რამ იმსხვერპლა ნაპოლეონის ჯარი რუსეთიდან უკან დახევისას?
ფოტო: Wikimedia Commons
1812 წელს ნაპოლეონმა თავისი მულტიეთნიკური არმიით, მარაგების დეფიციტისა და სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთიდან უკან დახევა დაიწყო. იმ დროს ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ ელოდათ.
რუსეთიდან გამოსვლისას 600 ათასამდე მეომრიდან ნახევარზე მეტი გამანადგურებელმა ზამთარმა, შიმშილმა და დაავადებებმა იმსხვერპლა. ახალ, ჯერ არარეცენზირებულ კვლევაში მეცნიერები იმ პათოგენებს ასახელებენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ნაპოლეონის დასუსტებული ჯარი თითქმის მთლიანად გაანადგურა.
იმ პერიოდის ექიმები უმეტესად ტიფის სიმპტომებს — ცხელებას, თავის ტკივილსა და გამონაყარს — ასახელებდნენ. სამეცნიერო საზოგადოებაშიც ამჟამად არმიის განადგურების მთავარ მიზეზად ტიფის დაავადება მიიჩნევა. ამის მიუხედავად, პარიზის სიტეს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი, რემი ბარბიერი, ამბობს, რომ ამ კვლევის ფარგლებში ტიფის გამომწვევი ბაქტერია Rickettsia prowazekii-ის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
13 ჯარისკაცის კბილებიდან ამოღებული და შესწავლილი დნმ-ის საფუძველზე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, მათ პარატიფი და განმეორებადი ცხელება ჰქონდათ. ამ დაავადებებს ბაქტერიები Salmonella enterica და Borrelia recurrentis იწვევენ. მათგან უკანასკნელი ადამიანზე ტანის ტილებით ვრცელდება.
"იმის მიუხედავად, რომ ტილისგან გადაცემული ცხელება ფატალური არ არის, ის დასუსტებულ ორგანიზმს მაინც სერიოზულ საფრთხეს უქმნის", — აცხადებენ მკვლევრები.
მათი თქმით, ამ 13 ადამიანის ნიმუშებში ტიფის კვალის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ის არმიაში გავრცელებული საერთოდ არ ყოფილა. სავსებით შესაძლებელია, რომ ნაპოლეონის ჯარი ტიფს ემსხვერპლა. ცნობისთვის, სხვა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ისტორიულად აღწერილი სიმპტომები რამდენიმე დაავადებას, მათ შორის ტიფსაც, შეესაბამება.
სამომავლოდ გაცილებით მეტი ნიმუშის ანალიზი დაგვჭირდება, რათა ნაპოლეონის არმიის განადგურების რეალური მიზეზი გავიგოთ. ბევრი ჯარისკაცი უნიფორმაში, ცხენთან ერთად იყო დამარხული. მათ საფლავებში იარაღის არარსებობა მიანიშნებს, რომ ისინი ბრძოლის ველზე არ დაღუპულან. გამოდის, რომ ასიათასობით მეომრის სიკვდილის მიზეზი არა იარაღი, არამედ რთული პირობები და დაავადებები იყო.
"კვლევის შედეგების ფონზე შეიძლება დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ამ 13 ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი ტიფი არ ყოფილა. ჩვენი ვერსიით, ისინი გადაღლილობით, სიცივითა და რამდენიმე დაავადების, მათ შორის პარატიფისა და ცხელების, თანხვედრის გამო დაიხოცნენ", — წერენ კვლევის ავტორები.
მათი ნაშრომი bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.


კომენტარები