ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა SDSS J1148+1930-ში აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც მზეზე 36.3 მილიარდჯერ მასიურია. ასეთი გასაოცარი სიდიდის გამო ის "ზემასიურის" კატეგორიაში აღარ თავსდება, არამედ "ულტრამასიურად" იწოდება და ამ მხრივ უმაღლეს ზღვარზეა.

"ის ყველაზე მასიური შავი ხვრელების ათეულშია და, შესაძლოა, პირველ ადგილზეც იყოს. სხვა შავი ხვრელების მასის მაჩვენებლები არაპირდაპირია და უზუსტობებს შეიცავს, ამიტომ არ ვიცით, რომელი მათგანია უდიდესი", — აცხადებს ასტროფიზიკოსი ტომას კოლეტი.

გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელები 1 მილიონზე მეტ მზის მასას შეიცავს. მსგავსი ობიექტების ზრდის პროცესის მიხედვით ვარაუდობენ, რომ სამყაროს არსებობის განმავლობაში შეძენილი მაქსიმალური მასა 50 მილიონი მზისას შეიძლება უტოლდებოდეს. ამის შემოწმება მხოლოდ რეალური დაკვირვებებითაა შესაძლებელი, რის გამოც ასტრონომებმა ე.წ. კოსმოსური ნალი შეისწავლეს — ერთი გალაქტიკის მიერ გრავიტაციულად ლინზირებული მეორე გალაქტიკის გამოსახულება. ამ ფენომენს დედამიწის პერსპექტივიდან მათი ერთ ხაზზე განლაგება განაპირობებს, რადგან პირველის ძლიერი გრავიტაცია მეორე, უფრო შორეული ობიექტის სინათლეს ამრუდებს. ეს გამადიდებელი შუშის ეფექტს იძლევა.

ფოტო: NASA, ESA & L. Calçada

სწორედ ამის მეშვეობით აღმოაჩინეს ასტრონომებმა ულტრამასიური შავი ხვრელი. ის მატერიას აქტიურად არ შთანთქავს, ამიტომ მის არსებობაზე მხოლოდ გარემოზე გრავიტაციული ზემოქმედება მიანიშნებს. მის სიძლიერეზე ინფორმაციას ლინზირების ხარისხი გვაწვდის. ამით დგინდება მასაც, რადგან მიზიდულობის ძალა ამ მახასიათებელთან პირდაპირაა დაკავშირებული. მსგავსი ობიექტების მასის გამოთვლის კიდევ ერთი მეთოდი ვარსკვლავებზე დაკვირვებაა, რადგან შავ ხვრელებთან ახლოს მათი მოძრაობა განსხვავებულია

SDSS J1148+1930 იმითაა გამორჩეული, რომ ის ე.წ ნამარხი გალაქტიკაა, რომელიც ადრე გალაქტიკური შეჯგუფების ნაწილი იყო. ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ეს სისტემები და მათი ცენტრალური შავი ხვრელები ერთმანეთს შეერწყა, შედეგად კი 36 მილიარდი მზის მასის მქონე შავი ხვრელი ჩამოყალიბდა. მეცნიერებს უფრო მასიური — მაგალითად, 40 მილიარდი მზის მასის — კანდიდატებიც დაუფიქსირებიათ, მაგრამ ეს მაჩვენებელი საკმაოდ ცვალებადია და მცდარობებს შეიცავს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.