12 800 წლის წინ ატმოსფეროში კომეტის აფეთქების დასტურს ოკეანეში მიაგნეს
ფოტო: Getty Images
12 800 წლის წინ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში კომეტა აფეთქდა. ამ მოვლენის მტკიცებულება ოკეანის ფსკერზე დალექილი მტვრის მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომლებიც არადედამიწური წარმომავლობისაა.
გვიანდელი დრიასის შეჯახების ჰიპოთეზა იმ პერიოდში დედამიწის მოულოდნელი გამყინვარების ერთგვარ ახსნას გვთავაზობს. მაშინ, წესით, პლანეტაზე უნდა დამთბარიყო, მაგრამ ტემპერატურა ძალიან დაეცა, რაც დაახლოებით 1200 წელი გაგრძელდა. ეს იდეა ჯერ კიდევ სადავოა, რადგან მას ბევრი მეცნიერი არ ეთანხმება.
ყველაზე ძლიერი საწინააღმდეგო არგუმენტი კრატერის არარსებობაა. მიაჩნიათ, რომ ის ასეთი მასშტაბის შეჯახების შემდეგ უნდა დარჩენილიყო.
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის გეომეცნიერმა, ქრისტოფერ მურიმ, მკვლევართა ჯგუფთან ერთად ახალი მონაცემები წარმოადგინა. მათ გრენლანდიის ახლოს მდებარე ბაფინის ყურიდან დანალექის ოთხი ბირთვი აიღეს. ისინი ვერტიკალურად ამოღებული ცილინდრული ნიმუშებია, რომლებიც ზღვის ფსკერზე მრავალი ათასწლეულის განმავლობაში დალექილ ფენებს მოიცავს.
"ბაფინის ყურიდან მოპოვებული ნიმუშები იმიტომ ავირჩიეთ, რომ კონტინენტებიდან აღებულისთვის შეგვედარებინა", — განმარტავს მური — "გარდა ამისა, ყურე ანთროპოგენური (ადამიანური) დაბინძურების წყაროებისგან შორსაა. ნალექის ფენები კარგად იყო შენარჩუნებული და გარეგანი ჩარევის კვალი თითქმის არ ჩანდა".
მკვლევრებმა ფენების ასაკის დასადგენად რადიონახშირბადული დათარიღება გამოიყენეს. ამის შემდეგ მას-სპექტრომეტრიის მეთოდით მტვრის ნიშნები მოძებნეს. ანალიზმა ძალიან მცირე ზომის მეტალის ნაწილაკები გამოავლინა. ისინი, სავარაუდოდ, კომეტური წარმომავლობისაა. ნაწილაკებს შორის იყო ჟანგბადის დაბალი და ნიკელის მაღალი შემცველობის რკინაც. გარდა ამისა, ნახეს რკინითა და კვარცით გაჯერებული მიკროსფერულებიც.
მკვლევრების აზრით, ეს მიკროსფერულები ძირითადად დედამიწური მასალისგან შედგება. მიუხედავად ამისა, მასში მცირე ოდენობით ისეთი ფრაგმენტებიცაა, რომლებიც, დიდი ალბათობით, ატმოსფეროში აფეთქებული კომეტის ნაწილი იყო.
"ბაფინის ყურიდან აღებული ნიმუშების დამსახურებით, კომეტის აფეთქების რამდენიმე დამაჯერებელი არგუმენტი გვაქვს. მაგალითად, აღმოჩენილი მიკროსფერულები; მტვრის მეტალნარევი ნაწილაკები, რომლებიც ქიმიურად მეტეორიტული მასალის შედგენილობას შეესაბამება; ვნახეთ ისეთი ელემენტებიც, როგორიც პლატინა და ირიდიუმია. ეს ყველაფერი აფეთქების ნიშნებია", — ამბობს მური — "ამ მტკიცებულებებს ხმელეთის ნიმუშებიც ამყარებს. მათ მიხედვით, გვიანდელი დრიასის შეჯახება, შესაძლოა, გლობალური მასშტაბის მოვლენა ყოფილიყო".
მკვლევრები მომდევნო ეტაპზე სხვა ოკეანეების დანალექის გამოკვლევასაც გეგმავენ. ასე ისინი ჰიპოთეზას უფრო დაზუსტებით დაადასტურებენ ან უარყოფენ.
კვლევის შედეგები გამოცემაში PLOS One გამოაქვეყნეს.


კომენტარები