა განმავლობაში. ვები ამისთვის იდეალური ინსტრუმენტია და ის დროის მანქანასავით იმოქმედებს. ის იმ სინათლეს დააფიქსირებს, რომელიც სამყაროს გაჩენიდან მალევე წარმოიშვა. ეს კაცობრიობის წინაშე სამყაროს სხვდასხვა პერიოდებს გადაშლის — სამყაროს დაბადებიდან, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების წარმოშობამდე.

ვების მეორე მთავარი მიზანია ეგზოპლანეტების აღმოჩენა, რაც ნიშნავს პლანეტებს მზის სისტემის გარეთ. ტელესკოპი გამოიკვლევს სიცოცხლის პოტენციალს ამ სამყაროებში, მათი ატმოსფეროს შესწავლით.

მთავარ იმედს ვების ინფრაწითელი შესაძლებლობები გვაძლევს. ულტრაიისფერი და ხილული სინათლისგან განსხვავებით, რაშიც ჰაბლი ოპერირებს, ინფრაწითელი უფრო ადვილად აღწევს მტვერში, რაც ღრუბლებით დაბურული ადრეული სამყაროს უკეთეს, მკაფიო ხედს გვპირდება. რაც ნიშნავს, რომ ეს მეცნიერებს უფრო შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას მისცემს და ამასთან, მივუახლოვდებით არამიწიერი სიცოცხლის დაფიქსირებას.

ასევე: ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს არამიწიერი სიცოცხლის დაფიქსირება 20 საათში შეუძლია — კვლევა

მეტი კონკრეტიკისთვის, აშშ-ში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე ასტრონომთა ახალი კვლევის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს შორეული ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესწავლის გზით მათზე სიცოცხლის არსებობის განსაზღვრა სულ რაღაც 20 საათში შეუძლია. ამის შესახებ ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv არის ხელმისაწვდომი.

ამისთვის ტელესკოპი ტრანზიტის მეთოდს გამოიყენებს, რომლის მეშვეობითაც ეგზოპლანეტებს თავიანთ ვარსკვლავებთან ჩავლისას შენიშნავს, რადგან ამ პროცესში მნათობებისგან მომავალი სინათლე იცვლება. სპექტროსკოპის მიერ მოპოვებული მონაცემები კი აღნიშნული ობიექტების აირად გარსში ბიოლოგიურ ორგანიზმებზე მიმანიშნებელი კვალის აღმოჩენაში დაგვეხმარება.

20 საათში არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა ცოტა არ არის ხო? თუმცა, მარტო ეს არ არის. NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპი ვარსკვლავთშორის წყალსაც მოძებნის!

რაც ვიცით, წყალი გადამწყვეტია სიცოცხლისთვის. თუმცა, მისი გაჩენა მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, რასაც შეხვდებით ყინულოვან მოლეკულურ ღრუბელთა სიღრმეში, სადაც მტვერი ფარივით ეღობება გამანადგურებელ ულტრაიისფერ სინათლეს და ხელს უწყობს ქიმიურ რეაქციებს. ვები ამ კოსმოსურ რეზერვუართა სიღრმეში შეიხედავს, რათა ახალი ცნობები შეაგროვოს წყლის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ. ამით ეცდება გაარკვიოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა სასიცოცხლო ბლოკების წარმოშობა.

პროექტის ფარგლებში, ვების მაღალი რეზოლუციის სპექტროგრაფით ჩატარდება ყველაზე ზუსტი და სენსიტიური დაკვირვებები. ვების სპექტროგრაფებს, NIRSpec-სა და MIRI-ს ბევრჯერ უფრო მაღალი სიზუსტე აქვს, ვიდრე ამჟამად მოქმედ ნებისმიერ ინფრაწითელ კოსმოსურ ტელესკოპს.

ასევე: 5 რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ

არც ეს არის ყველაფერი! დაგეგმილია უფრო კომპლექსური დაკვირვებები ჩვენს მზის სისტემაზე, მათ შორის მარსსა და ევროპაზე, იუპიტერის ყინულოვან მთვარეზე. და რა თქმა უნდა, იუპიტერი! იუპიტერისა და მისი თანამგზავრების შესწავლა კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს იუპიტერს ტყუილად არ ეძახიან პატარა მზის სისტემას.

სარკევ, სარკევ! მითხარი, ვინ არის ჩემზე ლამაზი?!

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტელესკოპის ცენტრალური ნაწილი, მისი უზარმაზარი ძირითადი სარკე, ჩაზნექილი სტრუქტურა, რომელიც 6,5 მეტრის სიგანისაა და შედგება 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც ოპტიმიზებულია სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის.

ტელესკოპს ასევე აქვს ოთხი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომლებსაც ორი ძირითადი მიზანი აქვთ: კოსმოსური ობიექტების ასახვა და სპექტროსკოპია — სინათლის დაშლა ცალკეულ ტალღის სიგრძეებად კოსმოსური მატერიის ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესასწავლად.

სარკე და ინსტრუმენტები დაცულია ხუთფენიანი მზის ფარით, რომელიც ბუდის ფორმისაა და ჩოგბურთის კორტის ზომაზეა გაშლილი. მისი მემბრანები შედგება კაპტონისგან, მასალისგან, რომელიც ცნობილია მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობით.

ეს ის სარკეა, რომლისაც მსოფლიოში ნებისმიერ ტელესკოპს შეშურდებოდა და კი, ამ ეტაპზე ის ნამდვილად ყველაზე ლამაზია!

და აი, ის მომენტიც

ისტორიული მომენტი ახლოვდება და უამრავი ადამიანის ოცნება რამდენიმე დღეში ახდება. ვების კოსმოსური ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაგვიჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი დაგვჭირდა. ამის ფონზე პასუხისმგებლობა და დაძაბულობა კიდევ უფრო დიდია.

წარმატების შემთხვევაში ვების ტელესკოპი კოსმოსური ძიების ახალ ერას წამოიწყებს. მას აქვს პოტენციალი გადაწეროს ჩვენი სამყაროს ადრეული დღეების გაგება — ისევე როგორც ეს თავის დროზე მისმა წინამორბედმა, NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შეძლო.

25 დეკემბერს კაცობრიობა ღრმად ჩაისუნთქავს და ამოსუნთქვის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამყაროს სრულიად ახალი, სუპერტექნოლოგიური თვალით შევხედავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ