ახალი კვლევით მეცნიერებმა ხუთიათასი წლის ისტორია და 400-ზე მეტი ცივილიზაციის ჩამოშლა შეისწავლეს. დაფიქსირებული კანონზომიერების საფუძველზე ფიქრობენ, რომ, ყველაზე სავარაუდო სცენარით, ჩვენი ცივილიზაცია კოლაფსისკენ მიექანება. მკვლევრები ერთგვარ "გაკვეთილებზეც" საუბრობენ, რომლებიც ისტორიიდან შეგვიძლია ვისწავლოთ.

ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემასთან მკვლევარმა ლუკ კემპმა ისაუბრა.

"აღსასრულის დროს ვერ დავასახელებთ, თუმცა ცივილიზაციის 5 000 წელზე დაკვირვებით შეგვიძლია გავიგოთ, რა ტრაექტორია გვაქვს დღესდღეობით — კაცობრიობის მხრიდან საკუთარი თავისვე დასრულება კი ყველაზე სავარაუდო სცენარია", — განაცხადა ლუკ კემპმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ეგზისტენციალური რისკის კვლევის ცენტრიდან — "მომავლის მიმართ პესიმისტურად, თუმცა ადამიანების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

კემპმა პატარა, თუმცა ძლიერი მმართველი ჯგუფების, "ოლიგარქიის", როლს გაუსვა ხაზი. მისი აზრით, ისინი უმრავლესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ეგზისტენციალურ რისკებს უგულებელყოფენ, იქნება ეს: კლიმატის ცვლილება, ბირთვული იარაღი თუ ხელოვნური ინტელექტი.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ ტემპერატურის გლობალურმა მატებამ (რომელიც ადამიანის საქმიანობისგან არის გამოწვეული) შეიძლება გამოიწვიოს საკვების დეფიციტი, უკიდურესი სიცხე, გვალვა და სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებს დააზარალებს.

ისტორიული პერსპექტივიდან კემპი ტერმინ "გოლიათებს" იყენებს იმ სამეფოებისა თუ იმპერიების აღსაწერად, რომლებიც სხვებზე დომინირებისთვის სამხედრო ძალასა და სხვა სახიფათო ტაქტიკებს იყენებდნენ.

"ისტორიის თხრობა ყველაზე მეტად ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარს ჰგავს", — თქვა მკვლევარმა The Guardian-თან საუბრისას — "ერთი ჯგუფი მონოპოლიის დამყარებას ცდილობს რესურსებზე, ამისათვის კი ცალკეულ ტერიტორიასა და პოპულაციაზე ძალას იყენებს".

კემპის აზრით, უთანასწორობისა და მმართველთა სიხარბის ფონზე ასეთი სისტემები დროთა განმავლობაში მყიფე ხდება.

"შემდეგ, როცა ელიტები ხალხისგან და მიწიდან მეტ სიმდიდრეს გამოწურავენ, საზოგადოებას მეტად მყიფეს ხდიან, ეს კი იწვევს: შიდა კონფლიქტებს, კორუფციას, მასების გაღარიბებას, ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესებას, ზედმეტ გაფართოებას, გარემოს დეგრადაციასა და ოლიგარქიის მხრიდან არასათანადო გადაწყვეტილებებს", — თქვა კემპმა — "დაცლილი და გამოფიტული საზოგადოება ბოლოს დაავადებების, ომის ანდა კლიმატის ცვლილების შედეგად იმსხვრევა".

მკვლევრის ხედვით, დღევანდელი მსოფლიო "ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული გლობალური გოლიათია", რომელსაც კაპიტალიზმი ქმნის. მას თანამედროვე პრობლემები ახლავს თან, მათ შორის: არასტაბილური საკვები სისტემები, ბირთვული კონფლიქტის მუდმივი საფრთხე და კლიმატის მზარდი კრიზისი.

მეცნიერმა გლობალური სიტუაციის ფორმირების მხრივ ლიდერების როლსაც გაუსვა ხაზი:

"მსოფლიოში სამი ყველაზე გავლენიანი კაცი ბნელი ტრიადის განსახიერებაა: ტრამპი ნარცისიზმის კლასიკური მაგალითია, პუტინი უმოწყალო ფსიქოპათია, სი ძინფინგი კი [ჩინეთის] მმართველობაში მაკიაველიზმითა და მანიპულაციის ოსტატობით მოვიდა", — უთხრა კემპმა The Guardian-ს.

კოლაფსის რისკის შესამცირებლად, მკვლევრის აზრით, მმართველობასა და ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო.

"დღესდღეობით ხალხისთვის სილიციუმზე ინტელექტის შექმნა უფრო მარტივი წარმოსადგენია, ვიდრე დემოკრატიის მასშტაბური დამყარება ან შეიარაღების რბოლიდან თავის დაღწევა", — თქვა მან — "ეს სრული სისულელეა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია დემოკრატიის მასშტაბურად დამყარება".

კემპმა ეს მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ ჩვენი სახეობა "ბუნებრივად სოციალური და ალტრუისტულია", პარალელურად კი "ყველას დომინირების საწინააღმდეგო ინტუიცია გვაქვს". მისი აზრით, სწორედ ამისთვის ვართ შექმნილნი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.