აღმოაჩინეს ადამიანის გადაშენებული სახეობა, რომელიც ძალიან ჰგავს ჰომო საპიენსს
მეცნიერებმა, შესაძლოა, ახლახან ჩვენი სახეობის უახლოესი "ნათესავი" აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილი ადამიანის სახეობას, სახელად ჰომო ლონგი — მეტსახელად "დრაკონის კაცი" უწოდეს.
პირველად, შესანიშნავად შემონახული ნამარხი თავის ქალა აღმოაჩინეს გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰეილონჯიანგის პროვინციაში, ქალაქ ჰარბინში ხიდის მშენებლობის დროს. ნაშთის ახალმა კვლევამ კი ცხადყო, რომ ის სინამდვილეში აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის. ამასთან, არქაული ჰომინინი, როგორც ჩანს, ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი "ნათესავია". მას ჩვენთან უფრო მჭიდრო კავშირში აქვს, ვიდრე ეს ნეანდერტალელებს.
ეს შესანიშნავი აღმოჩენა ჩინეთის სამეცნიერო ინსტიტუტებმა და ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა გააკეთეს. მათი შედეგები ახლახანს სამი ნაშრომის სახით (აქ, აქ და აქ), გამოქვეყნდა Cell Press-ის ჟურნალში.
"ჰომო ლონგი" დიდი ტანის უნდა ყოფილიყო. ჰქონდა სქელი წარბები, ფართო პირი, დიდი ზომის კბილები და თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის მოცულობა. მისი მეტსახელი "დრაკონის კაცი" იმ პროვინციის სახელწოდებიდან მოდის, სადაც თავის ქალა აღმოაჩინეს. მკვლევრების აზრით, ეს კონკრეტული ინდივიდი იყო მამაკაცი, დაახლოებით 50 წლის, ცხოვრობდა ტყიან გარემოში, როგორც მცირე საზოგადოების ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ ნამარხის დათარიღება განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ინფორმაცია მისი აღმოჩენის ზუსტი ადგილის შესახებ დაიკარგა. ეს ნიშნავს, რომ მკვლევრებს არ შეეძლოთ იმ ფენის შესწავლა, რომელშიც ნაშთი იქნა აღმოჩენილი. ამის ნაცვლად, მკვლევრებმა გამოიყენეს დახვეწილი გეოქიმიური ანალიზების კომბინაცია, მათ შორის სტრონციუმის იზოტოპური კოეფიციენტები და რენტგენის ფლუორესცენტი, რათა უკეთ გაეგოთ როდის დაიარებოდა ეს არქაული ადამიანი დედამიწაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ თავის ქალა 146 000 წლის წინ მცხოვრებ არსებას ეკუთვნოდა. ეს ადამიანის ევოლუციისთვის ძალიან საინტერესო პერიოდია. ჰომინიდების რამდენიმე სახეობა თანაარსებობდა აზიაში, ევროპასა და აფრიკაში, მათ შორის იყვნენ ჰომო საპიენსები (ადამიანები), ნეანდერტალელები, დენისოველები და სხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით გადატვირთული იყო აღმოსავლეთ აზია.
ამ სახეობებს შორის ურთიერთობის ზუსტი დადგენა რთულია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელები გენეტიკურად უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ახლა კი, მკვლევრების აზრით, "ჰომო ლონგი" შეიძლება უფრო მჭიდრო კავშირში იყოს ჩვენთან, ვიდრე ნეანდერტალელები.
როგორიც არ უნდა იყოს ამ ურთიერთობის ზუსტი ხასიათი, ცხადია, რომ "დრაკონის კაცი" ახალ შუქს ჰფენს ჰომოს გვარის იდუმალ ისტორიას.
"ცნობილია, რომ ნეანდერტალელები ჩვენს უახლოეს "ნათესავებად" მიიჩნევიან, მაგრამ ეს ახალი აღმოჩენა მეტყველებს, რომ "დრაკონის კაცი" კიდევ უფრო ახლოს დგას ჩვენთან. კვლევა კვლავ გაგრძელდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ", — ამბობენ მკვლევრები.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები