უახლოეს ვარსკვლავურ სისტემაში ეგზოპლანეტის კვალს მიაგნეს — 4 სინათლის წლის მანძილზე

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI, Robert L. Hurt
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ასტრონომებმა მზის მსგავსი უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ეგზოპლანეტის არსებობის სავარაუდო მტკიცებულებას მიაგნეს. მნათობს ალფა კენტავრი A ეწოდება და ის ჩვენგან დაახლოებით 4 სინათლის წლის დისტანციაზე მდებარე სამმაგი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია. ეს კოსმოსური მასშტაბებით საკმაოდ მცირე მანძილად მიიჩნევა.
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შუა ინფრაწითელი კამერით მეცნიერები ალფა კენტავრ A-ს კორონოგრაფიის მეთოდით დააკვირდნენ, ანუ მისი სიკაშკაშე დაბლოკეს. ეს ტექნიკა იქ მდებარე ნაკლებად ელვარე ობიექტების გამოვლენის საშუალებას იძლევა. სწორედ ასე აღმოაჩინეს თავად ვარსკვლავზე 10 000-ჯერ მკრთალი ეგზოპლანეტის პოტენციური კვალი, თანაც სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში — მნათობიდან ისეთ მანძილზე, სადაც წყლის თხევადი სახით შენარჩუნება შესაძლებელია. ამის მიუხედავად, ის აირისგან შედგენილი გიგანტური ციური სხეული უნდა იყოს, ანუ ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმები იქ, დიდი ალბათობით, ვერ განვითარდებოდნენ.
სავარაუდო ეგზოპლანეტას მნათობისგან 2 ასტრონომიული ერთეული აშორებს (შედარებისთვის, დედამიწა მზისგან 1 ასტრონომიულ ერთეულ მანძილზეა). თუ მისი არსებობა დადასტურდება, ის მნათობთან ასე ახლოს აღბეჭდილი პირველი მსგავსი ობიექტი იქნება; ასევე პირველი, რომელიც მზის მაგვარი ასაკისა და ტემპერატურის ვარსკვლავის გარშემო გადაიღეს.
ალფა კენტავრის სამმაგ სისტემაში ორი დადასტურებული ეგზოპლანეტაა, რომლებიც ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის მიმდებარედაა. ალფა კენტავრ A-სა და მის კომპანიონ ალფა კენტავრ B-ს მიმდებარედ აქამდე მსგავსი ობიექტი დაფიქსირებული არ ყოფილა. სიმულაციების მიხედვით, ახალი კანდიდატი მნათობთან ზედმეტად ახლოსაა იმისთვის, რომ ტელესკოპს პირდაპირ გადაეღო. შესაბამისად, მის ავთენტურობაში დასარწმუნებლად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო.
"ორი ახლო ვარსკვლავის სისტემაში ეგზოპლანეტის არსებობა ასეთ ქაოსურ გარემოში პლანეტების ფორმირების, გადარჩენისა და ევოლუციის გაგებას გამოწვევის წინაშე დააყენებს", — აცხადებენ მეცნიერები.
ავტორთა ორი ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები