ტარანტულის 4 ახალ სახეობაში მამრების გენიტალია რეკორდულ სიგრძეს აღწევს — ნახეთ
ფოტო: Zamani et al. 2025
მეცნიერებმა ობობების ამ დრომდე უცნობი გვარი და მასში შემავალი ტარანტულის ახალი სახეობები აღმოაჩინეს. მათ ის გამოარჩევს, რომ მამრებს რეკორდული ზომის სასქესო ორგანო აქვთ, რომელიც აქამდე არსებულ კატეგორიებშიც ვერ მოთავსდა.
მაინც რატომ განუვითარდათ ამ ობობებს ასეთი გრძელი გენიტალია? მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ ერთგვარი საცეცის მეშვეობით მამრები აგრესიული მდედრებისგან თავდაცვას ცდილობენ. საქმე ისაა, რომ მდედრები შეწყვილებისას თავიანთ პარტნიორებს ჭამენ — დიახ, ისინი ნამდვილად აგრესიულები არიან.
ჩვეულებრივ, მამრი ტარანტულების სასქესო ორგანო, პალპი (რომლითაც სპერმა გადააქვთ), მათ სხეულზე 1.5-2-ჯერ გრძელია. ახალაღმოჩენილ სახეობებში კი ის სხეულზე 4-ჯერ გრძელია და ყველაზე დიდი ფეხის თითქმის ნახევარს აღწევს. ეს ტარანტულებში რეკორდული მაჩვენებელია და იმდენად განსხვავებულია, რომ სრულიად ახალი გვარის შემოტანა გახადა საჭირო — სატირექსის.
ბერძნულ მითოლოგიაში "სატირი" ტყის მამრი ღვთაებაა ადამიანის თავითა და თხის ან ცხენის ტანით. სატირებს ხშირად საკმაოდ დიდი გენიტალიით გამოსახავდნენ. რაც შეეხება სახელის მეორე ნაწილს, "რექსი" ლათინურად "მეფეს" ნიშნავს.
ეს ტარანტულები არაბეთისა და სომალის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობენ, ძირითადად ხვრელებსა და ქვებს შორის არსებულ გრილ ადგილებში. პირველად მეცნიერები საუდის არაბეთში Satyrex arabicus-ის სახეობას გადააწყდნენ. შემდეგ იემენსა და ომანში Satyrex ferox გადაიღეს, სომალილენდში კი Satyrex somalicus და Satyrex speciosus აღწერეს.
მათგან სიდიდით S. ferox გამოირჩევა, რომელშიც მდედრებისა და მამრების ფეხების სიგრძე დაახლოებით 14 სანტიმეტრს აღწევს, პალპების ზომა კი 5 სანტიმეტრამდეა. ეს მამრებს შეწყვილებისას პარტნიორი ობობებისგან საკმარის დისტანციაზე აკავებს, რათა მათ მსხვერპლებად არ იქცნენ. ასევე, ისინი ძლიერი თავდაცვით გამოირჩევიან, რადგან მცირე წინააღმდეგობისასაც კი წინა საცეცებს მაღლა სწევენ და სპეციალური ბუსუსების ერთმანეთზე გახახუნებით სისინის მსგავს ხმას გამოსცემენ.
მეცნიერებმა მოლეკულური და პოლიგენეტიკური ანალიზიც ჩაატარეს. ამან აჩვენა, რომ Monocentropus longimanus-ის სახეობა, რომელიც აქამდე Monocentropus-ის გვარში ერთიანდებოდა, სატირიქსს უფრო მეტად ენათესავება. მას ახლა უკვე Satyrex longimanus ქვია და მამრების ასევე გრძელი პალპებით გამოირჩევა.
"ტარანტულებში მაინც ზომას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში ZooKeys გამოქვეყნდა.

კომენტარები