ჩინეთის სამხრეთით მდებარე გუანდუნის პროვინციაში გასული კვირების განმავლობაში ჩიკუნგუნიას ცხელებით 7 700-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ინფიცირებულთა რაოდენობის საგანგაშო მატების გამო, ადგილობრივი ხელისუფლება ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს იღებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევების უმეტესობა ფოშანსა და გუანჯოუში დაფიქსირდა. ვირუსმა ამ ქალაქებში ათასობით ადამიანი დაასნებოვნა. ასევე, 2 აგვისტოს ვირუსის პირველი შემთხვევა ჰონგ-კონგშიც დადასტურდა.

ასევე, იხილეთ: ჩიკუნგუნიას ვირუსის გავრცელება ეპიდემიის საფრთხეს მოასწავებს — ჯანმოს გაფრთხილება

გუანდუნის პროვინციის დაავადებათა კონტროლის სამსახურის მთავარ ექსპერტ კანგ მინის თქმით, პირველადი შეფასებით, ეპიდემიის სწრაფი ზრდა შეჩერებულია. ამის მიუხედავად, იგი ოფიციალურ პირებს აფრთხილებს, რომ წინ საკმაოდ რთული და სერიოზული გამოწვევებია.

ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანზე ძირითადად მდედრი ვეფხვის კოღოს (Aedes albopictus) ნაკბენით გადადის.

ფოტო: cdc.gov

მინი ამბობს, რომ ნალექი და ტაიფუნები კოღოების გამრავლებას უწყობს ხელს. ამის გამო, შესაძლოა, ვირუსი ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო გზების გავლითაც გავრცელდეს, რაც ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოგზაურო რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ქვეყნის განცხადებით, იმ რეგიონებში მოგზაურობისას, სადაც დაავადება გავრცელდა, მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი ზომა კორონავირუსის პერიოდის რეგულაციებს მოგვაგონებს. იმ დროს ქვეყანა პანდემიასთან საბრძოლველად ქალაქების მასშტაბურ ჩაკეტვას, ხანგრძლივ კარანტინებსა და სამოგზაურო შეზღუდვებს იყენებდა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ჩიკუნგუნიას ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და სიკვდილსაც იშვიათად იწვევს.

ფოტო: Science Photo Library/Canva

ამის მიუხედავად, მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩიკუნგუნიასა და COVID-19-ს შორის პარალელების გავლება გადაჭარბებულია. კოვიდისგან განსხვავებით, ჩიკუნგუნიას ჩვენთვის უკვე ცნობილი პათოგენი იწვევს. იგი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა და ფატალურადაც იშვიათად სრულდება.

ჩინეთის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაავადება "კონტროლირებადი და განკურნებადია". ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ გაუცია.

ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანს ძირითადად ორი სახეობის კოღოს საშუალებით გადაეცემა, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictus. ვირუსი სახსრებისა და თავის ძლიერ ტკივილს, ღებინებასა და შემცივნებას იწვევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.