OpenAI-მ 7 აგვისტოს უახლესი ენობრივი მოდელი, GPT-5, გამოუშვა. იგი ChatGPT-ს ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. ახალი მოდელი OpenAI-მ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე წარადგინა:

სემ ალტმანის, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, თქმით, ეს OpenAI-ს წინა მოდელებიდან დიდი ნახტომია. ამბობენ, რომ GPT-5 უფრო ჭკვიანი, სწრაფი და მეტად უშეცდომოა. ალტმანი წინა მოდელებთან შედარებით მას შემდეგნაირად აღწერს:

"GPT-3-თან საუბარი საშუალო სკოლის მოსწავლესთან ლაპარაკს ჰგავდა. შეგეძლო დაგესვა კითხვა და, ან სწორ პასუხს მიიღებდი, ან რაღაც სისულელეს. GPT-4-თან ინტერაქცია კოლეჯის სტუდენტთან საუბარს მოგაგონებდათ. GPT-5 პირველი მოდელია, რომელთან საუბარიც რეალურად დოქტორის დონის ექსპერტთან დიალოგს ჰგავს".

ChatGPT-ს ამჟამად კვირაში 700 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, თუმცა OpenAI-ს მოწინავე მოდელი რახანია არ გამოუშვია. კომპანია ფიქრობს, რომ GPT-5 მას ლიდერების სათავეში დააბრუნებს.

"კოდირებაში ეს მსოფლიოში საუკეთესო მოდელია", — აცხადებს ალტმანი — "წერის მხრივ მსოფლიოში საუკეთესო მოდელია, ჯანდაცვის მხრივ საუკეთესო მოდელია და სია გრძელდება".

OpenAI-ს ტესტირების ფარგლებში მოდელმა კოდირებას სხვა მოდელებზე უკეთ გაართვა თავი შემდეგი სტანდარტებით: SWE-Bench, SWE-Lancer და Aider Polyglot. ბრიფინგის დროს GPT-5 სასწავლო ვებსაიტის დასაგენერირებლად გამოიყენეს. მოდელმა კოდის ასეულობით მწკრივი წამებში დაწერა და ვებსაიტის ვიზუალიც წარმოადგინა. ვებსაიტი ზედაპირული შემოწმებით ფუნქციური იყო.

რა იცვლება ჩატბოტში?

ჩატბოტში GPT-5 მხოლოდ ერთი მოდელის სახით არის წარმოდგენილი. რეგულარული ვერსიის მიღმა სააზროვნო კითხვებზე გათვლილი მოდელი ცალკე არ გვხვდება. GPT-5 ჩვენგან მალულად ერთგვარ როუტერს იყენებს, რომელიც კომპლექსური კითხვების დასმისას ავტომატურად რთავს აზროვნებისათვის განკუთვნილ ვერსიას; ამისათვის შეგვიძლია, მას თავადაც მივუთითოთ სიტყვიერად, რომ კარგად დაფიქრდეს.

GPT-5 ჩატბოტის ყველა მომხმარებელთან ხდება ხელმისაწვდომი. საგულისხმოა, რომ უფასო ვერსიის მომხმარებლებისთვის გარკვეული ლიმიტი იქნება დაწესებული. მისი ამოწურვის შემდეგ ChatGPT ავტომატურად გადაერთვება მოდელის ნაკლებად მძლავრ, "მინი", ვერსიაზე. კომპანიის API-დან მოდელი სამი ფორმით არის ხელმისაწვდომი: GPT-5, GPT-5 mini და GPT-5 nano. განსხვავებულია მათი ფასებიც.

ChatGPT-ს რამდენიმე რეჟიმი ემატება, რომლებიც ჩვენი სურვილისამებრ გაგვცემს პასუხებს როგორც "ცინიკოსი", "რობოტი", "მსმენელი" ანდა "ნერდი". შეგვეძლება ისიც, რომ ცალკეული ჩატების ფერები შევცვალოთ.

რამდენად უსაფრთხო იქნება GPT-5?

OpenAI უსაფრთხოების რისკების შესაფასებლად მოდელს ხუთიათას საათზე მეტხანს ტესტავდა. მათი მთავარი მიზანი ის იყო, რომ მოდელს მომხმარებლები არ მოეტყუებინა. აღმოჩნდა, რომ GPT-5-ს "ჰალუცინაციები" იმაზე ნაკლებად აქვს, ვიდრე სააზროვნო o3 მოდელს. მეორე მხრივ, მოდელმა მაინც შეიძლება, არაზუსტი ინფორმაცია თავდაჯერებულად გაგვიზიაროს.

პრობლემა რთულდება, როცა მოდელი აგენტის მსგავსად იწყებს დავალებების შესრულებას. ამის მიუხედავად, OpenAI აცხადებს, რომ GPT-5-ს ბევრი ნაბიჯისგან შემდგარი მოქმედებების შესრულება უკეთ შეუძლია. მაგალითისთვის, წარსულში მოდელი ზოგჯერ ამბობდა, რომ საქმე გააკეთა, თუმცა რეალურად ასე არ აღმოჩენილა.

GPT-5 წინა უსაფრთხო პასუხებს გაგვცემს ისეთ კითხვებზე, რომლებზეც წინა მოდელები, სავარაუდოდ, არ გვიპასუხებდა. მაგალითისთვის, თუ ვინმე იკითხავს, რა ენერგიაა საჭირო კონკრეტული მასალის აალებისთვის, ჩატბოტს ერთგვარი მორალური დილემა ექმნება — ეს შეიძლება სტუდენტის კითხვა იყოს მასალის უკეთ გასააზრებლად ანდა ადამიანის, რომელსაც რამის გადაწვა უნდა. მსგავს შემთხვევებში GPT-5 რაც შეიძლება სასარგებლო პასუხის გაცემას შეეცდება, თუმცა უსაფრთხოების დაცვით. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვიპასუხებს — ზოგადი ინფორმაციით, რომლითაც ვერაფერს დავაზიანებთ.

OpenAI-ს განცხადებით, GPT-5-ს ასევე უკეთესად შეუძლია იმის აღიარება, როცა დავალებას ვერ ასრულებს ანდა შეკითხვას ზუსტად ვერ სცემს პასუხს. კომპანია იმედოვნებს, რომ მომხმარებლებში ეს ჩატბოტისადმი ნდობას გაზრდის.

OpenAI-ს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა მონაცემებით გაწვრთნეს ახალი მოდელი. კომპანიის მისია ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) შექმნაა, ალტმანის აზრით კი, GPT-5 ამ მიზანთან კიდევ უფრო გვაახლოებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.