ნახეთ: HOPE მისიის ზონდმა მარსზე ატმოსფერული ნათება დააფიქსირა
როგორც Space.com იუწყება, არაბთა გაერთიანებული საემიროების HOPE მიიის ფარგლებში მარსზე გაგზავნილმა ზონდმა, რომლის მიზანიც მარსის ატმოსფეროს შესწავლაა, ძნელად მოსახელთებელი მოვლენა — მარსის ღამის ატმოსფერული ნათება გადაიღო.
HOPE-ის ორბიტერმა მოვლენის დაფიქსირება იქამდე მოასწრო, სანამ იგი ოფიციალურად დაიწყებდა სამეცნიერო მისიას. ცნობილია, რომ ამ ფენომენის შემჩნევა და შესწავლა საკმაოდ რთულ საქმეს წარმაოადგენს.
ეს მშვენიერი შემთხვევითობა აღმოჩნდა, რომელიც არ წარმოადგენდა იმ სამეცნიერო დაკვირვებების ნაწილს, რომლებიც მისიის ფარგლებში იყო დაგგემილი. წლის ბოლომდე ემირატების ორბიტერი აქ, შესაძლოა, კიდევ არაერთი საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდეს.
როგორც ვიცით, როდესაც მზიდან წამოსული დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან, პლანეტის მაგნიტური ველი მათ მიმართულებას უცვლის, რაც იწვევს ატმოსფეროში არსებული ნაწილაკების იონიზაციას და მათი ურთიერთქმედებისას სხვადასხვა ფერის სინათლის გამოსხივებას.
თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, მარსზე ატმოსფერული ნათება არამხოლოდ ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებზე, არამედ მთელ პლანეტაზე ვრცელდება. ამის მიზეზი წითელი პლანეტის მაგნიტური ველია.
ვიცით, რომ დედამიწის მაგნიტური ველი მაგნიტური დიპოლის ველს ჰგავს. როგორც კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერი და მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოადგილე ჯასტინ დეიგანი New York Times-ს უყვება, მარსის მაგნიტური ველი იმას მოგვაგონებს, "სხვადასხვა სიმძლავრის მაგნიტების დიდი გროვა რომ აიღოთ და პლანეტის ქერქში ისე არეულად ჩაყაროთ, რომ თითოეულ მათგანს სხვადასხვა მიმართულება ჰქონდეს".
აქედან გამომდინარე, მარსის გაბნეული მაგნიტური ველები მზის ქარის ნაწილაკებს სხვადასხვა მხარეს მიმართავენ, ისინი კი პლანეტის ზედა ატმოსფეროს ატომებთან და მოლეკულებთან იწყებენ ურთიერთქმედებას, რაც ნათებას წარმოქმნის.
ხომალდის ულტრაიისფერი სპექტრომეტრის თავდაპირველი მიზანი წყალბადისა და ჟანგბადის მასიური ჰალოს შესწავლა იყო, რომელიც პლანეტას არტყავს გარს, თუმცა მან არანაკლებ საინტერესო მოვლენის დაფიქსირებაც შეძლო. გუნდი იმედოვნებს, რომ ამ დაკვირვების საფუძველზე ისინი შეძლებენ მეტი ინფორმაციის მოპოვებას მზის აქტივობისა და მარსის ატმოსფეროს ურთიერთქმედების შესახებ.
კომენტარები