მეცნიერებმა მარსის კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინეს
ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების მიერ პროგრამა ExoMars-ის ფარგლებში მარსის ორბიტაზე გაშვებულმა ზონდმა Trace Gas Orbiter ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე მდებარე კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინა.
ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის აუცილებელი ნაერთი აპარატმა მარინერის უზარმაზარ ხეობაში დააფიქსირა, რომლის სიგრძეც 4 000 კილომეტრს, სიგანე 200 კილომეტრს, სიღრმე კი 7 კილომეტრს შეადგენს. ეს ორბიტერმა მასზე დამონტაჟებული, FREND-ად წოდებული დეტექტორის მეშვეობით შეძლო, რომელიც მარსის გრუნტში წყალბადის კონცენტრაციის გამოსაკვლევადაა შექმნილი.
როცა მძლავრი კოსმოსური რადიაცია ციური სხეულის ზედაპირზე ეცემა, იქიდან ნეიტრონები გამოიყოფა, თუმცა შედარებით "სველ" არეალში ამ ნაწილაკების რაოდენობა ნაკლებია, რაც იქ H₂O-ის არსებობაზე მიანიშნებს. სწორედ ამგვარი ადგილები შენიშნა სამეცნიერო ხელსაწყომ. სპეციალისტთა გამოთვლებით, აღნიშნულ რეგიონში მარსის ზედაპირის შემადგენელი მატერიის 40 პროცენტი წყალია.
ასტრონომებს წითელ პლანეტაზე წყლის კვალი აქამდეც აღმოუჩენიათ, მაგრამ უმეტესწილად პოლარულ რეგიონებში. ახალი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან მარსზე გაგზავნილ ასტრონავტებს H₂O ნამდვილად დასჭირდებათ, რომელსაც, როგორც ჩანს, დაბალ განედებშიც მოიპოვებენ.
მეცნიერთა განცხადებით, ზემოხსენებული რეზერვუარი გრუნტში იმ სიღრმეზეა განლაგებული, რომ მისი ათვისება არ გაგვიჭირდება. მკვლევართა ვარაუდით, წყალი იქ ყინულის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მასში სითხეც ერიოს. ისინი ამის დადგენას უახლოეს მომავალში შეეცდებიან.
კომენტარები