ევროპაში ახალი ხელოვნური გულის გაყიდვა დაუშვეს
გულის გადანერგვის საჭიროების მქონე ადამიანთა უმეტესობას მოცდა, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში უწევს.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები დონორს, სახლში, გართულებების გარეშე ელოდებიან, თუმცა, ხშირია მძიმე შემთხვევები. ასეთ დროს, ადამიანები იძულებულნი არიან, დონორს საავადმყოფოში დაელოდონ.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები ხელოვნური გულის შესაქმენლად აქტიურად მუშაობენ. ცოტა ხნის წინ კი, ევროკომისიამ ახალი, სრულად ხელოვნური გული გასაყიდად დაამტკიცა. ხელოვნური გული, ფრანგულმა კომპანია, Carmat-მა შექმნა, რაც გულის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე ადამიანებს ცხოვრებას ბევრად გაუმარტივებს. მათ დონორისთვის მოცდა საავადმყოფოებში აღარ მოუწევთ.
როგორ მუშაობს ხელოვნური გული
Carmat-ის ხელოვნური გული შედგება სამი ნაწილისგან: იმპლანტირებადი პროთეზი, გარე აპარატურული სისტემა და კონტროლერი.
პროთეზი თავისთავად უკიდურესად რთული მოწყობილობაა — სარქველების, ტუმბოების, სენსორების, კაბელების და სხვა ელექტრონიკის სისტემა, ჰარმონიულად მუშაობს იმპლანტანტში სისხლის ცირკულაციისთვის.
ამასთან, მოწყობილობა უკავშირდება გარე ტექნიკურ სისტემას, რომლის წონა დაახლოებით 5 კილოგრამია და მისი ტარება ჩანთითაცაა შესაძლებელი.
სისტემაში შედის ბატარეები, რომლებიც დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ძლებს — ეს არ არის ბევრი, მაგრამ მომხმარებლებს გაცილებით მეტ მობილობის საშუალებას აძლევს, ვიდრე საავადმყოფოში გადანერგვის მოლოდინში ყოფნაა.
რაც შეეხება კონტროლერს, ის პაციენტის სამედიცინო გამოკვლევისთვისაა შექმნილი. კონტროლერი ექიმებს საშუალებას აძლევს, ხელოვნურ გულს თვალყური ადევნონ და დარწმუნდნენ, რომ ის გამართულად მუშაობს.
ამით Camrat მსოფლიოში მეორე კომპანია ხდება, რომელიც ხელოვნურ გულებს აწარმოებს. ამ მხრივ პირველი, არიზონაში დაფუძნებული კომპანია, Syncardia, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ ექსპერტების თქმით, Carmat-ის პროდუქტს რამდენიმე უპირატესობა აქვს.
მაგალითად, Carmat-ის პროდუქტი მოიცავს ბიოლოგიურ მასალებს, რამაც შეიძლება სისხლის გამათხლებლების მიღების საჭიროება შეამციროს. მთლიანობაში ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
გულის უკმარისობასთან ბრძოლა
როგორც აღვნიშნეთ, Carmat-ის ხელოვნური გული მათთვის არის, ვინც დონორს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდება, მაგრამ კვლევის პროცესში, იყო შემთხვევა, როდესაც მან პაციენტში ორი წლის განმავლობაში თავისუფლად იფუნქციონირა.
კომპანია პროდუქტის გაყიდვას 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყებს. ის პირველად საფრანგეთსა და გერმანიაში გაიყიდება. უახლოეს მომავალში კი პროდუქტი სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური გული 180 000 დოლარზე მეტი ეღირება, ამიტომ კომპანიას სახელმწიფოებთან და სადაზღვეო კომპანიებთან თანამშრომლობა მოუწევს. ამით ღირებულების დაფარვა შეიძლება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვნურ გულზე ხელმისაწვდომობა ბევრს არ ექნება.
კომენტარები